აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის მთავრობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობასა  და  ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მაღალი სოციალური მნიშვნელობის მქონე დაავადებებზე სკრინინგული გამოკვლევების პროცესებში ეროვნული ცენტრის ჩართულობის გაღრმავება, მათ შორის - C ჰეპატიტსა და შიდსზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გასვლით მრავალპროფილურ სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების აქციებში ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა მონაწილეობ. ასევე, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ობიექტების და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივ ღონისძიებებში ეროვნული ცენტრის მონაწილეობა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა შეხვედრა, რომელიც  გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ა/ რ თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე პირველ ასვლას მიეძღვნა.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

მანამდე 2018 წლის 27  ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა  და   საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას  შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც   აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისათვის   