მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ფოთში, მალთაყვის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
 
დევნილებს ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა), სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია ჩაუტარდათ. დანიშნულების შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.
 
პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
 
დევნილთა დასახლებაში COVID-19-ით ინფიცირებულ, თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებზე ბინაზე მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაკრები გაიცა. სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
 
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსი ირაკლი ლეჟავა, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.