მთავრობის აპარატი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ჰოლოზეუმში, მედიაპროექტ „მიამბე აფხაზეთზე“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრსა და პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროექტის ათწლიანი ისტორიის განმავლობაში შექმნილი ვიდეომასალის სპეციალური ვიდეოინსტალაცია, რომელმაც სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, ერთ სივრცეში ეხილათ სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ადამიანების მოგონებები აფხაზეთის შესახებ და ამასთან ვირტუალურად ემოგზაურათ აფხაზეთში.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.
პროექტის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი აერთიანებს საზოგადო მოღვაწეების პირად ნარატივებს, ემოციებსა და მოგონებებს აფხაზეთის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მნიშვნელოვან მედიარქივად ჩამოყალიბდა. „მიამბე აფხაზეთზე“ სხვადასხვა ადამიანების ისტორიების საშუალებით ინახავს საერთო მეხსიერებას აფხაზეთის ქალაქებზე, ადამიანებზე, ბავშვობაზე, თანაცხოვრებასა და დაკარგულ ყოველდღიურობაზე.