აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ფარგლებში ქმნის საინფორმაციო ბანკს საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე.

პროექტი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები   (სასწავლებლად ან სამუშაოდან წასული) აფხაზეთიდან ლტოლვილი ახალგაზრდების მოძიებას, მათზე ინფორმაციის მოპოვებას - სად და როდიდან იმყოფებიან იქ, რა გზა გაიარეს, როგორ გადალახეს წინააღმდეგობები და როგორ მიაღწიეს ამა თუ იმ წარმატებას;   ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად კი დაეგზავნებათ მათ სპეციალურად შედგენილი ანკეტები.       

პროექტის მიზანია ზემოთ ხსენებული კატეგორიის ახალგაზრდებთან ვირტუალური კონტაქტის დამყარება, დამეგობრება და საბოლოოდ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით კრებულის გამოცემა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოგვეხმაურონ და მოგვაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია ნომერზე - 577 09 22 42.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ახალი შინაგანაწესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საკითხი ძირითად შეეხებოდა იმ საჯარო მოხელეთა განცხადებებისა და წინადადებების განხილვას, რომლებსაც სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ და ამ ბავშვების შესაბამის დაწესებულებაში მიყვანა და დატოვება იწვევს შინაგანაწესით გათვალისწინებული სამუშაო დროის უნებლიე დარღვევას.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. განხილულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პრაქტიკა. საბოლოოდ, რათა წამოჭრილმა პრობლემამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს სამსახურეობრივ გარემოზე, მოსამსახურეთა მხარდაჭერის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო დროსთან დაკავშირებით დაწესდეს გარკვეული შეღავათი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფილმის “მშვიდობისა და ერთიანობისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში "მშვიდობისა და ერთიანობისათვის" ფილმის ჩვენება გაიმართა.

ფილმი მომზადებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური ტელევიზიის მიერ და ასახავს პირველ ექსპედიციას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ალპინისტთა კლუბის, თანამშრომლებისა და სტუდენტების მიერ  აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალის დალაშქვრას, რომელსაც აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.

პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა მშვიდობისა და ერთიანობის ალპინიადაში მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების დაჯილდოება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარე ჯემალ გახოკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები.

შეხვედრა იუსტიციის დეპარტამენტში

ამა წლის 23 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ იუსტიციის მინისტრსა  და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონ ოთარ ბენიძესთან.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.

მოწვეულმა სტუმარმა, ბატონმა ოთარ ბენიძემ ისაუბრა აფხაზეთის კონფლიქტის სამართლებრივ–პოლიტიკური ასპექტებზე. გაიხსენა კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეხვედრები და მათ მიერ დადებული ხელშეკრულებები. ასევე, მიმოიხილა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საერთაშორისო აქტები, რეზოლუციები და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას.

შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების როლი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში და ის საკანონმდებლო პრობლემები, რომლებიც დღის წესრიგში დგას ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ იურისდიქციის თვალსაზრისით.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტისა და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლები.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ითავლისწინებს თანამშრომლობას სამეცნიერო - კვლევით საქმიანობაში ქართულ - აფხაზური კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ინოვაციურ კვლევებზე დაფუძნებულ უწყვეტი განათლების მიღების გზით, ერთობლივი სოციოლოგიური კვლევების ჩატარებას აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემების შესასწავლად და სათანადო მეცნიერული რეკომენდაციების შესამუშავებლად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღზრდილის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად მიმართული ღონისძიებების ერთობლივად ჩატარებასა და კოორდინაციას.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარე ჯემალ გახოკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები.

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

2007 წლიდან ყოველ 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე  აღინიშნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ დღეს ტრადიციულად აფხაზური ენის კვირეულის სახით ეხმიანებიან. კვირეული წლეულს 22 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე გასტანს. კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.

2018 წლის 22 ოქტომბერს აფხაზური ენის კვირეული გაიხსნა სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში, რომელსაც ესწრებოდნენ მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექცია.

კონფერენციაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ფარულავამ წარმოადგინა თემა ქართველი და აფხაზი ხალხის ძირძველ ურთიერთობაზე, კულტურულ ფასეულობებზე, შერვაშიძეთა საგვარეულო ისტორიაზე, სოხუმში ილია ჭავჭავაძის სტუმრობასა და მისი მასპინძლობის შესახებ; სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნარგიზა ნარსიამ მოიხმო ეპიზოდები 70-80-იანი წლების აფხაზეთის კულტურული ცხოვრებიდან, ისაუბრა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თატრის როლზე, იქ მოღვაწე გამოჩენილ მსახიობებზე, აფხაზ და ქართველ პოეტებზე; სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ლანა კვაშილავამ წაიკითხა თემა: „ცოტა რამ გიორგი შარვაშიძისა და XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი ინტელიგენციის ურთიერთობიდან; აფხაზური ენის მასწავლებელმა ანგელინა გოგიამ ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და შეეხო ქართველთა და აფხაზთა ქორწინებას, რომლის ნათელი მაგალითი მისი საკუთრი ოჯახია. მან ისაუბრა აგრეთვე  სკოლაში აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე.

აფხაზური ენის კვირეული აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში გაიმართება.

 

 

2018 წლის 22 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს  ინფორმაცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის, აფხაზეთის ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდეციების შესრულების შესახებ.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 2017 წლის მიზნობრიობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე აფხაზეთის კანონის პროექტი.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადება აფხაზეთში პალმების გაჩეხვასთან დაკავშირებით

სოხუმში, სანაპირო ზოლის გასწვრივ დაიწყო აფხაზეთის სიმბოლოდ ქცეული ასწლოვანი პალმების გაჩეხვა. როგორც ცნობილი გახდა, პალმების გაჩეხვა გამოწვეულია მავნებელი მწერის გავრცელებით, რომელმაც ზღვისპირა ქალაქში დააზიანა პალმები და საფრთხე შეუქმნა სხვა კულტურებსაც. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენთან შეთანხმებით, დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. სამწუხაროდ, გაუგებარი,სუბიექტური მიზეზების გამო, როგორც ჩანს სოხუმი კვლავ არ აღმოჩნდა მზად ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად. პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ აფხაზეთის იქ არსებულ დღევანდელ ხელისუფლებას, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად სოხუმში დაუშვან საერთაშორისო სპეციალისტები. ჩვენი პასუხისმგებლობაა მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ ის გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მათ მშვიდობიან ცხოვრებას ეკოლოგიურად ჯანსაღ, ბუნებრივ გარემოში. - კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზაობას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან.

იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა

იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დევნილთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის რეფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა.

 

შეხვედრას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი იგორ კოპალიანი. შეხვედრაზე დეტალურად განხილულ იქნა დევნილთა მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა და მომზადდა კონკრეტული წინადადებები.

შემაჯამებელი შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა.

განცხადება აფხაზეთში პალმების გაჩეხვასთან დაკავშირებით

სოხუმში, სანაპირო ზოლის გასწვრივ, აფხაზეთის სიმბოლოდ ქცეული ასწლოვანი პალმების გაჩეხვა დაიწყო . როგორც ცნობილი გახდა, პალმების გაჩეხვა გამოწვეულია მავნებელი მწერის გავრცელებით, რომელმაც ზღვისპირა ქალაქში დააზიანა პალმები და საფრთხე შეუქმნა სხვა კულტურებსაც. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. სამწუხაროდ, გაუგებარი, სუბიექტური მიზეზების გამო, როგორც ჩანს სოხუმი კვლავ არ აღმოჩნდა მზად ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად. სპეციალისტების განცხადებით, პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სვეტლანა ქეცბას ხსოვნის საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში სვეტლანა ქეცბას ხსოვნის საღამო გაიმართა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სვეტლანა ქეცბას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. საღამოზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც ისაუბრა სვეტლანა ქეცბას დამსახურებაზე და წვლილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საქმეში. გამომსვლელებმა გაიხსენეს აფხაზი ქალბატონის ცხოვრება და მოღვაწეობა.  საღამო მუსიკალურად გააფორმა წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის მგალობელთა გუნდმა.

