აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

პროექტი „ინოვაციური ხიდი“ გაიხსნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ქალაქ ზუგდიდში პროექტი „ინოვაციური ხიდი“ გახსნეს.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ორთვიან სასწავლო კურსს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები 30 ახალგაზრდის ჩართულობით. პროექტის ფარგლებში მოზარდები გადამზადდებიან დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მედია პროდუქტის მომზადებისა (გადაღება-მონტაჟი) და გრაფიკული არქიტექტურის მიმართულებებით.
„ინოვაციური ხიდის“ მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა კონსტრუქციული დიალოგის, ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების გზით.
ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ინოვაციური ხიდი“ მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში ხორციელდება.
 
 
 
 
 
რუსლან აბაშიძე ტექსელის კუნძულზე ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო

ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, კუნძულ ტექსელის მერმა მიხილ აუთდენჰაგმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ.

„დღეს პატივს მივაგებთ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას, მათ ვინც ტირანიის წინააღმდეგ ტექსელის კუნძულის მაცხოვრებლებთან ერთად იბრძოდა.

მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ადგილობრივმა ნიდერლანდელმა მოსახლეობამ საკუთარი სიცოცხლის რისკის მიუხედავად მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ჯარისკაცებს. ეს მოვლენა ყოველთვის დარჩება ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის საუკეთესო მაგალითად. ქართველებისა და ნიდერლანდელების მონაწილეობამ ამ ტრაგიკულ მოვლენებში შექმნა საერთო ისტორია, რომელიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს და გადაეცეს ჩვენს მომავალ თაობებს,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალური დაფის დიზაინის ავტორია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოქანდაკე-რესტავრატორი, დავით (დევი) ხმალაძე, ხოლო ინიციატივა და ფინანსური მხარდაჭერა ეკუთვის ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელს, თინათინ სვანიძე-ვენკოს. მემორიალური დაფის გახსნა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დელეგაციის წევრებმა დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური მონუმენტი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას ასევე ქართველ ებრაელთა მსოფლიო რაბინი, იაკობ გაგულაშვილი ესწრებოდა.

ტექსელის კუნძულზე ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ტექსელის მერთან, მიხილ აუთდენჰაგთან. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ტექსელის მერს ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმის პროექტის განხორცილების მხარდაჭერისათვის.

შეხვედრა გაიმართა ასევე ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელსაც სამინისტრო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს. მან ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

დევნილი ახალგაზრდებისთვის ზუგდიდში პროექტი „ინოვაციური ხიდი“ გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ დევნილი ახალგაზრდებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროექტი „ინოვაციური ხიდი“ გახსნეს.

პროექტი ითვალისწინებს ორთვიან სასწავლო კურსს, სადაც  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები 30 დევნილი მოზარდი     დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მედია პროდუქტის მომზადების (გადაღება-მონტაჟი) და გრაფიკული არქიტექტურის მიმართულებებით გადამზადდება.

„ინოვაციური ხიდი“ მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში ხორციელდება. პრეზენტაციას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს კონსტრუქციული დიალოგის, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების გზით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერას.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატს მიიღებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი გადაეცემა.

,,ეკონომიკური პროგრამების სააგენტომ“ 10 ტონა შესაწამლი პრეპარატი „ბიფეტრინი“ პროექტის კოორდინატორებს გადასცა. ღონისძიება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და აღნიშნულ პრეპარატს ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო შეხვედრა გამართა

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელ თინათინ სვანიძე-ვენკოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი საზოგადოებრივი გაერთიანების "ქართველი ვეტერანების ამერიკელი მეგობრების" პრეზიდენტ ნიკოლოზ ქარჩავას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის სხვადასხვა ბანაკებში აფხაზეთიდან დევნილი, დიასპორის ახალგაზრდების ჩართულობის, დევნილი ვეტერანების მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარებების განხორციელების საკითხებზე, ამ მიზნით საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმოებაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხარეების ხელშეწყობით, შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დაიგეგმა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„მოხარული ვარ, რომ მხარეებმა ერთობლივად გამოვხატეთ მზადყოფნა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.

ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა ყველა შესაძლო მეთოდით, რაშიც ქართული დიასპორების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით.“ - დავით ფაცაცია.

 

ანზორ მარგიანი ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტის გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტის გახსნას დაესწრო. ბიუსტი ე.წ. „ფრანგულ პარკში“ დაიდგა, სადაც განთავსებულია ეროვნული გმირების მერაბ კოსტავას და გენო ადამიას ბიუსტები, ასევე 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალი.

ბიუსტის გახსნის ცერემონიალს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, ალასანიას ოჯახის წევრები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის მეომართა კავშირის, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიუსტი მამია ალასანიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  შეიქმნა.

მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს, სოფელ ანაკლიაში, გიორგობის დღეს დაიბადა. იმავე წელს ალასანიების ოჯახი ზუგდიდში გადასახლდა. მამია ალასანიამ 1961 წელს ზუგდიდის №1 საშუალო სკოლა დაამთავრა. მამია ალასანია 1974 წლიდან სამუშაოდ თბილისში უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ აპარატში გადავიდა და სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების კომიტეტის უფროსი გახდა.

