აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში გაიხსნა, სადაც ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა თვალი გადაევლო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მასალისთვის და დაეთვალიერებინნა „XIX საუკუნის აფხაზეთი ფოტოპორტრეტებში“. ფესტივალის ტერიტორიაზე საგანგებოდ მოწყობილ სივრცეებში სტუმრებს, განსაკუთრებით ბავშვებს, შეეძლოთ ჩართულიყვნენ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობაში - კერძოდ, ჩატარდა მასტერკლასები კალიგრაფიაში, ხატვასა და დიზაინში. მოეწყო პოდიუმი, სადაც აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მაისურები - ტექსტით მე ვარ აფხაზეთი და აფხაზეთის ქალაქები.
კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია-დეგუსტაციაც მოეწყო, ღონისძიება კი კონცერტით დასრულდა, რომელშიც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, აფხაზეთის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“, დავით ილურიძის ბენდი და ვოკალისტები ცნობილი კომპოზიციებით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ 23 მაისი წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ გამოცხადდა.