აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ტაძრის მშენებლობა დაიწყო

„აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით, დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საფუძველი ჩაეყარა მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ტაძრის მშენებლობას. ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ესწრებოდნენ.

ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთსა და შიდა ქართლში 1990-იან წლებში განვითარებულ საომარ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად შენდება და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ანალოგის არმქონე ერთადერთ საკულტო ნაგებობას.

ტაძარში აღევლინება ლოცვები დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლის სულის მოსახსენებლად, შერიგებისა და საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად. ტაძრის მშენებლობა ფონდ „კანანელის“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით ხორციელდება. რუსლან აბაშიძემ და ღონისძიების სტუმრებმა წმინდა ადგილებიდან მოტანილ ქვებზე წარწერები გააკეთეს, რომელიც ტაძრის საძირკველში განთავსდა.

დღესვე, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარმა, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.

„აფხაზეთის დღე - 2023“ - ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, „აფხაზეთის დღე“ საინტერესოდ და მრავალფეროვნად  

ვ. არქანიას არტ-გალერეაში ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ (მესამე ნაწილი) მოეწყო. ფოტოგამოფენა „ადამიანები - აფხაზეთიდან, ადამიანები - აფხაზეთში“, თავის დროზე აფხაზეთში მცხოვრები ან უბრალოდ იქ დაბადებული ცნობილი ადამიანების ფოტოებს აერთიანებს.  

ფოტოგამოფენის გმირებთან და სხვა სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის თეატრის დარბაზში შედგა მუსიკალური საღამო, რომელსაც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია უძღვებოდა. დამსწრეთ ასევე მიმართეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა.    

იამვე საღამოზე სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღას“ მისი დამაარსებლის, საქართველოს და აფხაზეთის სახალხო არტისტის, გიორგი რატიანის სახელი მიენიჭა.  

კონცერტში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ და გოგონათა ფოლკლორული ანსმბლი „გუმბათი“.   

გამოფენას და მოსიკალურ საღამოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.   

სოხუმის დრამატულ თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა.

ღონისძიების ფარგლებში, სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით ასევე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ წარსდგა.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, არტ-გალერეაში გამოფენა სახელწოდებით „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში გადაღებული, იქ დაბადებული და მცხოვრები ცნობილი ადამიანების დღემდე უცნობი და უნიკალური ფოტომასალა.

ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღას“ მისი დამაარსებლის, საქართველოს და აფხაზეთის სახალხო არტისტის, გიორგი რატიანის სახელი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გააცნო.

ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ სკოლის დირექტორს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა აფხაზური ენის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და შენარჩუნების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და აფხაზეთის მთავრობის სიგელები გადასცა.

ფერიის საჯარო სკოლაში 500 ბავშვი იღებს განათლებას, სადაც 70% ეთნიკურად აფხაზია. 2015 წლიდან აღნიშნულ სკოლაში აფხაზური ენა არჩევით საგნად ისწავლება.

ზუგდიდსა და ჩხოროწყუში აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ბენეფიციარებს 10-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
“პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის, შესაბამისად მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება და მიმდინარე წელს სხვა რეგიონებშიც ჩატარდება", - განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.
სამინისტროს ორგანიზებით, ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა მიიღეს.
მომსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა 400-მდე პირმა მიიღო.
ღონისძიებების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რუსლან აბაშიძემ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგო

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას. რუსლან აბაშიძემ ოჯახის წევრებს აფხაზეთის მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა აღუთქვა.

„დღეს შვიდი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მინდა მივუსამძიმრო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ეს ტრაგედია ნათლად წარმოაჩენს ოკუპაციის არაჰუმანურ და დამნაშავეობრივ სახეს.

ქვეყნის ხელისუფლება კვლავაც არ დაიშურებს ძალისხმევას ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირების კანონის სრული სიმკაცრით დასასჯელად. მომავალშიც გამოიყენებს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მათ შორის სამართლებრივ ინსტრუმენტებს და საერთაშორისო ფორმატებს, სამართლის აღსასრულებლად.

საქართველო არასოდეს შეეგუება იმ ისტორიულ უსამართლობას, რასაც ქვეყნის ოკუპაცია ჰქვია და სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

ანზორ მარგიანმა აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 100 წლის იუბილე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, არტემ კოპალიანს ესტუმრა, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა.

მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილ, ხანდაზმულ ვეტერანს იუბილე მიულოცეს, ჯანმრთელობა უსურვეს და კომპანია ,,კარფურის’’ მხარდაჭერით საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებაში აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრი ზურაბ შამუგია მონაწილეობდა.

რუსლან აბაშიძე ჯვარში პროფესიული კოლეჯის დევნილ კურსდამთავრებულებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ჯვარში, პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ კურსდამთავრებულებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ სასწავლებლის შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ასევე სტუდენტების სასწავლო და პრაქტიკულ სამუშაო გარემოს გაეცნო.

კოლეჯის ბაზაზე, ამ ეტაპზე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან პროფესიული განათლება ექვსმა ახალგაზრდამ მიიღო. მათ „შიდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალისტის“ პროფესიულ პროგრამაზე ოთხთვიანი სასწავლო კურსი გაიარეს. პროგრამა გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის, პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

დღესვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, რუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერში მოქმედი, ახლადაშენებული სახელოსნო მოინახულა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" თანამშრომლობით ხორციელდება. სახელოსნოში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები „ხის მხატვრული დამუშავების“ პროფესიულ პროგრამას ეუფლებიან.

