აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ქვემო ქართლში მცხოვრები დევნილებისთვის სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

დღეს, ქვემო ქართლში მცხოვრები დევნილთათვის სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. სამედიცინო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პროფილის ექიმებმა დევნილთა სამედიცინო დაწესებულებებიდან: თერაპევტმა, პედიატრმა, კარდიოლოგმა, ნევროლოგმა, გინეკოლოგმა, ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, ოტორინოლარინგოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, აგრეთვე ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილმა სპეციალისტმა, ექიმ-ლაბორანტმა, დერმატოლოგმა. დევნილებს ასევე ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე პროგრამების შესახებ. მათ ასევე  გადაეცათ ჰუმანიტარული ტვირთი და მედიკამენტები.

სოფ. ვაზიანში 500-მდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის  85 ბავშვია რეგისტრირებული.