აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„15 წელი გავიდა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან. დღეს ჩვენ 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ გმირი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ნათელ ხსოვნასა და თავგანწირვას.

მჯერა, რომ მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა და უკეთესი მომავლის პერსპექტივა არის ის, რამაც უნდა გაგვაერთიანოს ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან. მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.

კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეუნარჩუნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. მათი თავდადების მაგალითზე ღირსეული თაობები აღიზრდებიან!“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.