აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლებას მოითხოვს

27 ოქტომბერს, აფხაზეთში აფხაზური ენის დღეს აღნიშნავენ. საქართველოს კონსტიტუციით, ქართულთან ერთად, აფხაზურ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული.  თავის გამოსვლაში, ენის დღე აფხაზებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა. აღსანიშნავია, რომ აფხაზური ენა იუნესკო-ს მიერ გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი.

რამდენიმე დღის წინ, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ ჟორდანიამ აკადემიის საერთო კრებაზე წამოჭრა საკითხი, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამაში აფხაზური ენის გაკვეთილების შეტანა მოხდეს. მისივე თქმით, ამ ინიციატივაზე ის აფხაზეთის მთავრობასთან ერთად უკვე მუშაობს და სულ მალე, შესაბამისი წინადადებით საქართველოს განათლების სამინისტროს მიმართავს.

„ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ დღეს თუ ხვალ, აფხაზები და ქართველები ერთად ვიცხოვრებთ ერთ სახელმწიფოში, მაგრამ ეს სახელმწიფო იქნება სულ სხვა სახელმწიფო, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული. უპირველეს ყოვლისა, ქართულმა მოსახლეობამ პატივი უნდა სცეს აფხაზურ ენას, აფხაზურმა მოსახლეობამ კი ქართულ ენას. იმისათვის, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვიყოთ, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე, მე წამოვაყენე წინადადება, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლებში, რომელბიც ფუნქციონირებს თბილისში, ზუგდიდსა და სხვა ადგილებში, შემოვიღოთ აფხაზური ენის სწავლება. თუ როგორ და რა პრინციპით, ამას უკვე განათლების სამინისტრო გადაწყვეტს. აღნიშნულ კრებას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი, ბატონი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც ეს წინადადება მოიწონა; სულ მალე ჩვენ ერთობლივ მუშაობას დავიწყებთ, რათა შესაბამისი წინადადებით მივმართოთ განათლების სამინისტროს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით, ჩვენ გვეყოლება ჩვენი სპეციალისტები, რომლებიც ქართველ ბავშვებს ასწავლიან აფხაზურ ენას. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ იმის გამო, რომ ქართული ენა გამოცხადებულია სახელმწიფო ენად, ქართული ენა უნდა ისწავლებოდეს აფხაზურ სკოლებში. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს. გარდა ენისა, ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ აფხაზი ხალხის ყველა კულტურულ გამოვლინებას მეცნიერებაში, ლიტერატურაში და ა. შ. ამ მხრივ, ბევრი რამ კეთდება აქ, თბილისში - გამოიცემა აფხაზური წიგნები აფხაზურ ენაზე, გამოიცა მაღალ დონეზე შესრულებული რამდენიმე ალბომი, რომელიც გვიშვენებს, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს აფხაზ ხალხთან. გარდა ამისა, ჩვენ პირველად აღვნიშნეთ გიორგი შარვაშიძის 150 წლისთავი და ეს ხდებოდა 1996 წელს, როდესაც ომის მიერ გამოწვეული სირთულეები ძალიან აშკარა იყო. პატივი მივაგეთ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ რექტორს, ბატონ ზურაბ ანჩაბაძეს. პატივი მივაგეთ სხვა აფხაზ მოღვაწეებს. ჩვენ ახლახანს აღვნიშნეთ გამოჩენილი აფხაზი სწავლულის, ისტორიკოსის, გიორგი ძიძარიას ასი წლისთავი თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამონაწილეობით. ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, „რადიო თავისუფლებისა" და სხვა საინფრომაციო საშუალებების მეშვეობით. ვფიქრობ, ასეთი კონკრეტული ურთიერთპატივისცემის შემთხვევების შემდეგ, შედეგიც აუცილებლად დადგება", - აღნიშნა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ ჟორდანიამ.