ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ხელმძღვანელ პირებს აფხაზეთის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა და იმერეთის მხარეში მცხოვრები დროებით იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრა.
 
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და გეგმებზე, რომლებიც დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
 
ლევან მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვისა და თანადგომისათვის.
 
"დღეს ჩვენ ვესტუმრეთ იმერეთის რეგიონს. ეს იყო აფხაზეთის მთავრობის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. იმერეთს ძალიან დიდი დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები აქვს. შესაბამისად, ჩვენი კომუნიკაცია ადგილზე ძალიან მნიშვნელოვანია დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარების კუთხით“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა და ჟიული შარტავას შვილიშვილმა ზუგდიდში საქართველოს ეროვნულ გმირ ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნეს.

ბიუსტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სამშობლოს წინაშე ჟიული შარტავას ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ. ბიუსტის გახსნაზე, ასევე, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

„ბატონი ჟიული შარტავა ყველასთვის ცნობილი პიროვნებაა. ადამიანი, რომელმაც, ვიტყოდი, რომ გარდაცვალების შემდეგაც შექმნა ახალი ეპოქა და ამის დასტურია ქალბატონი ლიკას, მისი შვილიშვილის ჩვენს გუნდში ყოფნა, გაწევრიანება ჩვენს დიდ პოლიტიკურ ოჯახში. იმედი მაქვს, ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ბატონი ჟიულის სახელის უკვდავსაყოფად" - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ჟიული შარტავას ბიუსტი "ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების" ინიციატივით შეიქმნა.

ლევან მგალობლიშვილი სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "აზდაკის ბაღის" - ინტეგრირებული თეატრის სეზონის გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკისთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "აზდაკის ბაღის“ - ინტეგრირებული თეატრის სეზონის გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ აფხაზეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ინტეგრირებული თეატრის ახალი სეზონი წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლით "Hellados", რომელიც სოხუმში განვითარებულ მოვლენებზეა და ასახავს ორი მეგობრისა და სამშობლოს სიყვარულის ისტორიას.

ინტეგრირებული თეატრის მიზანია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თეატრით, გამოსცადონ თავიანთი ძალები სამსახიობო ხელოვნებაში.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ლევან მგალობლიშვილმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.


სოხუმის დაცემის დღეს, ტრაგიკულად დაღუპული ჟიული შარტავას საფლავზე მამა ლევან ჯანაშიამ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც ჟიული შარტავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.


1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, 30-მდე ქართველთან ერთად, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.

ლევან მგალობლიშვილმა ეროვნული გმირებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარის ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, სოხუმის დაცემის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიასა და გენო ადამიას საფლავები ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

დღესვე ლევან მგალობლიშვილმა პატივი მიაგო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესა და დევნილობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილს.

დავით ფაცაცია სიონის საკათედრო ტაძარში ჯვართაამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო

სიონის საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კათალიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

,,მინდა ყველას მოვულოცო დღევანდელი დღე, ჯვარი უპირველესი ძალაა, რომელიც ხილული და უხილავი მტრისგან გვიცავს და ღრმად მწამს, რომ ძალიან მალე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოხუმიდან დალოცავს გაერთიანებულ საქართველოს და ეს მხოლოდ უფლის ნებით, ჩვენი სიყვარულით და ერთიანობით მოხდება." - დავით ფაცაცია

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ლევან მგალობლიშვილი  დაღუპულ გმირთა მემორიალთან შვილებთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოყვეს სახალხო დიპლომატია.

"მე დღეს მოვედი ჩემს შვილებთან და შვილიშვილთან ერთად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისინი ნახავენ სოხუმს, ნახავენ აფხაზეთს და ისეთივე ღირსებით და სულისკვეთებით გააგრძელებენ მოღვაწეობას, როგორი ღირსებითაც არის აი, ამ კედელზე, მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრული მათი დიდი ბაბუის ბიძინა მგალობლიშვილის სახელი. ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოყვეს სახალხო დიპლომატია, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი ტრადიციების, ერთი ადათ-წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის,  რომ ქართველმა  და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება. "ქართული ოცნება" კი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ერთი სახელი და გვარიც კი არ მიემატოს ამ კედელს", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის მთვრობის თავმჯდომარემ, ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები.


აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

როგორც მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან პატრიარქს საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი გადასცა.

"მქონდა ბედნიერება დღეს შევხვედროდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს. 

დასალოცად ვეწვიე მის უწმინდესობას, გავაცანი ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები და ამასთან საჩუქრად გადავეცი საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი. 

