აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

პროექტის - „იცნობდეთ ჩემი კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას“ პრეზენტაცია გაიმართა

გალის რაიონის რესურსცენტრის ორგანიზებით პროექტის პრეზენტაცია „იცნობდეთ ჩემი კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას" გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში მოეწყო.

პროექტის ფარგლებში გამოიფინა თემატური ბანერები და გალიდან გადმოტანილი სიძველეები, ფოტო ალბომები. ასევე, მხატვრის დავით ბაძაღუას ნამუშევრები - აფხაზეთის სხვადასხვა ეკლესიების ტილოები. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ისტორიული სამურზაყანოს - გალის რაიონის კულტურული ფასეულობისა და მისი დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. რესურსცენტრმა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ გალის რაიონიდან მიღებულ მასალები აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში შექმნილ კულტურულ ფასეულობათა სამსახურს გადასცა.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო გალის რაიონის 17-ზე მეტმა სკოლამ. საუკეთესო ნამუშევრების წარმომდგენი სკოლები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგორ კოპალიანი, პროექტში ჩართული მოსწავლეები, კოორდინატორი მასწავლებლები და აფხაზეთის სტრუქტურის თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის დიასპორებისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმოამდგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

პროექტის მხარდამჭერი იყო საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება", რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ისტორიული სამურზაყანოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.