2019-07-10
რუსლან აბაშიძე: "ჟენევის ფორმატის ცვლილებებზე საუბრით მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს და შეეცდება პროცესი შეუქცევადი გახადოს"
ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძესთან.
ბატონო რუსლან, დიდი ხანია, საუბრობენ ჟენევის დისკუსიების არაეფექტურობაზე: პროცესები წინ ვერ მიიწევსო. პრეზიდენტმაც ისაუბრა ამ თემაზე, ადრე ტოვიო კლაარსაც [თანათავმჯდომარე] ჰქონდა მსგავსი განცხადება. თქვენ პირველად ესწრებოდით ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რანგში. როგორია თქვენი დაკვირვების შედეგები და ყოველივე ზემოთქმულის ფონზე რამდენად ინარჩუნებს აქტუალურობას ჟენევის ფორმატი?
შესაძლოა, ბევრი შეფასება გაკეთდეს ჟენევის ფორმატთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, რას წარმოადგენს ეს ფორმატი. ის ხომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიქმნა და წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა პირისპირ ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციასთან თანასწორუფლებიან პირობებში, თანაც საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ის უალტერნატივოა ამ კუთხით, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, სტატუსი, რომელიც მას ამ ფორმატში აქვს, შეცვალოს: დიდი სურვილი აქვს, თავი წარმოაჩინოს არა როგორც მხარედ, არამედ როგორც მედიატორმა.
რუსეთის მხრიდან არის ამის თაობაზე კონკრეტული მცდელობები, ზეწოლა?
მუდმივად. რიგ შემთხვევებში განცხადებების, ზოგჯერ ქმედებების დონეზეც აქვს მცდელობა, შეცვალოს ფორმატის ფუნქცია, გაამარტივოს ფორმატის მიმართ დამოკიდებულება და მისთვის სასურველი სტატუს–ქვო შექმნას. ნიჰილისტური განწყობის ჩამოყალიბება ნაბიჯია ამ მიმართულებით.
ანუ, ფიქრობთ, რომ თუ ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლაზე დაიწყო საუბარი, ამით უპირველესად რუსეთი ისარგებლებს?
დიახ. თუ ჩვენ ფორმატის შეცვლაზე დავიწყეთ საუბარი, ერთადერთი შედეგი, რაც შეიძლება, ამას მოჰყვეს, აუცილებლად იქნება შემდეგი: რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ვითარება გამოიყენოს და საკუთარი სტატუსი შეცვალოს, ეს კი მიმდინარე პროცესისთვის საფრთხისშემცველი იქნება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ფორმატი ისევე უნდა დარჩეს, როგორც სადღეისოდ არსებობს.
პრეზიდენტმაც ისაუბრა ფორმატის გაძლიერების, ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობაზე. იყო საუბარი დეტალებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს?
მე პრეზიდენტის განცხადება აღვიქვი, როგორც სურვილი ფორმატის შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებულობის. მას არ უსაუბრია ფორმატის შეცვლაზე. ბუნებრივია, ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ ჟენევა უნდა იყოს შედეგიანი. 48–ე რაუნდი ჩატარდა, მაგრამ, ამ ფორმატში ჩვენი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა: სამწუხაროდ, 10 წლის განმვალობაში, რუსეთის არაკონსტრუქციული მიდგომების გამო ვერ შევძელით კონკრეტული შედეგების დადება. ამდენად, გარკვეულწილად მესმის პოლიტიკოსების, საზოგადოების დაკვეთის, მოთხოვნის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, ფორმატი მეტად იყოს შედეგზე ორიენტირებული.
და ეს როგორ უნდა მოხერხდეს იმ პირობებში, როდესაც რუსული მხარე შეხვედრებს ყოველ ჯერზე დემარშით ტოვებს?
აქ შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ პრეზიდენტის განცხადებაზე. ანუ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რუსეთზე გავლენის მოხდენის საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა მექანიზმი, რათა ჩვენ ჟენევის დისკუსიების ფორმატში მცირე შედეგი მაინც მივიღოთ.
