აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი თანატოლების მიერ დამზადებული ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გამოფენას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლები დაესწრნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ნამუშევრები და ჩაერთნენ ამ საქველმოქმედო აქციაში. ხელნაკეთი ნამუშევრები დამზადდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ,,შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამა შშმ მოზარდებისთვის"ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში, მოზარდებისთვის ჩატარდა შშმ ბავშვების შრომითი უნარ-ჩვევების განვითარების პრაქტიკული კურსი, რომელიც სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებით შემუშავდა. ისინი ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ სხვადასხვა ჯგუფში, რომელიც ,,ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის „თანადგომა"-ის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ბენეფიციარებმა სხვადასხვა მასალის გამოყენებით, ხელნაკეთი სუვენირების დამზადება ისწავლეს.

პროგრამა ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების გონებრივი, ფიზიკური და შემეცნებითი უნარების განვითარებას, მათი სოციუმში ინტეგრაციის პროცესს.