დევნილთა საზოგადოებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დევნილთა საზოგადოებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს რიგი საკითხები და ინიციატივები, რომელებიც დევნილთა სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას შეეხო.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციაში მოსალოდნელ ცვლილებებმა დევნილი საზოგადოების ნაწილში ვნებათაღელვა, გარკვეულ წრეებში კი პროტესტი გამოიწვია. დევნილთა ნაწილმა მჯდომარე აქცია ქ. ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წინ, ნაწილმა კი თბილისში, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს შენობასთან გამართა. აღნიშნულ ჯგუფს არაერთგზის შეხვდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ უმაღელსი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა. შეხვედრისას მიღწეული იქნა შეთანხმება, შექმნილიყო დევნილთა წარმომადგენლებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წევრების მიერ შემდგარი ერთობლივი კომისია, რომელიც იმუშავებს იძულებით გადაადგილებული პირების მიერ წამოჭრილ საკითხებზე, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებზე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთვის წარსადგენად. ამ შეთანხმების შემდეგ დევნილთა საპროტესტო აქციები შეწყდა. სწორედ, აქ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ჩამოყალიბდა დევნილთა საზოგადოებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შემდგარი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელთა პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა.

სამუშაო ჯგუფს კოორდინაციას უწევს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია და ხელმძღვანელობას იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ავთანდილ ხაზალია, აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ზაქარაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ჯალაღონია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი თამაზ სანიკიძე, ა.ა.ი.პ (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) ,,გზა აფხაზეთისკენ"იურისტი მერაბ ჯიქია, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებები საზღვრების გარეშე'' ლელა ხორავა და იურიდიული კომპანია ,,სამართლებრივი დახმარების ცენტრი"-ს დირექტორი ვახტანგ ნაყოფია.

შეხვედრას ასევე დევნილთა საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის განცხადება

განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი დევნილთა სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს დასაქმების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ჩატარდა გამოკითხვა, რის საფუძველზეც შეიქმნა მოთხოვნადი პროფესიების საინფორმაციო ბაზა.

აღნიშნული მონაცემების საფუძველზე აპარატის თანამშრომლები ახდენენ დევნილების მუდმივი ინფორმირებულობას დასაქმების ბაზარზე არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ.

ვახტანგ ყოლბაიამ თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ვახტანგ ყოლბაიამ უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე - „აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურები: წარსული, არსებული რეალობა და მომავალი ხედვები" წაიკითხა.

ლექციას ის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც სასწავლო კურსის - „კონფლიქტი აფხაზეთში" მსმენელები არიან.

ვახტანგ ყოლბაიამ სტუდენტებთან აფხაზეთში 80-90 წლებში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, აფხაზეთის კონფლიქტზე, კონფლიქტით გამოწვეულ შედეგებზე და მისი მოგვარების პერსპექტივებზე ისაუბრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჟენევის ფორმატსაც შეეხო და ამ მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე, ასევე გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრების აღდგენის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

სტუდენტებთან შეხვედრა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და დისკუსიით დასრულდა.

ექვთიმე თაყაიშვილის 150-ე წლისთავისდამი მიძღვნილი სასწავლო-შემოქმედებითი კვირეული აფხაზეთის საჯარო სკოლებში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კინოცენტრი „აფხაზეთი"-სა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის ორგანიზებით ექვთიმე თაყაიშვილის 150-ე წლისთავისდამი მიძღვნილი სასწავლო-შემოქმედებითი კვირეული გაიმართება.

კვირეული 18-25 ნოემბრის ჩათვლით აფხაზეთის #2 და #3 საჯარო სკოლებში მოეწყობა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რეზო თაბუკაშვილის ფილმის - „ე. თაყაიშვილი- ქართული საგანძურის თავდადებული მცველი" ჩვენება, ასევე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმის დათვალიერება, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ექვთიმე თაყაიშვილის საფლავის გვირგვინით შემკობა, ი.ჭავჭვაძის ლიტერატურულ მუზეუმში ე. თაყაიშვილისადმი მიძღვნილი საგამოფენო ექსპოზიციის დათვალიერება და სასწავლო შემეცნებითი კონკურსი - „ყველაფერი ექვთიმეს შესახებ". კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრების პრეზენტაცია კი 2014 წლის 5 იანვარს, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრები დევნილი და აფხაზეთის ტერიტორიაზე განათავსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები.

აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძის 122 წლის იუბილე აღნიშნეს

17 ნოემბერს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კინოცენტრის „აფხაზეთი" ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის 122 წლის იუბილე სოფელ ჭყვიშში, პოეტის სახლ-მუზეუმში საზეიმოდ აღნიშნეს.

დევნილმა მოზარდებმა და ქ.ვანის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთად დაათვალიერეს პოეტის სახლ-მუზეუმი და მონაწილეობა მიიღეს სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ თოქ-შოუში „არგუმენტების დრო“

„ერთ-ერთი მტკივნეული თემა სოხუმისთვის დევნილთა დაბრუნების პრობლემაა."

„დევნილის საყოვალთაოდ აღიარებული უფლებაა დაუბრუნდეს საკუთარ სახლ-კარს, ამიტომ, შეუვალი უფლებისთვის ხელშეუწყობლობა და მის აკრძალვა საერთაშორისო ნორმის დარღვევაა, გაეროს რეზოლუციებისა და მოთხოვნების უგულებელყოფა და ზოგადად, უსამართლობაა".

„დარწუნებული ვარ, სოხუმში მოსახლეობა ევროკავშირთან დაახლოების წინააღმდეგი არ არის. მათ გაცნობიერებული აქვთ ამ დაახლოების სიკეთე, მაგრამ რუსეთის ფაქტორი მათთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს რეალობაა, რომელსაც ვერ გაურბიან. თუ პროცესმა წინ წაიწია, ამას უკვე სერიოზული შედეგი შეიძლება მოჰყვეს".

„მართალია, ბუნებით ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს რუსეთი რაღაცის მოლოდინშია. შეუძლებელია იმის არდანახვაც, რომ დასავლეთის მოქმედება რუსეთის პოზიციის შერბილებისკენაა მიმართული, ეს კი პირდაპირ კავშირშია საქართველოს მიერ ევროკავშირთან პარაფირების და მომავალში ასოცირების დოკუმენტის გაფორმების პროცესთან. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ნორლანდისა და გერმანიის მხარის მიერ კონფლიქტებთან დაკავშირებით სულ ახლახანს გაკეთებული განცხადებები სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. ვფიქრობ, რომ დასავლეთი მაქსიმალურად შეეცდება, შეუნარჩუნოს საქართველოს დღევანდელი პოზიციები".

„ჩვენ უნდა მივიღოთ არა მხოლოდ თბილისისათვის, არამედ სოხუმისთვის, აფხაზი და ქართველი ხალხისთვის სასარგებლო შედეგები".

„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი 80-იანი წლების მენტალობის ტყვეობაშია. როცა ჩვენ ამას გავიაზრებთ და ვაღიარებთ, აფხაზეთში გაცილებით მეტი რწმენით განიმსჭვალებიან ჩვენ მიმართ და ნდობაც უფრო მეტად გაღვივდება. ვფიქრობ, ორივე მხარის მიერ დაშვებული შეცდომები საკმარისზე მეტია. დღეისათვის, ჩვენთვის უმთავრესია, აღარ დავუშვათ შეცდომები ურთიერთობებში. კარგად ვიცი, რომ ნდობის საკითხი ყბადაღებული თემაა, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა. სოხუმი თბილისში თავის მტერსა და უსაფრთხოების დამრღვევს არ უნდა ხედავდეს, იმ ძალად არ უნდა აღიქვამდეს, რომელსაც შეუძლია რაღაც დისბალანსი შეიტანოს მის ცხოვრებაში."

„ყველა ხედავს, როგორ პოლიტიკას ატარებს რუსეთი აფხაზეთში. აფხაზეთის ტერიტორია მას საკუთარი ინტერესებისა და მიზნების განხორციელებისთვის სჭირდება, რასაც თავად აფხაზებიც შესანიშნავად აცნობიერებენ".