რა გვიშლის ხელს?
ვმუშაობთ ამ საკითხზე. ამის ერთ–ერთი დამადასტურებელი ფაქტია გაერო–ს რეზოლუცია დევნილების საკითხზე, ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ამ მექანიზმების ამოქმედებით შევძლებთ, ჟენევაში ჩამოვაყალიბოთ სამუშაო რეჟიმი, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჟენევის ფორმატის შექმნისას და ამ რეჟიმში შემოვიყვანოთ რუსეთის ფედერაცია, დავიწყოთ, ან გავაგრძელოთ მუშაობა უსაფრთხოების, დევნილებით დაბრუნების საკითხებზე. ვიმეორებ, უნდა გამოვიყენოთ ყველა ორგანიზაცია, იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირი და საქართველოს მეგობარი ქვეყნები. თუ მოვახერხებთ ვუზრუნველვყოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის ამუშავება, გარკვეულ შედეგებზე აუცილებლად გავალთ. ამჟამად კი მრჩება, შთაბეჭდილება, რომ ჟენევაში ვმუშაობთ ცალმხრივი მოთხოვნების რეჟიმში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ პირნათლად.
ანუ, მიუხედავად იმ მოცემულობისა, რაც სადღეისოდ ჟენევაში გვაქვს, რუსეთს მაინც ექმნება დისკომფორტი?
რა თქმა უნდა. მას დისკომფორტს მისი სტატუსი უქმნის. ის ჟენევაში წარმოდგენილია როგორც მხარე.
ჟენევის დისკუსიების 48–ე რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, „ან ვსაუბრობთ ჟენევაში, ან ალტერნატივა არის ომიო“. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ გზავნილის მიზანი? საზოგადოების მუდმივად სტრესში ყოფნა?
დიპლომატიური თვალსაზრისით გრიგორი კარასინმა გამოიყენა ყველა ხერხი. მინდა, შეგახსენოთ თუ რა ფონზე მიმდინარეობდა დისკუსიები: რუსულმა მხარემ ჩაკეტა ენგურის ხიდი, ამასთან რუსეთის მიერ იყო შექმნილი ფონი საქართველოში ოკუპაციის თაობაზე გამოთქმული პროტესტის გამო... ამიტომ, კარასინის განცხადებას მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა. ცალსახად განსაზღვრო, რომ ეს გზავნილი უკავშირდებოდა მხოლოდ ჟენევის პროცესს, ან რაიმე სხვას, ძალიან რთულია. ეს იყო მუქარისშემცველი პოლიტიკური განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და შეიძლება, შეფასდეს როგორც არამეგობრული ჟესტი.
თქვენ პროტესტი ახსენეთ. რა იგრძნობოდა ჟენევაში, საქართველოში 20 ივნისს გამოხატული მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი იყო მოულოდნელი რუსული მხარისთვის? უნდა ითქვას, რომ თავად საქართველოში ეს რიგი ადამიანებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა...
არ მგონია, ეს მათთვის სიახლე ყოფილიყო. ვფიქრობ, რუსეთი უბრალოდ ელოდებოდა რაღაც მიზეზს, რომ ამ საკითხების ერთგვარი კაპიტალიზაცია მოეხდინა. რა იყო მოულოდნელი, ის რომ ოკუპაცია მტკივნეული საკითხია ქართული საზოგადოებისთვის, თუ ის, რომ დევნილები არსებობენ 27 წლის განმავლობაში? 20 ივნისს გამოხატული პროტესტი იყო გულწრფელი რეაქცია ბოლო 10 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე და ამის გასაღება „სიახლედ თუ მოულოდნელობად“, არაკორექტული იქნება, მათ შორის ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან მიმართებაში.
რუსულმა მხარემ ეს პროტესტი მაშინვე „რუსოფობიად“ მონათლა...
