აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ფოთის საკათედრო ტაძრიდან ქობულეთისა და ბათუმის საკათედრო ტაძრებში გადააბრძანეს

ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ფოთის საკათედრო ტაძრიდან ქობულეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს, შემდეგ კი ბათუმის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს, სადაც პარაკლისი აღესრულა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, დევნილები და მომლოცველები დაესწრნენ. დღეს ამ ხატის ხსენების დღეა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ერთი წლის წინ, 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას თქმით:

„როდესაც ეს ხატი დაიწერა, უწმინდესმა ისურვა, რომ მან მოიაროს მთელი საქართველო, რადგან ის დაწერილია აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ პატრიარქის სურვილს. ხატმა უკვე მოიარა სამეგრელო, ახლა აჭარაში ვართ, ამის შემდეგ სხვა რეგიონებში წაბრძანდება. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მრევლს ამ ხატის ხსენების დღეს და მჯერა, რომ ეს ხატი გაგვიწევს მეგზურობას - აფხაზეთში ჩვენი დაბრუნებისა და აფხაზებთან შერიგების გზაზე", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სექტემბრის ბოლოს, ხატი თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს. 5 ოქტომბერს კი ხატი ქუთაისიდან ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა მალხაზმა (ჭანტურია) გადაიხადა. ხატის გადაბრძანება იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ორგანიზებით მოეწყო.