აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილებს სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
ასევე, ლევან ჩაკვეტაძემ სამტრედიაში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი პროგრამები გააცნო და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე გამოკვლევების მიმდინარეობას სამინისტროს წარმომადგენლებთან და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერ დავით ბახტაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამედიცინო აქცია COVID-19-ის პრევენციის მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.