აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 16 დევნილ შშმ პირს გადასაადგილებელი ეტლი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაბა წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილ რეზო ჯაფარიძეს გადასაადგილებელი ეტლი გადასცეს.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის ფარგლებში გადასაადგილებელი ეტლი მთელი საქართველოს მასშტაბით 16 აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირს გადაეცემა.

პროექტის - „კლასგარეშე დისტანციური სწავლების დანერგვა“ - განხორციელების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში პროექტის - „კლასგარეშე დისტანციური სწავლების დანერგვა“ - განხორციელების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ახორციელებს.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის უფროსი ნონა შონია და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნანა კვარაცხელია.
 
პროექტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ საშუალო სკოლებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლებში დისტანციურ სწავლებას ითვალისწინებს და ამ სკოლებისთვის დამატებით სასწავლო რესურსს წარმოადგენს. პროექტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ საქართველოს სხვა რეგიონებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმოდგენილი საკითხით დაინტერესებულ მოზარდებს.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს I-დან xII კლასის ჩათვლით. რეგისტრაციის გავლა, სხვადასხვა სასწავლო კურსის მიხედვით, შესაძლებელი იქნება ონლაინელექტრონულ ბმულზე (მისამართს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ).
შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ხსენებულ პროექტში მოსწავლეების ჩართულობას.
რუსლან აბაშიძემ ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა დუშეთში, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მემორიალთან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის მონაწილეები იმყოფებოდნენ.

„2 ივლისი ჩვენი ქვეყნის  უახლეს ისტორიაში  ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ტამიშის  ბრძოლა საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ქართველი ჯარისკაცების  თავგანწირვისა და გმირობის უდიდესი მაგალითი. პატივს მივაგებთ ჩვენი მებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს შესწირეს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე. ყოველი ასეთი დღე  მაგალითია ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რათა არასდროს დაივიწყონ როგორ იბრძოდნენ მათი მშობლები და წინაპრები სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს  მშვიდობა  და  ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2016 წელს დაწესდა.  სტიპენდიების დაწესება ემსახურება მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციას.

  • დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი  აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
  • ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გამიზნულია (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
  • ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წელს დააწესა. სტიპენდია გამიზნულია სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების ბაკალავრიატის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 70% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სტუდენტური ნაშრომები, მონაწილეობდნენ კონფერენციებში  და  არიან   საზოგადოებრივად  აქტიურები.

სტიპენდია გამიზნულია ასევე  სსიპ - სოხუმის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ კონფერენციებში  და  არიან  საზოგადოებრივად   აქტიურები.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის  მსურველთა  განცხადებების   წარდგენის ვადაა 2020 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხოლო ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მსურველების განცხადებების   წარდგენისა - 2020  წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართები:

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა გ. კოკაიამ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა გ. კოკაიამ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ტერიტორიული ორგანოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობა, მოხელეთა შეფასების პროცესის მნიშვნელობა, ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები და სხვა მიმდინარე საკითხები.

 

რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ნორვეგიელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია და სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ უცხოელ დიპლომატს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებს და COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში დევნილი საზოგადოების ჩართულობით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ელჩის მრჩეველი დავით მაღრაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე თბილისში, ყოფილი 165-ე ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, ყოფილი 165-ე ბაგა-ბაღის კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და შპს „უშბა დისტილერის“ მხარდაჭერით ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 34 ოჯახს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში  სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა.

მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, მოისმინა მათი სოციალური პრობლემები და კორპუსში ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე და შპს „უშბა დისტილერის“ დირექტორი დიმიტრი აბესაძე იმყოფებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამუშაო შეხვედრა გამართა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ უწყების 6 თვის ანგარიში წარადგინა. საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის დროს მინისტრის აპარატის მიერ სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად განხორციელებულ პროგრამებს.

პრეზენტაციაზე პროგრამის „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიებები - „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის“ და „სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ განიხილეს. 

შეხვედრაზე,  ასევე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი სერგო პაჭკორია გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული მსახიობი, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი სერგო პაჭკორია 60 წელი იდგა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის  სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. ის თავის კოლეგებთან ერთად ქმნიდა ამ თეატრის ისტორიას, მის შემოქმედებით ცხოვრებას, მათ შორის ოქროს ხანად წოდებულ პერიოდს.

სერგო პაჭკორიამ დიდი ოსტატობით აღბეჭდილი სახეები შექმნა ისეთ გახმაურებულ სპექტაკლებში, როგორებიცაა უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ (ანტონიო), კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ (ზვიად სპასალარი), გურამ ბათიაშვილის „1832 წელი“ (ნიკოლოზ ფალავანდიშვილი), ჰ. იბსენის „ბრძოლა ტახტისათვის“ (ნიკოლასი), ნ. დუმბაძის „ერთი ცის ქვეშ“ (ხრისტო), დემნა შენგელაიას „ბათა ქექია“ (ბათა) და ა. შ. მის მიერ შესრულებულ თითქმის 150 როლში აისახა მსახიობის თანამედროვე  ეპოქა თავისი ჭირ-ვარამითა და ქარტეხილებით. მან, როგორც სოხუმის თეატრის მთელმა დასმა, საკუთარ თავზე იწვნია საქართველოს ძიძველი კუთხის აფხაზეთის თავზე დატეხილი უბედურება და დევნილის უმძიმესი ხვედრი გაიზიარა.

სერგო პაჭკორია არა მარტო გამორჩეული მსახიობი, არამედ გამორჩეული პიროვნება იყო, მისი თითოეული პერსონაჟიც (დადებითი თუ უარყოფითი) გამოკვეთილი პიროვნული თვისებებით ამახსოვრებდა მაყურებელს თავს.

„მადლობა ჩემს მაყურებელს გულწრფელი ტაშისთვის, რომელიც ხშირად სიხარულის ცრემლებს მგვრიდა“, - თქვა ერთ-ერთ საიუბილეო საღამოზე სერგო პაჭკორიამ, რომლისთვისც მაყურებელს ანალოგიური სათქმელი ჰქონდა: „მადლობა თქვენს მიერ განსახიერებული გულწრფელი როლებისათვის, რომელიც ხშირად ცრემლებს გვგვრიდა“. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება ქმნიდა საოცარ კავშირს მსახიობსა და მაყურებელს შორის, რის გამოც ორივე ბედნიერი იყო. და ეს ბედნიერი დღეები და წლები ყოველთვის ემახსოვრება სოხუმელ მაყურებელს. 

თეატრმცოდნე ნათელა არველაძე წერდა: „სერგო პაჭკორიას ნიღბები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ბუნება, ისეთივე მრავალგვარია, როგორც ცხოვრება, ისეთივე მბორგავი, სევდიანი, დამაფიქრებულია, როგორც ადამიანი“.

წავიდა ჩვენგან გამორჩეული მსახობი, მბორგავი და ამავე დროს დაფიქრებული პიროვნება, რომელსაც თან გაჰყვა მშობლიურ ქალაქ სოხუმსა თუ მის განუყოფელ თეატრში დაბრუნების სევდა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/ რ მინისტრის აპარატმა ანგარიში წარადგინა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტოპნომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს, მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციაზე პროგრამის „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში განხორციელებული  პროექტები შეაჯამეს, ასევე საერთაშორისო ღონისძიებები - ,,დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის“ და „სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“. 

ანგარიშში, პანდემიის პირობებში არსებული სოციალური და სამოქალაქო  პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მინისტრის აპარატის მიერ, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში დაგეგმილი და ჩატარებული სამუშაოების, მათ შორის სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით,  ომის ვეტერნ, სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დევნილი ოჯახების მიმართ გაწეული დახმარების შესახებაც ისაუბრეს.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად თბილისში, ყოფილი 165-ე ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, ყოფილი 165-ე ბაგა-ბაღის კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და შპს „უშბა დისტილერის“ მხარდაჭერით ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 34 ოჯახს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა.

მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, მოისმინა მათი სოციალური პრობლემები და კორპუსში ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უფროსი დავით ძალამიძე და შპს „უშბა დისტილერის“ დირექტორი დიმიტრი აბესაძე იმყოფებოდნენ.

პროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში აფხაზეთის №14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ პროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში აფხაზეთის №14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცათ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწყებულ აქციას წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ შეუერთდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში მდებარე აფხაზეთის №14 საჯარო სკოლაში „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია იმყოფებოდა, რომელმაც დევნილ ახალგაზრდებს მაღაზია „ბიბლუსის“ მიერ გადმოცემული წიგნები გადასცა.

ღონისძებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია იმყოფებოდა.

საქართველოს პარლამენტში პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

პრემიერმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად.

„უნდა დავიწყოთ უსაფრთხოებით, რამეთუ დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და დღეს ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა. პირველ რიგში ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20 პროცენტით, ჩვენი ეკონომიკა არის შეზღუდული კიდევ უფრო მეტად და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ ყველამ ერთად. აქ ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, დღეს უაღრესად პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაწყებული ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებით, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფით, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვით, გადაადგილების შეზღუდვით, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას კარგად გვესმის, რომ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა რა თქმა უნდა ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი",  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას და ოკუპაციის პრობლემების მოგვარების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის და მათთან აქტიური თანამშრომლობის  მნიშვნელობას.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცხინვალის რეგიონი, ისევე როგორც აფხაზეთი, ოკუპაციის ტერიტორიის იქითა მხარეს, ეს არის ჩვენი მოქალაქეები და ყველა ის სახელმწიფო სერვისი და მომსახურეობა, რომელსაც ჩვენ ვაწვდით დღეს ჩვენს მოქალაქეებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი ყველა მოქალაქისთვის. რა თქმა უნდა ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად და აქ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები ეს არის ის უმძიმესი და უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება, როგორც ჩვენი უშიშროების, უსაფრთხოებისთვის , ასევე საგარეო პოლიტიკისთვის. საერთაშორისო საზოგადოების პროაქტიულ რეჟიმში მობილიზება, საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის შექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური შრომის საგანი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 49-ე და 50-ე რაუნდები იყო კარგი მაგალითი იმისთვის, თუ როგორ ვამკვიდრებთ ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელობის საკითხს, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა და ეს მშვიდობიანი გზა გადის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ პროაქტიულ ჩართულობაზე ამ პროცესებში. მნიშვნელოვანია აგრეთვე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების უპირობო აღდგენა. ეს იყო და არის ერთადერთი კომპონენტი, სადაც ჩვენ შეგვეძლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ამ მექანიზმების შეზღუდვა, ისევე როგორც დროებითი გამშვები პუნქტების გრძელვადიანი გაჩერება, გადაადგილების გრძელვადიანი შეზღუდვა პირდაპირ არის რისკი ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ამ მიმართულებით მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა.

ფოცხოეწერში მცხოვრებმა დევნილმა ახალგაზრდებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს

პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ“ ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ მარტვილის კანიონში უმასპინძლა. მოზარდებმა მდინარე აბაშაზე ნავებით გაისეირნეს და კანიონის ულამაზესი ადგილები დაათვალიერეს.

დღესვე ახალგაზრდებმა დადიანების სალხინოს სასახლე მოინახულეს და მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც ქვის და ბრინჯაოს ხანის უნიკალური არქეოლოგიური მასალაა დაცული.

დევნილი მოზარდებისთვის გამართულ საქველმოქმედო აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად ჩართული იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია.

ღონისძიებაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა“ სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია მონაწილეობდნენ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა“ სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

რუსლან აბაშიძე ხონის დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ხონში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად კულტურის ცენტრის და საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობები დაათვალიერა.

რუსლან აბაშიძე და ლადო ჯურხაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით რამდენიმე მნიშვნელოვანი სამომავლო ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის კულტურის ცენტრის განვითარების მიმართულებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ხონის დევნილთა დასახლებაში კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკას წიგნები და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ნახატი გადასცა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანოს უფროსი ბესიკ ჭანტურია, სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაჩანა ბასილაია იმყოფებოდნენ.