აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი - დევნილთა დასაქმება

საქართველოს მთავრობის და, შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა იგპ-თა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ კუთხით 2015 წლისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება. ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობამ უკვე დაიწყო აქტიური პარტნიორული თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

დევნილთა დასაქმების ხელშეწყობისათვის აფხაზეთის მთავრობის მიერ შემუშავებულია რიგი  სასოფლო-სამეურნეო პროექტები, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია ან მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან. მაგალითად: იაპონიის მთავრობამ გრასრუტის პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორასთვის" გამოყო გრანტი, რომელიც მოხმარდება სამეგრელოს რეგიონში სასათბურე მეურნეობის განვითარებას. ასევე,  მთავრობის აქტიური ჩარევის შედეგად, USAID-ის ქოლგის ქვეშ მყოფმა ორგანიზაცია NEO-მ დაგეგმა გრანტის გამოყოფა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონში ბიზნესინკუბატორისთვის სასათბურე მეურნეობის განვითარებისათვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სოფელ ვაზიანში მინი-სამკერვალო ფაბრიკა „იმედის" ამოქმედება. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოსთან და არაკომერციულ ორგანიზაცია „ჰეიფერ ინტერნეშენალ საქართველოსთან" აფხაზეთის მთავრობის აქტიური თანამშრომლობის შედეგად იგეგმება მეფრინველეობის დარგის განვითარება სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ წალენჯიხის რაიონში. ასევე, სამეგრელოს რეგიონში, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით დევნილებისათვის გადაცემულ 10 ჰ. მიწის ნაკვეთს (სადაც 2014 წელს დევნილებმა საკმარისი რაოდენობის სიმინდის მოსავალი მიიღეს) წლეულს დაემატება კიდევ 10 ჰ., სადაც დასაქმდება დევნილთა ახალი ნაკადი.

დევნილთა დასაქმების მიზნით აფხაზეთის მთავრობა ამჟამად აწარმოებს კონსულტაციებს თურქეთის საელჩოსთან, რათა შედგეს თანამშრომლობა საქველმოქმედო ორგანიზაცია „XXI საუკუნესა" და თურქეთის უმსხვილესი კომპანია „ჰაიატს" შორის თურქეთიდან სარეცხი საშუალებების ჩამოტანისა და ადგილზე დაფასოებისათვის.