აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც დევნილთა ჩასახლებების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრები ავტომშენებლის ქუჩა №41-ში, „აეროპორტის ადმინისტრაციის შენობასა“ და „აეროპორტის სასტუმროში“ გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ ადგილზე არსებულ მდგომარეობას და დევნილ მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.
გიორგი ჯინჭარაძის თქმით, მნიშვნელოვანია დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირება, სწორედ ამიტომ, აფხაზეთის მთავრობა აქტიურად არის ჩართული კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ პრობლემათა გადაჭრის პროცესში.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ დევნილ მოსახლეობასთან ქუთაისში. ჩვენ იდენტიფიცირებული გვქონდა ის პრობლემები, რომელიც ამ კომპაქტურ ჩასახლებაშია და ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ყველა ეს საკითხი მოვაგვარეთ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. აფხაზეთის მთავრობის მიზანზე ორიენტირებული პროექტის გათვალისწინებით, სამომავლოდ ჩვენ დევნილებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის მიზნით, აფხაზეთის მთავრობა შეხვედრებს ეტაპობრივად ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში გამართავს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტ „ტექნოლოგიური კვირეული 2025“-ის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა მიმართეს, რომელთაც ახალგაზრდებთან ტექნოლოგიური ინოვაციების შესწავლის ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.
„მოხარული ვარ, რომ ასეთი კარგი და მიზანზე ორიენტირებული პროექტი გამოვიდა. სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს ჩვენი დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რათა მათ შეიძინონ ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს და „ტექნოლოგიური კვირეულის“ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტექნოლოგიური კვირეულის ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები გაეცნენ თანამედროვე ინოვაციებს, გაიღრმავეს ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით და მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ყაზახეთის ქალაქ თალდიყორღანში მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „BIKEN FEST“-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 16 სექტემბერს მაყურებელს სპექტაკლს „რომეო და ჯულიეტა“ წარუდგენს.
საფესტივალო სამზადისის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის რეპეტიციას დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარე დასის წევრებს შეხვდა, საერთაშორისო ფესტივალზე წარმატება უსურვა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
მთავრობის თავმჯდომარემ სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, განათლების მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებს გაეცნო და სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე საჭიროებებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაღებად არის საჭირო.
როგორც გიორგი ჯინჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აფხაზეთის მთავრობისთვის პრიორიტეტულია, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან განათლებასა და განვითარებას.
„აფხაზეთის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომ ჩვენი მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს გაუმჯობესებულ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეხვდნენ. ეს არა მხოლოდ სასწავლო პროცესის ხარისხს აუმჯობესებს, არამედ მოსწავლეების მოტივაციასაც ზრდის. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლას ახალი საკლასო ოთახები დაემატება და მოსწავლეები უფრო კომფორტულ გარემოში განაგრძობენ სასწავლო პროცესს.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერისა და იმ პროექტების განხორციელებისთვის, რომლებიც პირდაპირ არის მიმართული აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ქმნის იმის საფუძველს, რომ მოსწავლეებს განათლების მისაღებად საუკეთესო პირობები ჰქონდეთ“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებული ინფრასტურქტურის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, რათა ახალ სასწავლო წელს სკოლები სრულად მომზადებულები შეხვდნენ.