აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია წყალტუბოსა და ხონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია წყალტუბისა და ხონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. ყოლბაია ამ ქალაქებში ზუგდიდიდან გაემგზავრა, სადაც უკვე მეორე დღეა, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, დევნილთა უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. ყოლბაია წყალტუბოში შეხვდა პანსიონატ „საქართველოში", „მეგობრობაში", „სამგურალში", ახალ დასახლებასა და ახლად რეაბილიტირებულ საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილებს, ხონში კი სამხედრო დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ის ადგილზე გაეცნო დევნილთა პრობლემებს, დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები და მათთან ერთად იმსჯელა ამ პრობლემათა მოგვარების გზებზე. მისივე თქმით, არის საკითხები, რომელიც ძალიან მალე უნდა გადაწყდეს. ამ საკითხების მოგვარებას  შესაბამის სამსახურებთან ერთად ის უახლოეს დღეებში შეუდგება.

„გუშინ და დღეს შეხვედრები მქონდა წყალტუბოსა და ხონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან. მე მათთან თვენახევრის წინაც ვიყავი და  მინდოდა მენახა რა კეთდებოდა. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ეს ძირითადად ეხება ბინების დაკანონების საკითხს, კეთილმოწყობის სამუშაოებს, საცხოვრებლების გადახურვას. ამასთან დაკავშირებით შემუშავებული გვაქვს ახალი წინადადებები. ამ შეხვედრებს ესწრებოდა ის ხალხიც, ვინც დევნილთა ინტერესებს წარმოადგენს, მათ შორის ჩვენი რეგიონალური მართვის სამინისტრო - აპარატის ხელმძღვანელი კოტე კუჭუხიძე და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვაძაბია. შევხვდით დევნილთა ადგილობრივი მმართველობის საინიციატივო ჯგუფებს. ჩამოვწერეთ ყველა ის საკითხი, რომლებიც აუცილებელ, გადაუდებელ გადაწყვეტას საჭიროებს. ესენია  გაზმომარაგების საკითხი, კეთილმოწყობა, ბინების დაკანონება. ეს პრობლემები რამდენიმე უწყებას ეხება და მე დევნილებს პირობა მივეცი, რომ თბილისში ჩასვლისთანავე დავსვამ საკითხს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან და მათთან ერთად მოვძებნი ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს. შეუძლებელი არაფერია, მაგრამ დევნილებმაც იციან, რომ არის საკითხები, რომლებსაც გრძელვადიანი მიდგომა სჭირდება და არის საკითხები, რომლებიც დიდ ფინანსურ დანახარჯებს არ მოითხოვს და ოპერატიულად, უახლოეს დროშიც შეიძლება  მათი მოგვარება", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.