აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ხონში, წყალტუბოს და კოპიტნარში, სადაც 10 000-მდე აფხაზეთიდან დევნილია რეგისტრირებული, 21-22 ივნისს დევნილებისთვის მორიგი სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩატარდა.
ღონისძებაში მონაწილეობდნენ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები. დევნილებს ემსახურებოდა მედიკოსთა მრავალპროფილური ორი სამედიცინო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,
ენდოკრინოლოგი, უროლოგი, რევმატოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგიის განხრით დევნილებს ექიმმა-ლაბორანტმა საკონსულტაციო, ლაბორატორიული (სისხლის ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში) და ინსტრუმენტული (ულტრასონოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია) გამოკვლევები ჩაუტარა. პროგრამის ფარგლებში დანიშნულების შესაბამისად დევნილებს მედიკამენტებიც გადაეცათ.
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაესწრნენ.
ვახტანგ ყოლბაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები უკვე მოგვარდა, იმერეთის დევნილთა ჩასახლებებში კვლავ მრავალი პრობლემაა, თუმცა სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია.
„არჩევნების წინ ჩვენ ვიყავით იმერეთის რეგიონში ჩასახლებულ დევნილებთან, სადაც ვერ მოესწრო დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება, მაგრამ დავპირდით, რომ არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავბრუნდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი მრავალ პრობლემას უკავშირდებოდა, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ძალისხმევითა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მხარდაჭერით მოვახერხეთ პირობის შესრულება. გუშინ და დღეს მიმდინარეობს გამოკვლევები ხონში, წყალტუბოსა და კოპიტნარის დასახლებაში. დევნილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესს თან ახლავს წამლების დარიგება იმ დიაგნოზის საფუძველზე, რომელსაც ექიმები პაციენტებს უსვამენ. სასიამოვნოა, რომ ხალხი ძირითადად კმაყოფილია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პირველი ჩამოსვლის დროს ექიმებმა შეისწავლეს დევნილთა მდგომარეობა და წამლების შერჩევაც სწორედ ამის საფუძველზე მოხდა. მედიკამენტებზე დიდი მოთხოვნილებაა. ამ წამლების მოპოვებაში დაგვეხმარა ბევრი ორგანიზაცია, თუმცა წამლების დეფიციტი მაინც შეიმჩნევა, სამომავლოდ ჩვენ ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ", - განაცხადა ყოლბაიამ.
ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა აქტიურად ემზადება მორიგი სამედიცინო გამოკვლევებისთვის სხვადასხვა რეგიონებში.
„ცოტა მოგვიანებით, დევნილთა სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება დაგეგმილი გვაქვს აჭარაში, სამცხე ჯავახეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში, რისთვისაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით".
მისივე თქმით, მიუხედავად სამართლიანი კრიტიკისა წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემების გამო, გაწეული დახმარებისათვის დევნილები მაინც კმაყოფილებას გამოთქვამენ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობები დევნილთა მიმართ უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენენ.
„იმერეთში ჩვენი წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ზაზა ჩაჩავასთან და ჯანდაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძესთან ერთად ვიყავი ობიექტებზე ხონში. საგულისხმოა, რომ დევნილების დადებითი რეაქცია მოჰყვა ვიცე-პრემიერ კახი კალაძის ვიზიტს ხონში. იგრძნობა ისიც, რომ წლების მანძილზე მოუგვარებელი პროცესები ადგილიდან დაიძრა. მიუხედავად ჩვენ მიმართ სამართლიანი კრიტიკისა, ხონში ჩასახლებული დევნილები მაინც მადლიერნი არიან გაზმომარაგების პროექტის მიმდინარეობის, კულტურის სახლისა და ჯანდაცვის ობიექტების სამომავლო რეაბილიტაციის გამო; იმის გამოც, რომ კალაძის მიერ გაცემულ დაპირებებზე ოპერატიული რეაგირება მოახდინა დევნილთა სამინისტრომ; დევნილებში კმაყოფილება იგრძნობა, რომ კეთდება ის, რაც წლების მანძილზე არ გაკეთებულა. თუმცა ჯერ კიდევ პრობლემურია წყალტუბო, სადაც დევნილები 16 სანატორიუმში არიან გადანაწილებული. აქ ყველაზე მძიმე პრობლემა საკანალიზაციო ქსელთან არის დაკავშირებული; მას შემდეგ, რაც აღდგა წყლის ყოველდღიური მიწოდება, წყლის წნევამ პრობლემები შეუქმნა გაყვანილობას, ჩამოედინება ფეკალური მასები, რაც ანტისანიტარიას და დაავადებების საფრთხეს ქმნის. ეს პრობლემა არ ახალია, ძველია; საერთო ძალისხმევით, ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. იმედი მაქვს, რომ ახლად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად დაინტერესდებიან დევნილთა პრობლემებით. დღემდე გაურკვეველია სანატორიუმების კუთვნილების საკითხი, მოუგვარებელია გადამისამართების საკითხი; ბევრი დევნილი წყალტუბოდან წასულია, ზოგი ბათუმში ცხოვრობს, ზოგი ფოთში და ა. შ. ეს ხალხი ირიცხება წყალტუბოში, ბათუმში ან სხვაგან ცხოვრება კი თავისთავად პრობლემებს ქმნის. იმედი მაქვს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ამ საკითხებსაც მოევლება. რაღა თქმა უნდა, აფხაზეთის მთავრობა ამ პროცესებში თავის წვლილს შეიტანს.
დღეს მოვინახულე საავადმყოფოში მწოლიარე რამდენიმე დევნილი. ასევე შევხვდი გულრიფშიდან დევნილ ახალგაზრდა თვითნასწავლ მხატვარს ნუკრი ფარღალავას. მინდა გითხრათ, რომ მისმა ნამუშევრებმა ნამდვილად გამაოცა. ეს ნიჭიერი ახალგაზრდა საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს. მე მას აღვუთქვი დახმარება პერსონალური გამოფენის მოწყობაში", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ხვალ ის დევნილებს ზუგდიდში შეხვდება.
„ხვალ შეხვედრა მაქვს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დევნილებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ტრადიციისამებრ, ანგარიშს ჩავაბარებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.