სიახლეები

მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ენის დღე მიულოცა.

მოწვეულ სტუმრებს, ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ენათმეცნიერებს და პედაგოგებს საპატიო ჯილდოები გადასცა.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და მას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საქართველოს საპატრიარქოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025-04-14
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე აპარატის უფროსმა დევნილი მოსახლეობისგან პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში საკითხების შესწავლას დაჰპირდა.

„მნიშვნელოვანია მსგავსი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რადგან თითოეული ასეთი შეხვედრა და პირდაპირი დიალოგი შესაძლებლობას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ მოსახლეობის საჭიროებები და დროულად ვიმოქმედოთ მათი გადაჭრისთვის.

ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას და არცერთი პრობლემური საკითხი არ დაგვრჩეს უყურადღებოდ“, - განაცხადა დავით მორგოშიამ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს და მოსახლეობის პრობლემებზე ეფექტური რეაგირების საშუალებას წარმოადგენს.

2025-04-11
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის საქმიანობა გამორჩეული იყო როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებით. გასული წლის საქმიანობა ემსახურებოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას, დროებით დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობას,  ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების პროცესის გაძლიერებას, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოში, აფხაზეთის მთავრობის მიერ 2024 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის თავმჯდომარემ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობაში შემავალი სამინისტროების მიერ დროებით დევნილი მოქალაქეებისთვის განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

მოხსენების შემდეგ, ლევან მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატების წინაშე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტებზე, მთავრობის სამოქმედო გეგმასა და ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებულ ინიციატივებზე ისაუბრა. ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ჩვენი გუნდის ძირითად სამოქმედო მიზანს აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების ინსტიტუციური გაძლიერება და დევნილ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გამჭვირვალე ბიუჯეტის შექმნა წარმოადგენს.

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ვაშენებთ ნდობას და მტკიცედ გვწამს, რომ შერიგება და ერთობა ჩვენი საერთო მომავლის საფუძველია. სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ეს არის გზა, რომლითაც ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

უმაღლესმა საბჭომ მთავრობის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა.

აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025-04-10
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან მგალობლიშვილმა ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ესაუბრა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვესელინ ვალკანოვს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ბულგარეთი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ იჩენს.

2025-04-07
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას უფასო, მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტური განსახლების ადგილზე მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

„აფხაზეთის მთავრობისთვის ძირითად გამოწვევად კვლავ ჯანდაცვის მიმართულება რჩება. მიმდინარე წელს ჩვენ გავზარდეთ პროგრამული ნაწილის დაფინანსება და დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია.

დღეს ვიმყოფებით კახეთში, სადაც თელავში მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შევხვდით და გავაცანით ჩვენი პროგრამები, რომელიც მათ ძირითად საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ მათ და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციურმა ექიმმა სპეციალისტებმა მოსახლეობას სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ.

2025-04-06
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა.
 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთიდან დროებით დევნილი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერებინა.
 
შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ლევან მგალობლიშვილმა ჩინელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.
 
მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და ურთიერთპატივისცემა დაადასტურეს.
 
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის შეხვედრა პირველად გაიმართა.
 
შეხვედრას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჰი პენიუ, საელჩოს პირველი მდივანი ვანგ დანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია ესწრებოდნენ.
2025-04-02