კოლეჯი „ლაკადა“ სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით უზრუნველყოფს სტუდენტთა პროფესიული განათლების მაღალი დონის მიღწევას რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებასა და დასაქმებაზე.

ღონისძიებაზე რუსლან აბაშიძემ აღნიშნა, რომ ხარისხიანი პროფესიული განათლება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. მთავრობის თავმჯდომარემ კოლეჯის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების დახმარებისთვის და კოლეჯის სამომავლო განვითარების საქმეში მხარდაჭერას დაჰპირდა.

შეხვედრებში კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეანა ქუხილავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ფონდ „აფხაზეთის“ წარმომადგენელი დაჩი ახვლედიანი და კოლეჯის ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ეკა ხოფერია აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელების ბოლო ზარს დაესწრო

17 მაისს ზუგდიდის რ-ნი სოფ. ზედა ეწერში, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

მოსწავლეებმა ამ ამაღელვებელ დღეს კონცერტი და სამახსოვრო ავტოგრაფსესია მიუძღვნეს.

მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორმა დარეჯან ჯონჯუამ.

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში მინიტრ ეკა ხოფერიას მოუსმინეს

15 მაისს, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას მოუსმინეს.

სხდომას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, თეატრების, კაპელას, ანსამბლების საქმიანობას; აფხაზეთის სახელით მოასპარეზე  სპორტული გუნდების და კლუბების დაფინანსებას; სსიპ-ების მუშაობას, მათი შემოსავლების გაზრდის მიზნით ღონისძიებების ჩატარებას და სხვ.

დებატებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები. ჯემალ გამახარიამ დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მინისტრის მოსმენა  და აღნიშნა, რომ  კულტურა მათთვის პრიორიტეტებს შორის პრიორიტეტია.

 

რუსლან აბაშიძე დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებით საღამოს დაესწრო

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილი რეჟისორის, მხატვრის, სცენოგრაფისა და პედაგოგის, დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

საღამოზე ნაჩვენები იყო ეპიზოდები რეჟისორის ბოლოდროინდელი გახმაურებული თეატრალური დადგმებიდან.

შეხვედრის ფარგლებში, დიმიტრი კრიმოვმა მაყურებელთან მის ამერიკულ გამოცდილებაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.

ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მას მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე ესწრებოდა.

ნანა გაბელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაში ასევე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა სტუდენტებს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს, ის საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს, რომელთა მიზანია განათლების უფლების რეალიზაციის კუთხით საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა მიმართ პრო ბონო სამედიაციო პროცესებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა. სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალურად ამ სამიზნე ჯგუფებისთვის, დაიგეგმება ტრენინგები და განხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები, მათ შორის, მედიაციის საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, პარალეგალების მომზადების პროგრამა და სხვა.
ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) თავმჯდომარე, სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და ამავე უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ესწრებოდნენ.
რუსლან აბაშიძე და ნანა გაბელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდებს გააცნეს საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანია განათლების უფლების რეალიზაციის კუთხით საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა მიმართ პრო ბონო სამედიაციო პროცესებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა. სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალურად ამ სამიზნე ჯგუფებისთვის, დაიგეგმება ტრენინგები და განხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები.

შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

დავით ფაცაციამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, კონსტანტინე ყარამანიშვილს სახლში ესტუმრა ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცა და დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა.

დავით ფაცაციამ 100 წელს მიღწეულ აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანს ფაშიზმის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლისთვის, თავისუფლების სიყვარულისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი საკუთარი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და უსურვა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დიდხანს სიცოცხლე ერთიან საქართველოში.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში - ჩვენ დავკარგეთ ასეულ ათასობით თანამემამულე, რომლებიც სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ.

ქედს ვიხრი ყველა იმ ქართველის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი შესწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო ცოცხალ გმირებს - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, დიდი პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ერთიან საქართველოში.

თითოეული ჩვენგანი ვალშია მათ წინაშე, სწორედ მათი თავგანწირვისა და შეუპოვრობის დამსახურებით მოიპოვა მსოფლიომ სტაბილურობა და მშვიდობა. ამიტომ, განსაკუთრებით ვზრუნავთ მათზე და ვცდილობთ საქმით გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება.

აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, კონსტანტინე ყარამანიშვილს სახლში ვესტუმრე და ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მივულოცე.

ამ დიდ სამამულო ომში კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - თავისუფლებისათვის ბრძოლაში პირადად თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი ძალიან დიდია. ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენს გვერდით ხართ და გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ თქვენი გამბედაობისა და გმირობის წინაშე.“ - დავით ფაცაცია.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ორესტი ბერულავას სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს - 300 ლარი გადაურიცხა.

 

რუსლან აბაშიძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით დღევანდელი დღე მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად მომავალი თაობებისთვის უზრუნველყვეს უსაფრთხო სამყაროში ცხოვრება. ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ იმით, რომ საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში.

სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ასევე ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას ვზეიმობთ. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია ძლიერი ევროპული ოჯახის წევრობა, რადგან სწორედ ევროპა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის და კეთილდღეობის გარანტია.

დღეს, საქართველო, ისე როგორც არასდროს ყველაზე ახლოს არის ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებასთან. ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული ტემპებით მიიწევს წინ მნიშვნელოვან გამარჯვებამდე და ძალიან მალე საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

კიდევ ერთხელ  გილოცავთ ყველას! საქართველოს და მსოფლიოს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას.“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.