მისმა უწმინდესობამ დამლოცა და წარმატებები მისურვა", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოდგილედ ლაშა დოლბაძე დაინიშნა
ლაშა დოლბაძეს სხვადასხვა საპასუხისმგებლო და ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
 
2024 წლის იანვრიდან აგვისტომდე იკავებდა შპს „აბგრეიდ ქონსთრაქშენ“
ფინანსური დირექტორის პოზიციას;
 
2024 წლის თებერვლიდან აგვისტომდე, შპს „მონოლით საქართველო“
დამფუძნებელი, დირექტორი;
 
2018 წლის ივნისიდან 2024 წლის აგვისტომდე იყო შპს „ენსი გრუპ“
ფინანსური დირექტორი;
 
2017 - 2018 წწ - შპს „გლობალ აუდიტი“
პარტნიორი, მთ. აუდიტორი;
 
2014 - 2017 წწ -შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი“
ფინანსური დირექტორი;
 
2012- 2014 წწ- შპს „ვესტ-ინვესტ“ გენერალური დირექტორი;
 
2010 - 2012 წწ- შპს „ვესტ-ინვესტ“ ფინანსური დირექტორი;
 
2008 - 2010 წწ- აუდიტორი კომპანია შპს „კოლხი 2005“ მთავარი აუდიტორი;
 
2005- 2008 წწ -საქართველოს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ვაკე- საბურთალოს განყოფილება
ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
 
1997-2005 წწ -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექცია
აკრეფის განყოფილების უფროსი;
 
1995 - 1997 წწ -სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო
ფონდი უფროსი სპეციალისტი;
 
1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი -სპეციალიზაცია წარმოების ეკონომიკა და მართვა;
 
2000 წელს კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული „ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი“
ასპირანტურა - მიკროეკონომიკა ;
 
2014 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი სამართალმცოდნეობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სამეგრელოს რეგიონში შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანდაცვისა და განათლებისა და კულტურის მინისტრებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში შეხვედრები გამართა. მთავრობის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას, რეგიონის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრას არ დასწრებია წალენჯიხის მერი და არც მერიის წარმომადგენლები. როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, წალენჯიხაში დევნილთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მთავრობის მხრიდან მათ ყველა პრობლემაზე ისეთივე სწრაფი და ეფექტური რეაგირება განხორციელდება, როგორც სხვა რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის.

ლევან მგალობლიშვილმა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს დევნილთა მიმართულებით არსებული საჭიროებების შესწავლის მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაცია და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება დაავალა.

მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უმეტესობა სამეგრელოს რეგიონში ცხოვრობს, შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა  დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას ადგილზე მათთან პირადი კომუნიკაციის გზით  გეგმავს.

აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართეს

აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ბათუმში გამართეს.

ლევან მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ ერთმანეთს კოლეგა მინისტრები წარუდგინეს და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაში გაიმართა, ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის მხრიდან - ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, კულტურის და განათლების მინისტრი დავით მორგოშია, იუსტიციის მინისტრი - გიორგი ძიგუა, აჭარის მთავრობის მხრიდან კი - ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და განათლების მინისტრი - მაია ხაჯიშვილი.

ლევან მგალობლიშვილმა თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მცხოვრები დევნილი საზოგადოების მიმართ მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში სოხუმში გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ახალ უფროსად ნოდარ ჯალაღონია დაინიშნა

ნოდარ ჯალაღონია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა. ახალი უფროსი აფხაზეთის მთავრობის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.

ნოდარ ჯალაღონია წლების განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.

მან ამ თანამდებობაზე ოთარ გარმელია შეცვალა.

აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების გამოფენა გაიმართა

მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ დაათვალიერა.

გამოფენა აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით სავაჭრო და გასართობ ცენტრ ,,ისთ ფოინთში’’ ჩატარდა.

გამოფენაზე მეწარმეებმა მათ მიერ წარმოებული ხელნაკეთი და სასურსათო პროდუქცია (სამკაულები, დეკორაციული ნივთები, აქსესუარები, ხის ნამუშევრები, ნაქსოვი და შეკერილი ტექსტილის პროდუქცია, ეპოქსიდი და კერამიკული ნაწარმი, თაფლი, ჩურჩხელა, ტკბილეული , აჯიკა , ტრადიციული სანელებლები და სხვა) წარადგინეს.

დევნილი მეწარმეები, სამინისტროსა და პალატის მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა თემატურ გამოფენებში.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღე სამინისტროს თანამშრომლების გაცნობით დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია სამინისტროს სამსახურებისა და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სამინისტროს სამსახურის უფროსებმა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით არსებულ პრიორიტეტებზე, მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც ახლადდანიშნულმა მინისტრმა ეფექტური გუნდური მუშაობის იმედი გამოთქვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა 18 სექტემბერს გამოუცხადეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა.

ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახლად დანიშნული თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ღონისძიება აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.