აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის 2 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და ეროვნულ ბიბლიოთეკის მიერ სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გატარებას.

დღესვე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის მუზეუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ ჩხოტუების საგვარეულოს საოჯახო არქივი გახსნეს და აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ესპანეთიდან ჩამოტანილი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები დაათვალიერეს.

პროექტი „აფხაზური არქივები“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ესპანეთსა და საფრანგეთში არსებული აფხაზი თავადების საარქივო მასალები საქართველოში ჩამოიტანეს.