აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2018-02-14
ვახტანგ ყოლბაია: "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საკითხის გააქტიურება, პირადად ჩემში, მხოლოდ დადებით რეაქციას იწვევს"

Heritage Foundation-ის, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის ლუკ კოფის მოხსენებას, რომელიც ნატოში საქართველოს დაჩქარებული შესვლის სანაცვლოდ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ნატოს წესდების მე-5 მუხლის მოქმედების დროებით შეჩერებას უკავშირდება, ქართული საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ თემასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საუბრობს.

-    ბატონო ვახტანგ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა Heritage Foundation-ის, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშს, სადაც მისი ხელმძღვანელი ლუკ კოფი წერს, რომ საქართველოს ნატოში მიღებას დააჩქარებს ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მოქმედების დროებით შეჩერება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, სანამ ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არ გადაწყდება. რას ფიქრობთ ამ საკითხზე და არის თუ არა ეს გამოსავალი და რისკის შემცველი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით?
-    სანამ თქვენს კითხვას ვუპასუხებდე, იმთავითქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საკითხის გააქტიურება, პირადად ჩემში, მხოლოდ დადებით რეაქციას იწვევს. მსჯელობა, კამათი, სხვადასხვა ვარიანტების მოხმობა, სიტუაციის გაანალიზება, სამომავლო გათვლები, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელშიც ჩვენი საზოგადოება მუდმივად უნდა იყოს ჩართული. რა დასამალია, რომ საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიების დეოკუპაციისადმი და აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაკარგულ ტერიტორიებად მიიჩნევს. არის მეორე ნაწილიც, რომელსაც ხელი აქვს ჩაქნეული ამ საკითხზე და ყოველგვარ მსჯელობას არასერიოზულად აღიქვამს. საზოგადოების დიდი ნაწილი კი არ ეგუება ამგვარ უსამართლობას და მიაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს პოლიტიკური მიდგომები და ახლი ხედვები უნდა შევიმუშავოთ ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად. ასეთია რეალობა და გვინდა თუ არა, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. 24 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ. ისეთი პერიოდიც კი, როდესაც საქართველოს ერთიან სახელმწიფოს ჩამოშორებული, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხმა მოსაწყენი თემებისთვის განკუთვნილ თაროზე გადაინაცვლა და მისი იშვიათი გააქტიურება მხოლოდ კამპანიურ ხასიათს ატარებდა. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რა ზიანი მიადგა საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას ასეთი მიდგომით. არავინ შემედავება ალბათ იმაში, რომ თუ კი რამ არის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს ერთიან სივრცეში დაბრუნებაა. არაერთხელ მითქვამს და ახლაც მინდა გავიმეორო, დახშული კარი მაშინ გაიღება, როცა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება ჩვენი ერის აბსოლუტური ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცევა.
ახლა, რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, The Heritage Foundation - ის დირექტორი ლუკ კოფი, რომელიც ძალიან ავტორიტეტული ამერიკული საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია, გვეუბნება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია ნატოს წესდების მე-5 მუხლის შეჩერებით და მე-6 მუხლით მიერთებულ პროტოკოლში გათვალისწინებული შესაბამისი ცვლილებების შეტანით, სადაც აღინიშნება, რომ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე ნატოს მეხუთე მუხლის მოქმედება არ უნდა გავრცელდეს, სანამ ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არ გადაწყდება. გვისახელებს პრეცედენტსაც, რომ ანალოგიური შესწორება მიიღეს 1951 წელს, რის შემდეგაც 1952 წელს ალიანსს საბერძნეთი და თურქეთი შეუერთდნენ.

-    ბატონო ვახტანგ, 1951 წელს მსოფლიოში სულ სხვა სიტუაცია იყო. ის, რაც თითქმის 70 წლის წინ შესაძლებლად მიიჩნია ნატომ, რამდენად მისაღები იქნება ახლა?
-    გეთანხმებით, რა თქმა უნდა, სამყარო ახლა სულ სხვა განზომილებაში იმყოფება. მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის ბრძოლა გლობალური პრობლემაა, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთული და დროში გაწელილი აღმოჩნდა. საქართველო, მართალია პატარა ქვეყანაა, მაგრამ ის, ამავე დროს კავკასიის ნაწილიცაა, რომელიც არანაკლებ ფეთქებადსაშიშია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში გაბნეული დიდი თუ პატარა პოლიტიკური ნაღმები, რომელიც დრო და დრო ფეთქდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე აგრესიული ქვეყანა, რომელსაც ასე თუ ისე, ყველა ერიდება, ჩვენი მეზობელი რუსეთია, რომელმაც მოახდინა ქართული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული სამხედრო ბაზები ხელის გაწვდენაზეა განლაგებული. ამ პირობებში, რუსები იმასაც კი გვედავებიან ვაზიანში სამხედრო ბაზას რატომ აშენებთ, რატომ ახდენთ მის მოდერნიზაციას, ჩვენთვის ეს მიუღებელიაო. განა ეს თემები მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს არ უკავშირდება? ვფიქრობ, ასევე გასათვალისწინებელია ლუკ კოფის მოხსენებასთან დაკავშირებით, ჩვენი ექსპერტების მიერ გამოთქმული შეხედულებები, რომელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას მოასწავებს, მეორე ნაწილი კი ამჯობინებს, განვიხილოთ ეს საკითხები და უფრო სერიოზული დასკვნები გავაკეთოთ, ვიდრე ხელაღებით უარვყოთ ყველაფერი. როგორც ხედავთ, მოსაზრებები არაერთგვაროვანია, რაც ალბათ არავის უკვირს საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე.

