მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს ერთი კარის პრინციპით 6 დაავადების ერთდროული სკრინინგი ჩაუტარდათ
ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მობილურ კლინიკაში ერთი კარის პრინციპით 6 დაავადების (ტუბერკულოზის (TB), COVID-19-ის, C ჰეპატიტის (HCV), აივ/შიდსის (HIV), დიაბეტის (DM) და არტერიული ჰიპერტენზიის (HBP)) ერთდროული სკრინინგი ჩაუტარდათ.
მობილური კლინიკა აღჭურვილია ციფრული რენტგენის აპარატით, რომელსაც სპეციალური CAD4TB სისტემით შეუძლია ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური პათოლოგიის დაფიქსირება, ამ პათოლოგიის ქულობრივად შეფასება და მიღებული გამოსახულების, თუ გამოკვლეული პაციენტის ინფორმაციის შენახვა და გაზიარება.
სამედიცინო მომსახურეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და ტუპერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი ესწრებოდნენ.
პროექტი ხორციელდება აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პატრონაჟით. პროექტის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა.