აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ თანამშრომლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას შეხვდნენ. შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას ჟენევის 29-ე რაუნდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ ჟორდანიამ, ვიცე-პრეზიდენტებმა პაატა კოღუაშვილმა და თემურ ჩილაჩავამ აფხაზეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა მეტი მუშაობა აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან ნდობის აღსადგენად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ შემუშავებულ ინოვაციურ პროექტებს სხვა და სხვა მიმართულებით მათ შორის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის დარგებში.

„თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია ის განწყობა, რომელიც თან ახლავს ჟენევის მოლაპარაკებებს. დღეისთვის ეს გახლავთ ერთადერთი მოედანი, სადაც აფხაზები, ოსები და ქართველები ვხვდებით ერთმანეთს. თავად მე ჟენევის ხუთ რაუნდში მივიღე მონაწილეობა. მოლაპარაკებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია დევნილთა დაბრუნების თემა. არ დაგიმალავთ, მუდმივად არის იმის მცდელობა, რომ ეს საკითხი ამოღებულიყო დღის წესრიგიდან და ტაბუდადებულ თემად ქცეულიყო. მაგრამ მონაწილეთა უმრავლესობას ესმის, რომ დევნილთა საკითხის გარეშე ჟენევის მოლაპარაკებების ეს ფორმატი საერთოდ აზრს დაკარგავს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ასევე კულტურული მემკვიდრეობის თემა, რომელიც ძალიან მტკივნეულია ყოველი ჩვენგანისთვის. აფხაზურ მხარეს ჩვენ ვთავაზობთ იქ არსებულ კულტურულ ძეგლებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იუნესკოს ექსპერტების დაშვებას, რომ მათ ძეგლების შეფასება მოახდინონ. ვამუშავებთ სხვადასხვა ვარიანტებს, რომ როგორმე ამ კუთხით აფხაზებთან შეთანხმებას მივაღწიოთ.

ვფიქრობ, ბოლო მოვლენები აფხაზებს არწმუნებს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ და აფხაზებს მოგვიწევს საკუთარი შეცდომების აღიარება და იმის თქმა, რომ ეს დროებითი გაყრა იყო, რომელმაც კვლავ ერთად ყოფნის და შეერთების სწორი და გარდაუვალი გზა გვაპოვნინა", - განაცხადა მოხსენებით გამოსვლისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.