აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა.„დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო. საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, ისევე როგორც შერიგების პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება.

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“  ნდობა გამოუცხადა და განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.