-    ბატონო ვახტანგ, პირველი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ გაიმართა ლუკ კოფის მოხსენების პრეზენტაცია, სადაც უფრო მეტი განმარტებები გაკეთდა მოხსენებასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პრეზენტაციას?
-    დიახ, ძალიან საგულისხმოა ლუკ კოფის მოხსენების სათაური „ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ის და ევროპის ინტერესებში", როცა ის ამბობს, რომ ახლა შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, თუ როგორ დავაახლოვოთ კიდევ უფრო ნატო და საქართველო, რომ როგორმე შევძლოთ საქართველოს დაჩქარებული წესით ალიანსში მიღება და თანაც დასძენს, რომ მისი შეთავაზება არანაირად არ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული განსჯის საგანია.
როგორც წეღან აღვნიშნე, დიალოგი ამ თემაზე საინტერესო და მისასალმებელია, მაგრამ ხელაღებით დათანხმება შემოთავაზებულ ფორმულაზე, ისე რომ მრავალი გარემოება არ გავითვალისწინოთ, შეუძლებლად მიმაჩნია. გარემოებები კი მრავალია. ერთ-ერთ ინტერვიუში ლუკ კოფიმ განაცხადა, რომ ეს ანგარიში ამერიკის კონგრესსაც და პრეზიდენტის ადმინისტაციასაც გაუგზავნა, საიდანაც პასუხს ელოდება. მან ჯერ არ იცის რა რეაქცია ექნება ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს მის მოხსენებაზე. შესაბამისად, მათი აზრი არც ჩვენ ვიცით, ამის ცოდნა კი აუცილებელია. ჩვენთვის საინტერესოა ასევე, ამ მოხსენებამ საერთაშორისო ხასიათიც შეიძინოს და ვიცოდეთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების და, მათ შორის, არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების და პოლიტიკოსების აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რუსების მოსაზრებას ლუკ კოფის მოხსენებასთან დაკავშირებით, ისინი უკვე წერენ იმის შესახებ, რომ საქართველო მზადაა ნატოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე გაწევრიანდეს. რუსების კიდევ ერთ მოსაზრებაზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. რუსმა ჟურნალისტებმა გრიგორი კარასინს დაუსვეს კითხვა, რა აზრისაა იგი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, კარასინმა უპასუხა, რომ რუსეთი გააგრძელებს მუშაობას პროცესზე, რომელიც არარეგიონული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას არ დაუშვებს. ასეთია მისი კონკრეტული პასუხი დასმულ კითხვაზე, რაც ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. გარდა ამისა, ახლოვდება ივლისში დაგეგმილი ბრიუსელის ნატოს სამიტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვარაუდობენ, რომ ამ სამიტზე საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს საქართველოს ნატოსთან. მეორეს მხრივ, ლუკ კოფი გვიზიარებს ნატოს ზოგიერთი წევრის შეშფოთებას, იმის თაობაზე, რომ საქართველოს ალიანსში მიღება მოსკოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო, რუსეთთან ავტომატურად ომს გამოიწვევს. მაშ როგორღა უნდა მოხერხდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მექანიზმის ამუშავება? ნატოს წესდების მეხუთე მუხლის დროებით შეჩერება საკმარისი არგუმენტია ალიანსისთვის, რომ 28 სახელმწიფომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს და სარისკო ნაბიჯები გადადგას საქართველოს სასარგებლოდ და რუსების ინტერესების საზიანოდ? კარგად ვიცით, რომ დღეს არცერთ ქვეყანას არ აწყობს რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა. მით უმეტეს, როცა სიტუაცია მსოფლიოში ისედაც დამუხტულია და პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევს. ამიტომ გადაჭარბებული ოპტიმიზმი ხშირ შემთხვევაში ცუდი მრჩეველი და მეგობარია. ამას მინდა დავუმატო კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც უმნიშვნელოს ვერ ვუწოდებ. 24 წლის მანძილზე აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთთან დადებული მრავალი შეთანხმებიდან, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, არც ერთი არ შესრულებულა. ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც ამას ხელშეკრულების შინაარსი ითვალისწინებდა. როგოც ხედავთ, კითხვები მრავლადაა და მათ პასუხი უნდა გაეცეს. სწორედ ამისთვისაა საჭირო კამათი, დებატები და დისკუსია, რომელიც ახალი ხედვების და ახალი სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
ეშმაკი დეტალებშიაო იტყვიან, ამიტომ შემოთავაზებული თემის დეტალიზაცია და ღრმად შესწავლა, მხოლოდ სარგებლობას მოგვიტანს. პირადად მე, ამ გზის მომხრე ვარ. არის სხვა საკითხებიც, რომელიც საეჭვოდ მიმაჩნია, მაგრამ ახლა ალბათ არ ღირს ამაზე საუბარი. დადგება დრო, როცა ყველაფერი შეიკრიბება, შეჯამდება და უფრო მეტი რამ გვეცოდინება იმ საკითხის შესახებ, რომელზეც ლუკ კოფი აქცენტირებას აკეთებს. რაც შეეხება დისკუსიას, რომლის დეფიციტიც ნამდვილად გვაქვს და რომელსაც ამერიკელი მკვლევარიც გვთავაზობს, იგი უკვე გახსნილია მთელი საზოგადოებისთვის, რასაც მხოლოდ მივესალმები.