აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას, ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპირებული რეგიონების საკითხებზე მუშაობენ. შეხვედრისას, მათ ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მწვავედ დგას ოკუპირებულ რეგიონებში.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულება და რუსეთის დუმაში მისი რატიფიკაცია იყო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, რათა ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით, უცხოელი პარტნიორების დახმარებითა და მხარდაჭერით მოგვარდეს. საუბარი შეეხო აფხაზებსა და აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნების მოქალაქეებსაც.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსულტაციების მიზანი განსხვავებულ აზრთა შეჯერება და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაა.