მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
ფლორენციაში საერთაშორისო სიმპოზიუმი „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც მშვიდობის მშენებელი“ გაიმართა

„რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის“ ორგანიზებით ფლორენციაში საერთაშორისო სიმპოზიუმი და 21-ე საერთაშორისო გენერალური ასამბლეა სახელწოდებით „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც მშვიდობის მშენებელი“ გაიმართა. შეხვედრაზე განიხილებოდა კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ინტერკულტურული დიალოგისა და მშვიდობის მშენებლობისთვის. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და „რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის  მოადგილე ბელა კოპალიანმა.

სიმპოზიუმზე  მინისტრის მოადგილე წარსდგა მოხსენებით „ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის გამოწვევები და პერსპექტივები პლანეტა დედამიწისათვის, საქართველოს მაგალითზე“ . მან გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ძირძველი ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. გამოსვლის შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა.

სიმპოზიუმს საერთაშორისო  ექსპერტები, მეცნიერები, მკვლევარები, პოლიტიკოსები და კულტურის მოღვაწეები ესწრებოდნენ 42 ქვეყნიდან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზი, ოსი და ინგუში ახალგაზრდები.

ღონისძიებაზე უდიდესი ინტერესი გამოიწვია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალურმა მასალამ, სადაც საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორც უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილ მასალას მაღალი შეფასება მიეცა და გამოითქვა სურვილი, რომ მომავალ წელს, 22-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ფლორენციაში ქართული ხელნაწერების გამოფენა მოეწყოს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც გამოითქვა რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილი, რომელიც ფოკუსირებული იქნება განათლებასა და კონფლიქტების პრევენციაზე, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო „რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდი“ უმსხვილეს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა UNESCO, ICOMOS, ICOM, UNWTO.