აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში 700-მდე დევნილ ოჯახს საშობაო ნობათი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „სოლიდარობის ფონდმა" და მოძრაობამ „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" 27 დეკემბერს დევნილი მოსახლეობისათვის მასშტაბური აქცია გამართა. აქციის ფარგლებში 700-მდე დევნილმა ოჯახმა წინასაახალწლოდ საშობაო ნობათი მიიღო.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში ჩართული იყო კავკასიის ახალგაზრდული ალიანსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო პირები და სასწავლო დაწესებულებები.

მოძრაობის ფარგლებში, 5 დეკემბრიდან მიმდინარეობდა სურსათ-სანოვაგისა და აუცილებელი პირველადი საშუალებების შეგროვება. აქციის ფარგლებში შემოსული პროდუქტები დაურიგდათ II მსოფლიო ომის ინვალიდებსა და ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, არასრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს, მარტოხელა დედებსა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა მშობლებს.

მოძრაობის ფარგლებში მოხალისეებად მუშაობენ აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და სტუდენტები.

მოსახლეობისთვის საშობაო ნობათის გაცემა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში გაიმართა.

აქციის შემდეგ, მოძრაობაში „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" აქტიური ჩართულობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ყველა ორგანიზაცია და ინდივიდუალური მონაწილე დააჯილდოვა. კავკასიის ახალგაზრდულმა ალიანსმა კი პროექტში ჩართულ ყველა მოხალისეს სერთიფიკატები გადასცა.

მოძრაობის მიზანი იყო, საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ადამიანებისადმი თანადგომა და მოხალისეობის კულტურის დანერგვა საქართველოში.

პროექტის ინიციატორი იყო ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი. პროექტში აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა უწყების თანამშრომელი.