17 ოქტომბერს სვეტლანა ქეცბას 85 წელი შეუსრულდებოდა. მას სიცოცხლეშივე მიენიჭა ღირსების და წმინდა გიორგის ოქროს ორდენები, დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ქართული და აფხაზური კულტურის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის, ორი მოძმე ხალხის ურთიერთობების, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

დღეს სვეტლანა ქეცბას 85 წელი შეუსრულდებოდა

17 ოქტომბერს საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღვაწლმოსილ აფხაზ ქალბატონს სვეტლანა ქეცბას 85 წელი შეუსრულდებოდა.

ფასდაუდებელია სვეტლანა ქეცბას ღვაწლი  საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში ქართულ-აფხაზური  კულტურისა და ურთიერთობის შენარჩუნების საქმეში.

აფხაზი ქალბატონი დაუღალავად ემსახურა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეას, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების დათბობასა და მათ შორის შერიგების ხიდის აღდგენას.

სვეტლანა ქეცბას ცხოვრება და მოღვაწეობა მუდმივად აფხაზეთთან იყო დაკავშირებული. ის სხვადასხვა დროს  ქალაქ სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის და აფხაზეთის კულტურის მინისტრის თანამდებობებზე,  ხოლო სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა.

სვეტლანა ქეცბას სიცოცხლეშივე მიენიჭა ღირსების და წმინდა გიორგის ოქროს ორდენები. ის, ასევე, დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ქართული და აფხაზური კულტურის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის, ორი მოძმე ხალხის ურთიერთობების, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

აფხაზი ქალბატონის სვეტლანა ქეცბას მიერ ღირსეულად განვლილი ცხოვრების წლები, აქტიური სამსახურებრივი საქმიანობა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა  საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უანგარო სიყვარულის, მის ნათელ მომავალზე ზრუნვისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღსადგენად საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გახარჯვის საუკეთესო და მისაბაძი მაგალითია.

თბილისში აფხაზური ენის დღე აღინიშნა

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, დიმიტრი გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გვირგვინით  შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით  აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული ჩატარდა. აფხაზური ენისა და კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით  საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, კონკურსები და გამოფენები გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვეტერანებს „ვეტერანის დღეს“ ულოცავს

ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ „ვეტერანის დღეს". დიდია ვეტერანთა ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე. თქვენი გმირობა, ვაჟკაცობა და თავგანწირვა სტიმული და მისაბაძი მაგალითია მომავალი თაობებისთვის.

სახელმწიფოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა სწორედ სამშობლოსთვის თავდადებული და პატრიოტი ადამიანების შემართებაზე დგას. არ უწერია გადაშენება იმ ქვეყანას, რომელსაც ასეთი თავდადებული მეციხოვნეები იცავენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მადლობას გიხდით თქვენ ერის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, სულის მხნეობას და ფიზიკურ სიჯანსაღეს გისურვებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში.

აქვე, უდიდესი გულისტკივილით გვსურს მოვიხსენიოთ ათასობით დაღუპული გმირის სახელი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანეს, ქედს ვიხრით მათი ვაჟკაცობისა და ხსოვნის წინაშე.

ზესტაფონში აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რევაზ ლაღიძის სახელობის ზესტაფონის პირველ მუსიკალურ სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის გამგეობის ორგანიზებით აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი..." გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი „ჰარმონია" - ზესტაფონის სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, პოეტი ვერონიკა ვერულაშვილი და მუსიკოსი დოდო მერკვილიშვილი. ღონისძიებაზე აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპული მეომრები გაიხსენეს.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია მიესალმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ქართველთა და აფხაზთა ერთად ცხოვრება გარდაუვალია და ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება. მან, ასევე, საღამოს ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ციალა ნებიერიძეს და ზესტაფონის ადგილობრივ ხელისუფლებას. აღნიშნა, რომ ეს ქალაქი დევნილთა მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა.