აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდსა და სოფელ რუხში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი და რევმატოლოგი. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდა. მინისტრმა დევნილ მოსახლეობას ნებულაიზერი, ტონომეტრი, გლუკომეტრი და მედიკამენტები პირადად გადასცა.
ორი დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ქალაქ ზუგდიდის პოლიკლინიკაში და სოფელ რუხის საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა.