ზემო აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი, ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების 310 ლარიან ვაუჩერს, ერთჯერადი დახმარების სახით მიიღებენ.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 16 აგვისტოს №25 დადგენილება). 

დადგენილებით განისაზღვრა, ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსდებიან.

გასათვალისწინებელია რომ:

ა.ა) ოჯახის ოთხ წლამდე ერთ ბავშვს - ერთი ვაუჩერი;

ა.ბ) ოჯახს რომელსაც ჰყავს ტყუპები - თითოეულს ერთი ვაუჩერი;

ა.გ) ოჯახს რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.დ) ოჯახს რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ე) ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ვ) ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ომის ვეტერანია - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ზ) ოჯახს სადაც მშობელს აქვს მარტოხელა მშობელის სტატუსი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.თ) ოჯახს სადაც ბავშვი და/ან მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ათენის მერიისა და მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, 50-მდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა და ქალაქ ათენში არსებულ საერთაშორისო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში - შემეცნებით, სახალისო და სპორტულ აქტივობებში ჩაერთვება.

პროექტის მონაწილე ახალაგზრდები ბანაკში გამგზავრებამდე ათენის მერმა ჰარის დუკასმა ათენის მერიაში მიიღო და ვახშმით გაუმასპინძლდა.

შეხვედრებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რეპუბლიკაში ლევან ბერიძე, ათენის მერიის გენერალური მდივანი ვასილიოს ბოკოსი და საელჩოს მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ათენის მერს ჰარის დუკასს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

„წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2024 წლის III ეტაპის განხორციელებას იწყებს.

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ:

ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები;

ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების (ბაკალავრები,მაგისტრანტები) სტუდენტები;

ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების რეზიდენტები.

მოქალაქეთა განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით:

ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში

(მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ სატელეფონო ნომერზე:

+995 577 09 22 39

იხ. განცხადების ბლანკი: https://shorturl.at/M5y5d

იხ. სასწავლო გრანტის განაცხადის ანკეტა: https://shorturl.at/cqSZs

იხ. ვცლად: https://shorturl.at/hhpCy

 

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„14 აგვისტო აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ათვლის წერტილია. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის.

მუდამ გვემახსოვრება ქვეყნის ერთიანობისა და ღირსების დაცვისთვის ბრძოლაში დაღუპული ჩვენი ვაჟკაცი გმირები. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე, თანავუგრძნობთ ოჯახებს და ამავდროულად პატივისცემას ვუდასტურებთ სიმამაცით შთაგონებული გმირების აღზრდისთვის.

32 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან. ვფიქრობ, საკმარისი პერიოდია იმის გასაცნობიერებლად, რომ შექმნილი მდგომარეობა და განგრძობადი ოკუპაცია არ შედის არც ქართული და არც აფხაზური საზოგადოებების ინტერესებში.

დიალოგის გზით უნდა მოვძებნოთ პრაგმატული გამოსავალი, ვიმსჯელოთ გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანებაზე, საერთო მომავალსა და ინიციატივებზე, რომლებიც მოსახლეობის უფლებების დაცვაზე, კეთილდღეობასა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე იქნება ორიენტირებული.

მჯერა, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის დეოკუპაციას და ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე  აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

დავით ფაცაციამ ყოვლადუწმინდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკების განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ყოვლადუწმინდესმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა, დალოცა, წარმატებები, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები უსურვა და უთხრა, რომ უნდა ეამაყებოდეთ ქართველობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ყოვლადუწმინდესთან, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-თან შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკების განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობნენ ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დორექტორი სალომე დოლიძე, მსოფლიო საპატრიაქო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, მამა მირიანი და სამინისტროს წარმომადგენლები.

მონაწილეებმა საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრეს, განიხილეს სამომავალო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

ყოვლადუწმინდესმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ავტორიტეტსა და მრავალწლიან ღვაწლზე მართლმადიდებლურ სამყაროში და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკების თურქეთის რესპუბლიკაში მოწყობას დაპირდა.

მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის ორგანიზებით, 100-მდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა, ათენსა და როდოსზე არსებულ საერთაშორისო ბანაკებში ორი კვირის განმავლობაში - ინტელექტუალურ, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.

„უდიდესი პატივია მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-თან შეხვედრა, მადლობას ვუხდი მასპინძლობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და იმ გულმოდგინე ძალისხმევისთვის, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო უკვე რამდენიმე წელია იჩენს ჩვენი დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკების განხორციელების საქმეში.

დასაფასებელია ყოვლადუწმინდესის უშუალობა და უბრალოება, მინდა ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა ვუსურვო.“ - დავით ფაცაცია

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის რიგით მეორე საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის მიმართულების კოორდინატორ მაია კოდუასთან ერთად საზაფხულო ბანაკი „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ გახსნა.

ბანაკში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს, პროექტის პარტნიორი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მოწვეული ტრენერების მონაწილეობით ისტორიის, ეთნო-კულტურის, კულტურული ფასეულობების, ეკოლოგიის, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებებით ტრენინგ-სემინარები ჩაუტარდებათ. მონაწილეები ასევე აქტიურად ჩაერთვებიან ინტელექტუალურ თამაშებსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში.

მოსწავლეები აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მხარდაჭერით შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკსა და მუსიკოსთა პარკს დაათვალიერებენ, მოინახულებენ დელფინარიუმსა და პეტრას ციხეს.

მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია მოზარდებში კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მიმართულებით განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, პიროვნული უნარ-ჩვევების წარმოჩენა და განვითარება.

 

აფხაზეთის მთავრობამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. 16 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს. ქედს ვიხრით და პატივს მივაგებთ ჩვენი დაღუპული გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, რადგან მათი წვლილი განუზომლად მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მისი დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში.

ჩვენ დღესაც გვიწევს რუსეთის ინტერვენციისა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკლავება. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ქვეყნის ხელისუფლებამ კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი კურსი აირჩია, რადგან ეს არის ქვეყნის დეოკუპაციის უალტერნატივო გზა ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისკენ.

ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული ტიპის საქართველოს ვაშენებთ იმისათვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახელმწიფო ქართველი, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, სადაც დაცული იქნება ყველა მოქალაქისა და ეთნიკური ჯგუფის როგორც იდენტობა, ისე უფლებები.

დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით შევძლებთ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენასა და მათ გაერთიანებას საერთო ინტერესების გარშემო“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

ქობულეთში საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი დაიხურა

ქობულეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით მიმდინარე საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი დაიხურა.

ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა მიმართეს.

ბანაკის მონაწილეებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

ახალგაზრდებთან შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური პროგრამის მენეჯერი ანი კუდუხაშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ბანაკის მონაწილეები საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით დადგმულ სპექტაკლს „ისტორიის გაკვეთილი“ დაესწრნენ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული „საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკების“ მიზანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში განათლების დონის ამაღლება და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა.

აღნიშნული პროექტი აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად ხორციელდება.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო პირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 4 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 16 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (7 სამხედრო და 9 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში  გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 6 დევნილი პირის ოჯახის წევრებს მატერიალური დახმარება გაეწევათ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 16 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (7 სამხედრო და 9 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

იდენტიფიცირებული 4 მებრძოლის ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაციას დაესწრნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ერთიანი საინფორმაციო პორტალის უმთავრესი დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მათთვის მოქმედ, საინტერესო პროგრამებსა და სერვისებში ჩართვისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღების გამარტივებაში.

სახელმწიფო მინისტრთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ მიმართა. ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პორტალი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან მჭიდრო უწყებათაშორისი თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა. მისი სრულფასოვანი ამოქმედება ქართულ, ინგლისურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე სექტემბრიდან იგეგმება.

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვისა და დაფინანსებისთვის რეგისტრაცია იწყება

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების, აგრეთვე სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 4 მარტის №43/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.

პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ის პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების №147 შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/pHi4daCYThQHVJdP9

რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 5 სექტემბრის ღამის 00:00 საათის ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: +995 599 85 54 94; +995 599 09 22 39.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწყება

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის’’ დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის №77/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.

რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების №147 შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/19455SE5bz9FcGh7A

რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 4 სექტემბრის ღამის 00:00 საათის ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: +995 599 85 54 94; +995 599 09 22 39.

საერთაშორისო დიასპორული პროექტის - „საზღვრებს მიღმა“ მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო დიასპორული პროექტის - „საზღვრებს მიღმა“ მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მიმართეს.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდების, ბელგიის, საბერძნეთის, ირლანდიისა და აზერბაიჯანის (საინგილოს) ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა.

ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეები და ორგანიზატორი - ნიდერლანდებში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკა სვანიძე-ვენკო დაჯილდოვდა.

​ღონისძიებაზე ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის - „დაბრუნება“, თეატრალური სტუდია „ArtPlaza"-ს და რეჟისორ თამარ ხიზანიშვილის ერთობლივი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის - HELLADOS-ის მიხედვით.

რუსლან აბაშიძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რაზვან როტუნდუს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ რუმინეთის ელჩს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად არსებული ვითარება გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.

რუმინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.