ეს არაადექვატური შეფასებაა. ის პროცესი, რაც ჩვენ ქვეყანაში ვითარდება, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში, „რუსოფობიად“ არ შეიძლება მოვნათლოთ. ჩვენ სტუმარს ეთნიკური ნიშნით არ ვარჩევთ. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული პროტესტი, იყო კონკრეტულ ქმედებაზე უკმაყოფილო საზოგადოების გულწრფელი რეაქცია.
რაც შეეხება რუსულ სანქციებს, ფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთთან ასეთ ღრმა ეკონომიკურ დამოკიდებულებაში შესვლა შეცდომა იყო? გასაგებია, რომ მეზობელია, დიდი ბაზარია, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ბაზარი და კრემლის უკანასკნელი გადაწყვეტილებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა...
ამას შეცდომას ვერ ვუწოდებთ, რადგან ეს ბუნებრივი მოცემულობა იყო. როგორც ბრძანეთ, ახლო მეზობელია და აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ბაზრის მასშტაბიც და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობა. შეიძლება, ჩვენ დროულად ვერ განვსაზღვრეთ, როდის უნდა დაწყებულიყო დივერსიფიკაციის პროცესი. ამ პროცესს შეიძლება, დაგვიანებული, ან ნაჩქარევი ვუწოდოთ. არ მიმაჩნია სწორად, ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე იყოს დამოკიდებული შენი ეკონომიკის განვითარება. დივერსიფიკაციის პროცესი კარგა ხანია დაწყებულია, უბრალოდ, რამდენად, პრაგმატულად და ამავდროულად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს ამ პროცესის ფარგლებში რუსეთზე დამოკიდებულებიდან გამოსვლა, ამის თქმა გამიჭირდება.
ენგურის ხიდის ჩაკეტვის შემდეგ პრობლემები შეექმნათ გალში მცხოვრებ აბიტურიენტებს. თქვენ ამასწინათ ბრძანეთ, რომ მათთვის ალტერნატიულ სქემებზე მუშაობთ. ამ მოცემულობაში რას ვთავაზობთ მათ?
უნდა გავითვალისწინოთ, ამ ბავშვებს რა პირობებში უწევთ ცხოვრება და საშუალო განათლების მიღება. ყოველდღიურად ირღვევა მათი უფლებები, გარდა ამისა, ეს ბავშვები რუსიფიკაციის მსხვერპლნი არიან. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად ვუზრუნველვყოთ მათთვის მომავლის პერსპექტივა, რომელიც უმაღლეს განათლებას უკავშირდება. შექნილია მრავალი მექანიზმი ამისთვის, თუმცა არ არის საკმარისი. ჩვენ მათ ასევე უნდა შევთავაზოთ გარკვეული შეღავათები უნივერსიტეტებში ჩარიცხვის კუთხით და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ.
აფხაზეთის მკვიდრებისგან არის ინტერესი? არ ვგულისხმობ მხოლოდ ქართველებს...
მოთხოვნა არის, მაგრამ მაღალია წნეხი და შიში, შესაბამისად, ეს მოთხოვნა არ არის მასშტაბური. ჩვენ პროცესის არ გვეშინია. ვმუშაობთ ამ საკითხზე. ჩვენ პროექტის ამოქმედებისას არ გვქონდა მოლოდინი, რომ მომართვიანობა მასშტაბური იქნებოდა, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ტენდენცია მზარდია, დადებითი დინამიკაა. ჩვენ შეგვიძლია, ხარისხობრივად განსხვავებული განათლება შევთავაზოთ, ვიდრე ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს.
და ბოლოს, ალბათ ხშირად გსმენიათ კრიტიკა აფხაზეთის მთავრობის არსებობის საჭიროებებზე, რომ ფუნქციები შესაძლოა, შეითავსონ სხვადასხვა სამინისტროებმა. რას უპასუხებდით მათ? რატომ არის აუცილებელი ამ უწყების არსებობა?
ძალიან მოკლე და მარტივი პასუხი მაქვს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის გაუქმება ნიშნავს ლეგიტიმაციის და კავშირის დაკარგვას.