ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, დავით მიქავა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
პროექტის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით, ჯუზეპე ვერდის „რეკვიემი“ შესრულდა. კონცერტში მონაწილეობდნენ სოლისტები: იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ოთარ ჯორჯიკია და რამაზ ჩიკვილაძე, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს საპატრიარქოს, საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.
საიუბილეო საღამო გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით. პროექტის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.
აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა.ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით მიქავამ, მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მემორიალთან ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ჩაჩავას კლინიკის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ბენეფიციარებმა მიიღეს კვალიფიციური გინეკოლოგიური კონსულტაცია და სხვადასხვა პროფილური სამედიცინო მომსახურება.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი ლეილა ნადარეიშვილი ესწრებოდნენ.
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ზუგდიდში, სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად გაეცნო.
ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. ადგილობრივი და თბილისიდან მიწვეული ექიმ სპეციალისტების უფასო კონსულტაციით ჯამში ორმოცდაათამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
"აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული ქალთა კვირეულის ფარგლებში სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში დევნილი ქალბატონებისათვის მოწვეული სპეციალისტების მიერ ხორციელდება უფასო კვლევები, აღნიშნული კვლევები მნიშვნელოვანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტირებისა და მათი შემდეგი გართულებების პრევენციისთვის, გარდა ამისა, ბენეფიციარებს საჭიროების შემთხვევაში დაუფინანსდებათ დამატებითი კვლევები, რომელიც დანიშნული იქნება სპეციალისტების მიერ, მინდა მივულოცო ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე, ვუსურვებ ბედნიერებას და ჯანმრთელობას“, - განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.