„ამ კონფლიქტში ჩვენ ვართ მთავარი მოქმედი აქტორი, უნდა დავიჯეროთ, რომ აქ ჩვენ ვართ წარმმართველი ძალა. სოხუმში ყოველთვის მესამე ძალას ეყრდნობოდნენ, თბილისშიც მუდამ მესამე ძალის იმედად იყვნენ. ჩვენ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ პარალელურ რეჟიმში აფხაზურ მხარესთან; ყველა დონეზე უნდა აღვადგინოთ გაწყვეტილი კავშირები და საკუთარი გულწრფელი დამოკიდებულებით განვაგრძოთ სვლა ერთმანეთისკენ".

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ჩვენ შორს მოხდა, აღარასოდეს განმეორდება".

ვახტანგ ყოლბაია კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტში მრგვალ მაგიდას - „მეცნიერება, განათლება, კულტურა და სპორტი - მშვიდობის რესურსები“ დაესწრო

დღეს, კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტში მრგვალი მაგიდა - „მეცნიერება, განათლება, კულტურა და სპორტი - მშვიდობის რესურსები" გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. მრგვალი მაგიდა „ეუთო-ში უკრაინის ხელმძღვანელობის ინფორმატიული და ანალიტიკური მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

საუბარი სხვადასხვა ტიპის კულტურულ და სპორტულ ღონისძიებების როლის მნიშვნელობას კონფლიქტის მოგვარებას და ომის შედეგად დაზარალებულ პირების რეაბილიტაციას შეეხო.

მრგვალი მაგიდის მუშაობა ხელოვნების ნიმუშების გამოფენით „ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები ძალადობის წინააღმდეგ" გაიხსნა.

პროექტი „რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტისა" და „ჰელსინკის მოქალაქეთა ასოციაციის საქართველოს ეროვნული კომიტეტის" მიერ, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „პრივატბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „პრივატბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი „პრივატბანკში" აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას, ასევე წელიწდში 50-მდე დევნილის დასაქმებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და „პრივატბანკის" პრეზიდენტმა იური კანდაუროვმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და მათთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მემორანდუმის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და „პრივატბანკის" წარმომადგენლები დაესწრნენ.

თანამშრომლობის მემორანდუმი აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

დღეს, სოხუმი სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდოამრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სოხუმის სახელმწიფო უნიევრსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ითავლისწინებს ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში სტუდენტების ინტეგრაციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო სტრუქტურებში სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას, ასევე დასაქმებას. უნივერსიტეტი თავისი ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფს მთავრობის თანამშრომლებისათვის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული სერტიფიცირებული კურსების გავლას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „საადვოკატო ოფისი - გარანტია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შ.პ.ს. „საადვოკატო ოფისი - გარანტია"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას სამოქალაქო და ადმინისტარციულ საკითხებზე, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე.

მემორანდუმის მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან დევნილი მოსახლეობის უფლებათა დაცვა და მათთვის სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში დახმარების გაწევა.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის საპატიო მოქალაქეს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ირაკლი ყანდარელს 90 წლის იუბილე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გორში, აფხაზეთის საპატიო მოქალაქისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ირაკლი ყანდარელის ოჯახს ესტუმრა და 90 წლის უიბილე მიულოცა. ირაკლი ყანდარელს ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად იუბილე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაალ გუდაძემ და გამგეობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯომარის მოვალეობის შემსრულებელმა ომის ვეტერანს ქვეყნის თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

სტუმრებთან საუბრისას ირაკლი ყანდარელმა საბრძოლო ისტორიები, მეორე მსოფლიო ომისა და აფხაზეთში, სოფელ ფსხუში 1942 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი აფხაზეთში, სოფელ ფსხუს გათავისუფლებაში იღებდა მონაწილეობას.

ირაკლი ყანდარელი 120 საბრძოლო მედლის მფლობელი, ღირსების ორი ორდენის კავალერი, საქართველოს, ჩეხეთის, უკრაინისა და სლოვაკეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრია.

