აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

დავით ფაცაცია აფხაზეთის ა/რ მთავრობის მორიგ სხდომას დაესწრო

2022 წლის 12 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის წიგნიერების კლუბი შეიქმნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, წიგნიერების კომპეტენციის განვითარების მიზნით, აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის წიგნიერების კლუბი შეიქმნა.
 
ამასთან დაკავშირებით გამომცემლობა „პალიტრა L-ში“ გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, მასწავლებელთა სახლის დაწყებითი საფეხურის ექსპერტ-კონსულტანტი ანი კუდუხაშვილი, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური და სხვ. ესწრებოდნენ.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს „პალიტრა L-ის“ თანამშრომლების - მარიამ აღდგომელაშვილისა და მარიამ გიორგაძის მიერ კლუბის წევრებისთვის შემუშავებულ 3-თვიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ქართველ და უცხოელ ავტორებს გაეცნობიან, თვეში ერთხელ გამართავენ წაკითხული წიგნის განხილვა/დისკუსიას და ავტორებთან შეხვედრებს.
 
აქვე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის 12 დასახელების 250-ზე მეტი წიგნი გადასცა.
რუსლან აბაშიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

„9 აპრილი - ეს სიმბოლური თარიღი, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში აერთიანებს ორ მნიშვნელოვან მოვლენას - დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თავგანწირვასა და დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ ამიტომ 9 აპრილი უმძიმესი დღეა, თუმცა ამავდროულად უდიდესი იმედია. დღევანდელი დღე ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივი კონსოლიდაციის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.

ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომლთა თავდადების წყალობით საქართველომ თავისუფლების მოპოვებით აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა! განუზომელია მათი ღვაწლი, რომელებმაც საქართველოს განთავისუფლებას თავი შესწირეს. ამიტომ ყოველი ჩვენგანის ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესს.

ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპულ ოჯახში. მჯერა, რომ ჩვენ  მშვიდობიანი გზით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ სამინისტროს „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.
 
ეკა ხოფერიამ აღნიშნა, რომ „სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამას“ 2008 წლიდან ახორციელებს და ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილ ასეულობით სტუდენტს გაეწია ფინანსური დახმარება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულმა არაერთმა სტუდენტმა შემდგომში სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელა, კვალიფიციურ კადრად ჩამოყალიბდა და ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ წარმატებული კარიერა აიწყო“.
 
რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია აფხაზეთის წარმატებულ ახალგაზრდებს განათლების - აფხაზეთის საჯარო და გალის ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების - მიმართულებით არსებულ სამინისტროს პროგრამებსა და პროექტებზე, პერსპექტივებზე ესაუბრნენ და შემდეგ მათი შესაბამისი ხედვები და მოსაზრებები მოისმინეს. საბოლოოდ შეხვედრა საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა და მომავალში აზრთა უფრო ხშირად გაცვლის სურვილით დასრულდა.
ლევან ჩაკვეტაძემ აფხაზეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად მედიცინის დამსახურებულ მუშაკებს შეხვდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს სამსახურეობრივი მივლინებით მყოფი მედიკოსები, რომლებიც ფრონტის წინახაზზე, დაჭრილი მეომრებისა და რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს იცავდნენ.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის 35 მედიცინის მუშაკი და ის 20 კლინიკა დაჯილდოვდა, რომელთანაც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამაშრომლობა აკავშირებს.

თითოეულ ექიმს განსაკუთრებული დამსახურების, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რუდიკ ცატავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. აფხაზეთში მოღვაწე სამედიცინო პერსონალის რაოდენობა დიდია, ამიტომ სამინისტრო მომავალშიც გეგმავს მსგავს ღონისძიებებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შემდგომშიც განახორციელებს მსგავს ღონისძიებებს

რუსლან აბაშიძემ ღვაწლმოსილი მედიცინის მუშაკები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად ღვაწლმოსილ მედიცინის მუშაკებს შეხვდა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს სამსახურეობრივი მივლენებით მყოფი მედიკოსები, რომლებიც ფრონტის წინახაზზე, დაჭრილი მეომრებისა და რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს იცავდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სიცოცლხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობის წევრებთან ერთად თითოეულ მათგანს განსაკუთრებული დამსახურების, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიების ფარგლებში 35 მედიცინის მუშაკი და 20 სამედიცინო კლინიკა დაჯილდოვდა.

შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რუდიკ ცატავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევა მიმდინარეობს

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი  4  წევრის შერჩევა მიმდინარეობს. წევრების შერჩევა არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებისაგან მოხდება.

კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, დევნილთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტიკური ან/და ანალიტიკური საქმიანობა.

კანდიდატურის წარდგინებას თან უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები და უნდა არსებობდეს კანდიდატის წერილობითი თანხმობა.

დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის №42 ) ან/და  მთავრობის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@abkhazia.gov.ge (mailto: info@abkhazia.gov.ge) აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აფხაზეთის სკოლების უფროსკლასელებისთვის პრეზენტაცია გამართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აფხაზეთის სკოლების უფროსკლასელებისთვის ონლაინ პრეზენტაცია გამართა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ და სხვა თანამშრომლებმა აბიტურიენტებს უნივერსიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები და პროგრამული უპირატესობები გააცნეს; ხაზგასმით აღნიშნეს ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომ უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურენოვანია და ის ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც სტუდენტებს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ კამპუსს სთავაზობს.

პრეზენტაციის მსვლელობისას აბიტურიენტებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხებიც მიიღეს.

დასასრულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაციისთვის და აღნიშნა, რომ აფხაზეთის სკოლების აბიტურიენტებს თანდათან საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს გააცნობენ.

პროფესიული განათლება - ახალი თაობისთვის!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ. ქვეპროგრამაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა მანანა ქვაჩახიამ.

აფხაზეთის საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებს არსებული პროფესიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სასწავლო პროგრამები გააცნეს სსიპ პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თამარ სამხარაძემ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მანანა სამუშიამ, სსიპ კოლეჯი „ფაზისის“ (ფოთი) დირექტორმა ნინო ბაკურაძემ, სსიპ კოლეჯი „იბერიას“ (ქუთაისი) დირექტორმა ირაკლი ავალიანმა.

ონლაინ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია მოზარდებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

 

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

დღეს, ნანა გაბელია და გიორგი გაბედავა მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ რეზი ბერულავამ  საბჭოს საქმიანობის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.

სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის უახლოეს პერიოდში  რუსთავის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრში დევნილი ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ ტრენინგებსა და აქტივობებზე.

აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან სოციალური მხარდაჭერის მიზნით შეხვედრები გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აბაშასა და ხობში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრაზე აბაშასა და ხობში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები გადასცეს.
სამინისტროს მიერ, დევნილთა სოციალური მხარდაჭერის მიზნით მსგავსი შეხვედრები მომავალშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.

აფხაზეთის მთავრობა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები ჩაერთვნენ. სოლიდარობის ნიშნად, ომით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად, აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასებიდან გარკვეული რაოდენობის თანხა ერთიან ანგარიშზე გადარიცხეს. ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხით შეძენილ იქნა ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, ბავშვთა კვება და ჰიგიენური საშუალებები.

ჰუმანიტარული ტვირთის დატვირთვისა და გაგზავნის პროცესს საქართველოს ფოსტის ტერმინალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო. ტვირთის გაგზავნას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს, ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში სახმელეთო გზით გაიგზავნება.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია.

დავით ფაცაცია ჩხოროწყუში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, სამინისტროს თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩხოროწყუში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ, მათ საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნენ.

შეხვედრაზე ჩხოროწყუში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები გადასცეს.

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდით და ადგილზე გავეცანით მათ საჭიროებებს, ასევე, ვისაუბრეთ მათი მოგვარების გზებზე.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან განსაკუთრებული პოზიტიური ემოციებით სავსე შეხვედრაზე, გადავეცით „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები.

აქვე ავღნიშნავ, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ქმედითი ღონისძიებების შემუშავებისთვის და შესაბამისად, აქტიურად ვაგრძელებთ დევნილთა საჭიროებების ადგილზე გაცნობას.“ - დავით ფაცაცია.

 

რუსლან აბაშიძე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამერიკული კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორს შეხვდნენ

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს საქმიანობის შესახებ, სადაც სამუშაო პროცესი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები აფხაზეთის არქივის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და არქივში არსებული დოკუმენტების გაციფრულების თაობაზე, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საარქივო დოკუმენტების შენახვის პირობები ბევრად უკეთ იქნება დაცული.

საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით, თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთის არქივის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და გაეწევათ კონსულტაციები საარქივო მასალების, მათ შორის, ოჯახებში შემონახული დოკუმენტების ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებისა და ელექტრონულ კატალოგში განთავსების შესახებ, რომელიც უფრო გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის არქივში შენახული მასალების მოძიებას და გამოყენებას.