„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება „ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაში“ გაიმართა.
საჯარო დისკუსიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
მოწვეულმა სტუმრებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებასა და დიალოგში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა აფხაზურმა ცენტრმა „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ ლიტერატურულ-თეატრალური დადგმა წარმოადგინეს, რომელიც ცნობილი აფხაზი ხელოვანის, ალექსანდრე შერვაშიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნებოდა. ასევე, მოეწყო აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.