ვეტერანმა გორში, საკუთარ ბინაში საბრძოლო დიდებისა და ხალხთა მეგობრობის მუზეუმი დაარსა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადება

მინდა მცირე განმარტება გავაკეთო საზოგადოებისთვის, იმასთან დაკავშირებით თუ რამ გამოიწვია ცვილებების შეტანის აუცილებლობა აფხაზეთის კონსტიტუციაში.

2013 წლის 17 ნოემრიდან საქართველო ახალ საკონსტიტუციო მოდელზე გადავა, რომლის მიხედვით, ნაწილობრივ იზღუდება პრეზიდენტის უფლებები. ახალი კანომდებლობის თანახმად, პრეზიდენტის პრეროგატივას აღარ წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა. ინაუგურაციის შემდეგ, ამ თემაზე კონსულტაციები გაგრძელდება სამთავრობო და საკანონმდებლო დონეზე.

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ უხერხულია საკუთარ პერსონასა და თანამდებობრივ კუთვნილებაზე საუბარი.

ბუნებრივია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დანიშვნა უნდა თანხმდებოდეს საქართველოს პრეზიდენტთან ან პრემიერ-მინისტრთან.

ყველა შემთხვევაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანიშნული პიროვნების ინტერესებშიც შედის, რომ ეს შეთანხმდეს სახელმწიფოს ცენტრალურ ხელმძღვანელობასთან.

ამით იზრდება მისი, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლის ლეგიტიმურობაც და უფლებამოსილებაც.

დაველოდოთ საკითხის გადაწყვეტას საკონსტუტიციო მოდელის ამოქმედების სამართლებრივი მექანიზმის ფარგლებში. სწორედ ის მოგვცემს ზედმიწევნით მკაფიო განმარტებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის წესის შესახებ.

ვახტანგ ყოლბაია იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართევლოში ფედერიკა ფავის შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ვახტანგ ყოლბაიასა და იტალიის რესპუბლიკის ელჩის ფედერიკა ფავის შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა იტალიის ელჩს აფხაზეთში მიმდინარე ვითარება გააცნო და ამ პროცესების თანმდევ სხავდასხვა ასპექტებზე ესაუბრა.

ფედერიკა ფავის განცხადებით, იტალიის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს იტალიაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლების საქმიან ვიზიტს და ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორაგნიზებას, რათა იტალიურმა მხარემ მიიღოს რეალური ინფორმაცია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე, ასევე გაეცნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობასა და პრიორიტეტებს.

შეხვედრაზე საგანმანათლებლო და გაცვლით პროექტებზეც იმსჯელეს, რომელშიც ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ერთობლივად ჩაერთვებიან.

ვახტანგ ყოლბაიამ ფედერიკა ფავის თანადგომისთვის და იტალიის საელჩოს მხრიდან, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „მობილური ბიბლიოთეკა" შექმნაში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ ყოლბაიასთან შეხვედრის შემდეგ დევნილებმა შიმშილობა შეწყვიტეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში იმყოფებოდა და მოშიმშილე დევნილებს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაია დევნილებს გაესაუბრა, მათ მოთხოვნებს გაეცნო და დაჰპირდა, რომ ის ცვლილება, რასაც მოშიმშილეები ეწინააღმდეგებოდნენ კონსტიტუციაში არ შევა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს კვლავ პრეზიდენტი ან პრემიერი წარადგენს.

შეხვედრის შემდეგ დევნილებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს.

დავით სერგეენკო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დავით სერგეენკოს აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა გააცნო.

შეხვედრაზე იმსჯელეს დევნილთა მიმართულებით ჯანდასცვის სფეროში მიმდინარე პროგრამებზე და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების სერვისებზე. საუბარი ასევე შეეხო საყოველთაო დაზღვევის პროგრამებს, პენსიების ზრდასა და გადაუდებელი სამედიცინო სერვისებისთვის გაზრდილი რეფერალური პროგრამის საკითხებს. აღინიშნა, რომ გალის რაიონის სამედცინო ცენტრს დამატებითი რეანომობილები და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.