აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, წყნეთსა და ბაგებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის მიმდინარეობისას აფხაზეთიდან დევნილებმა სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციით, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევებით ისარგებლეს, რაც 200-მდე ვიზიტს მოიცავდა. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
მიმდინარე წლის განმავლობაში სამინისტრომ 9 გასვლითი ღონისძიება განახორციელა, რომლის ფარგლებში მომსახურება 1000-მდე აფხაზეთიდან დევნილმა პირმა მიიღო.
ღონისძიება აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.