აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია „GINO-Paradise“-ის დამფუძნებელ, სლოვაკეთში მოღვაწე ბიზნესმენს ნოდარ გიორგაძეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სლოვაკეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთან და ქველმოქმედთან, კომპანია „EUROCOM INVESTMENT"-ისა და „GINO-Paradise"-ის დამფუძნებელთან ნოდარ გიორგაძეს შეხვდა, რომლის მიწვევით მიმდინარე წლის ოქტომბერში, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 40 ბავშვი სლოვაკეთის ქალაქ ბეშენოვაში დასასვენებლად გაემგზავრა.

ვახტანგ ყოლბაიამ ქართველ ბიზნესმენ თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ კი ნოდარ გიორგაძე საპატიო სიგელით დააჯილდოვა. შეხვედრას ბიზნესმენის ოჯახის წევრები, მთავრობის აპარატის თანამშრომლები და „მშვიდობის მარათონის" პროექტში მონაწილე ბავშვები დაესწრნენ. ბიზნესმენ ნოდარ გიორგაძის ინიციატივით, აღნიშნულ პროქტში მონაწილე ფრიადოსან ბავშვებს დაენიშნათ სტიპენდიები, აგრეთვე ამ პროექტში მონაწილე ყველა ბავშვს საჩუქრად გადაეცათ სპორტულ-სარელაქსაციო კომპლექსი „GINO-Paradise"-ის ბარათი, თვეში ერთხელ სარგებლობის უფლებით. ბავშვები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-სარელაქსაციო ღონისძიებებში.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, ქ. ბათუმისა და გორის მუნიციპალიტეტების, აგრეთვე თბილისის ვაკის გამგეობისა და ფონდ ,,სარაჯიშვილის" მხარდაჭერით განხორციელდა.

29 დეკემბერს ბიზნესმენის მოწვევით აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში „ჯინო ფერედაის" ესტუმრებიან. ასევე, მთელი წლის განმავლობაში აფხაზეთის სკოლის მოსწავლეები თვეში ერთხელ სერიოზული საშეღავათო პაკეტით ისარგებლებენ.