1993 წლის 27 სექტემბერს, მამია ალასანია ქალაქ სოხუმში მოკლეს, ის აფხაზეთის ომში იბრძოდა. 2017 წლის ოქტომბერში მამია ალასანიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.

ნანა გაბელია დევნილი მოზარდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას განაგრძობს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნეს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები გადამზადდებიან სამოქალაქო ინტეგრაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, კომუნიკაციის პრინციპებისა და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებებით.
ზემოაღნიშნულ პროგრამას მინისტრის აპარატი რეგიონებში დევნილ მოზარდთა მხარდაჭერისა და გაძლიერების ფარგლებში ახორციელებს და აქ მიღებული გამოცდილება მონაწილეებს განვითარებასა და სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში შეუწყობს ხელს.
ამ დრომდე ანალოგიური საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცე წარმატებით ფუნქციონირებდა ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ანზორ მარგიანმა და ნანა გაბელიამ წყალტუბოში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ წყალტუბოში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნეს.

რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოზარდთა მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, ორი თვის განმავლობაში, 14 - 17 წლის ასაკის აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციის, კომუნიკაციის პრინციპების, ლიდერობის და გუნდური მუშაობის მიმართულებებით გადამზადდებიან. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოზარდებს სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

დღესვე, აღნიშნული პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც ანზორ მარგიანი და ნანა გაბელია დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მონაწილეებს შეხვდნენ, რომლებმაც ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით გაიარეს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, მინისტრის აპარატის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების მიღებისა და მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენა და მათი შემდგომი წინსვლის ხელშეწყობა.

2023 წლის „აფხაზეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა. ჩემპიონატში „ეტალონის“ პირველ შესარჩევ ეტაპში გამარჯვებული აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატის გამარჯვებული აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლიზი გორდულაძე (67 ქულა) გახდა. მან ამ გამარჯვებით 2023 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მე-2 და მე-3 ადგილები ასევე აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეეებმა - ლუკა თოლორდავამ (65 ქულა) და ბაკურ ყალიჩავამ (61 ქულა) დაიკავეს.
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ათეულში გასულ მოსწავლეებს სამინისტროს სიგელები, ხოლო ყველა მონაწილეს „ეტალონის“ დიპლომები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა.
„წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის II ეტაპი დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის II ეტაპის განხორციელებას იწყებს.

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები. თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:

  1. 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );
  2. 700 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90% დან 98%);
  3. 1125 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99% და 100%);
  4. 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში; სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. 

მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 1 მაისიდან 31  მაისის ჩათვლით.

განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge და ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. №68

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 598 17 41 78; 577 09 22 39. 

იხ. ვრცლად: https://bit.ly/3Y3abWc

იხ. განცხადების ბლანკი: https://bit.ly/3QApYbE

დავით ფაცაცია ისნის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ ნიკოლოზ ელისაშვილთან ერთად, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ისნის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განსახლების ადგილებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს.

ასევე, დევნილთა მდგომარეობის ადგილზე შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისნის რაიონში მდებარე განსახლების ობიექტი მოინახულეს, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ყველაზე მეტად საჭიროებს ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას.

შეხვედრას, ისნის რაიონის გამგეობისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით 30-მდე დევნილი მოსწავლე ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის დღის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

1991 წლის 30 აპრილს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაიწვიეს წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში. სწორედ ეს მოვლენა გახდა საქართველოს თავდაცვის ძალების დღის შექმნის საფუძველი.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით 30-მდე აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე ესწრებოდა.

საზეიმო ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს რეგიონული მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი რომან კოკაია და სამინისტროს წარმომადგენლები.

საზეიმო ღონისძიებაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების დასწრების ორგანიზების მიზანია მათი ცნობიერების ამაღლება სამხედრო სამსახურის მიმართულებით.

 

აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის რეაბილიტირებულ დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ტურნირები გაიმართა

აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის რეაბილიტირებულ დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის აფხაზეთის რეგიონული ტურნირები მინი-ფეხბურთსა და  კალათბურთში გაიმართა. შეჯიბრში აფხაზეთის სკოლები მონაწილეობდნენ.

ტურნირზე გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის ზონალურ შეჯიბრში აფხაზეთის სახელით იასპარეზებენ.

გამარჯვებულებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ გადასცა.

აფხაზეთის სკოლები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობენ.

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის შემოქმედებით საღამოს დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი, სამი თაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა საპრეზენტაციო კონცერტი. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერისა და ცეკვის განახლებული საკონცერტო პროგრამა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილის, ასევე ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ანსამბლის უფროსი თაობის წარმომადგენლები, მოცეკვავეები, მომღერლები და მუსიკოსები, მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

შემოქმედებითი საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით არტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანია ანსამბლის ისტორიის წარმოჩენა, ახალ თაობაში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობის გაზრდა.

 

დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად ხვდება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს, რომლის მიზანია მათი და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა.

აღნიშნული მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად, ამჯერად, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტები გააცნო.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.

შეხვედრას სამგორის რაიონის გამგეობისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.