აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა. შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა, რომლის მიზანიც აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტების გაცნობა, ასევე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.

ვახტანგ ყოლბაიამ მოსწავლეებს აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე, კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და  სამომავლოდ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროექტებზე ესაუბრა, რომლებშიც  სხვა ეროვნების ახლაგაზრდებიც ჩაერთვებიან.

„ყოველთვის საინტერესოა შეხვედრა ახლაგაზრდობასთან, განსაკუთრებით მოსწავლე ახალგაზრდობასთან. თბილისის პირველ სკოლა-გიმნაზიას გამორჩეული კონტინგენტი ჰყავს. ამიტომაც ჩემთვის ძლიან მნიშვნელოვანი იყო, რომ  შეხვედრის ინიციატივა სკოლის მოსწავლეებისგან და დირექციისგან მოდიოდა.  აქ  ხომ აფხაზეთიდან დევნილი ბევრი მასწავლებელი მუშაობს. ჩვენმა შეხვედრამ ცხადყო, რომ  ახალგაზრდებს აინტერესებთ აფხაზეთი. საამაყოა, რომ აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის მიმართ ინტერესი არამც თუ არ დაუკარგავს მოსწავლე ახალგაზრდობას, პირიქით  სამომავლო  ქართულ-აფხაზურ ერთობლივ პროექტებზეც ფიქრობენ, რომელსაც მათი აზრით, პოლიტიკური აკრძალვები წინ ვერ აღუდგება.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ ძალიან გონიერი ახალგაზრდები - მეათე კლასელებთან საუბარმა დიდი სიამოვნება მომგვარა. შევთანმხდით, რომ მათთან ვითანამშრომლებთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან პროექტებში, რომლებიც ნდობის აღდგენის მიმართულებით მუშაობს. ამ საკითხებში თანამშრომლობისთვის მათ მზადყოფნას  მივესალმებით". - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კლასიკური გიმნაზიის სკოლის დირექტორი თამარ კაპანაძე, აფხზეთიდან დევნილი პედაგოგები და უფროსი კლასის მოსწავლეები. შეხვედრა კითხვა-პასუხის წესრიგით წარიმართა და აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით შექმნილი ფილმების ჩვენებით დასრულდა. ვახტანგ ყოლბაიამ გიმნაზიის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.