აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად ხვდება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს, რომლის მიზანია მათი და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა.

აღნიშნული მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად, ამჯერად, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტები გააცნო.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.

შეხვედრას სამგორის რაიონის გამგეობისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისთვის“ იწყება

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ახორციელებს პროექტს „სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისთვის“.

პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული/სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის 30 სტუდენტისთვის სისხლის სამართლის პროცესის  პრაქტიკულ სწავლებას.

პროექტის მონაწილეებს სამი თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ ტრენინგები  კრიმინალისტიკის, კრიმინოლოგიის, ოპერატიული სამძებრო საქმიანობის და სისხლის სამართლის სხვა დისციპლინებში. სტუდენტები, ასევე, დაესწრებიან სისხლის სამართლის საქმის განხილვებს ყველა ინსტანციის სასამართლოში.

აღნიშნული კურსის ბოლოს ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

„დიალოგი მშვიდობისათვის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია კონფერენციის „დიალოგი მშვიდობისათვის“ ფარგლებში აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა, სადაც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრები, რომლებშიც საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით იმართება.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი იმავდროულად აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარეა.

ქ. სენაკში აფხაზეთის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფინალური თამაში გეზრბენში გაიმართა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში, ქ. სენაკში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაში გეზრბენში (ვაჟები, გოგონები) გაიმართა.

შეჯიბრში აფხაზეთის №1, №3, №7, №11 და №14 საჯარო სკოლების გუნდები (ვაჟები, გოგონები) მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი ვოვა ვეკუას სახ. აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის გუნდებმა (ვაჟები, გოგონები) დაიკავეს, მეორე ადგილზე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილი თემურ ბოკუჩავას სახ. აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის გუნდებს ერგო.

აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის გუნდები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალურ შეჯიბრზე აფხაზეთის სახელით იასპარეზებენ.

„სივრცის დაგეგმარება - საქართველო 2023“ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით თბილისში კონფერენცია „სივრცის დაგეგმარება - საქართველო 2023“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც საქართველოს ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადების და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური ასპექტები, რათა ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მდგრადი და სწორი ხედვა, რომელიც არათუ შეაფერხებს, არამედ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისა და ადგილობრივ სპეციალისტების მონაწილეობით მიმდინარე წლის ბოლომდე შეიქმნება დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ასპექტები, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ფენის, უწყების და დარგის ინტერესები.

კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

რუსლან აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და კულტურის, ეკონომიკური საქმიანობის, სოციალური უზრუნველყოფის, სპორტის და ახალგაზრდობის მხარდასაჭერად განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაციების მიწოდების მიზნით, აქტიურად იმართებოდა შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საანგარიშო პერიოდში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებამ ხელი შეუწყო სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას როგორც დევნილი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის.

მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატების წინაშე აფხაზეთის მთავრობის სამომავლო სამოქმედო გეგმასა და ინიციატივებზე ისაუბრა. პრეზენტაციის ბოლოს რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს შეკითხვებს უპასუხა. უმაღლესმა საბჭომ მთავრობის ანგარიში დადებითად შეაფასა. აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ წლიურ ანგარიშს აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ნანა გაბელიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
მემორანდუმს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.
 
აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმება და განხორციელდება.
 
თითოეული აქტივობის მიზანი იქნება ახალგაზრდების გაძლიერება, მათი კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებში სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების, ასევე სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობით.
რუსლან აბაშიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აკირა იმამურას შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ იაპონიის ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ უცხოელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ოტარო ივატარე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ სააღდგომო ნობათები დაარიგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ჩართულობით აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები, სამახსოვრო საჩუქრები და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და სამინისტროს თანამშრომლები, აფხაზეთიდან დევნილ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახებს ესტუმრნენ, სააღდგომო ნობათები, სამახსოვრო საჩუქრები და კომპიუტერული ტექნიკა პირადად გადასცეს.

სააღდგომო ნობათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად რიგდება და სხვადასხვა სახეობის სასურსათო პროდუქტი გადაეცემა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღების გამოჩენა აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ და ბედნიერი ვარ, რომ მცირედით შევძელით მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა.

თითოეული მათგანი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენს სახლ-კარში დაბრუნებასა და ყოველი ახალი დღესასწაულის ერთიან საქართველოში აღნიშვნას!“ - დავით ფაცაცია

 

რუსლან აბაშიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან  ერთად აღავლინა.

წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.

„ქრისტე აღდგა!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

დღევანდელი დღის მადლი მავსებს რწმენითა და იმედით, რომ სულიერი ამაღლების გზით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ საყოველთაო შერიგების, შენებისა და განვითარებისკენ. დარწმუნებული ვარ, საქართველო გადალახავს ყველა სიძნელეს, აფხაზეთის საზოგადოება ეთნიკურ-რელიგიური იდენტობის პატივისცემით შეძლებს საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებას და ჩვენ მშვიდობიანად გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას. სიკეთე და წარმატება მოეტანოს ამ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ ბავშვთა თავშესაფარს სააღდგომო ნობათი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ტრადიციულად, ოჯახთან ერთად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვთა თავშესაფარს „კიდევაც დაიზრდებიან“ ესტუმრა, ბავშვებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაში აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე მონაწილეობდა.

დღესვე, აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ლომისის წმინდა გიორგის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადაეცა.

რუსლან აბაშიძე ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომლებმაც სახელმწიფო ენის დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქართული ენის სწავლებასა და კვლევაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის სამი ღვაწლმოსილი მეცნიერი – მზექალა შანიძე, დამანა მელიქიშვილი და ჟუჟუნა ფეიქრიშვილი დააჯილდოვეს.

ღონისძიების ფარგლებში, დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადაეცათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც 2022-2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.  სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ასევე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებსაც ქართული ენის სწავლასა და პოპულარიზაციაში  განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

ღონისძიებაზე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მესამე ბიულეტენის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გამოცემებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებმა კალიგრაფიის მასტერკლასი და დედაენის თემატიკაზე შესრულებული ხელნაკეთი წიგნები  წარმოადგინეს.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ თბილისში, ვაზიანსა და რუსთავში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახები (მრავალშვილიანი და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახები) მოინახულა, აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა. ღონისძიების ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ასევე საჩუქრად სათამაშოები გადაეცათ.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა სახეობის სასურსათო პროდუქტი გადაეცემა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს.

„წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის I ეტაპის გამარჯვებულები გამოვლენილია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის I ეტაპის გამარჯვებულები გამოვლენილია.

შემოსული განცხადებების განხილვის საფუძველზე, ყველაზე მაღალი მოსწრების მქონე 106 წარმატებული სტუდენტი დაფინანსდა.

„წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის II ეტაპისთვის განცხადებების მიღება მაისში გამოცხადდება.

აფხაზეთის სკოლების მოსწავლეები სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის რეგიონულ თამაშებში მონაწილეობენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წლებია, რაც ქვეპროგრამას „აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ ახორციელებს.

ამ ქვეპროგრამის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლის მოსწავლეები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში წელსაც მონაწილეობენ.

10 აპრილს, აფხაზეთის №10 და №7 საჯარო სკოლების გუნდებს შორის ფრენბურთში (ვაჟები) ფინალური თამაში ჩატარდა. გაიმარჯვა აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის გუნდმა, რომლის წევრებსაც სპორტული ფორმები და სიგელები გადაეცა.

აფხაზეთის სახელით, ფრენბურთში (გოგონები) აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი იასპარეზებს. საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მოთხოვნათა შესაბამისად, რეგიონული თამაშები იმართება მძლეოსნურ გეზრბენში (კროსი), მინი ფეხბურთში, 3X3 კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში.