აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის წევრები WKF-ის ვერსიით კარატეს მსოფლიოს ჩემპიონს გოგიტა არქანიას შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები აფხაზეთიდან დევნილ გოგიტა არქანიას შეხვდნენ. ვახტანგ ყოლბაიამ სპორტსმენს მსოფლიო ასპარეზზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და საჩუქრად სმარტ ფონი გადასცა. გოგიტა არქანია პირველი ქართველი კარატისტია, რომელიც WKF-ის ვერსიით კარატეს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გერმანიის ქალაქ ბრემენში WKF ვერსიით მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა 120 ქვეყნის 1 000-მდე სპორტსმენი. საქართველოს ნაკრების წევრმა, აფხაზეთის მკვიდრმა (ქ. ოჩამჩირე) გოგიტა არქანიამ იასპარეზა 84 კგ. წონით კატეგორიაში. მან წარმატებით ჩაატარა ფინალამდე მისასვლელი ყველა ორთაბრძოლა, ფინალში 4:1 დაამარცხა იაპონიის წარმომადგენელი რიუტარო არაგა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

შეხვედრას საქართველოს კარატე-დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და აფხაზეთის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ ჯახაია ესწრებოდნენ.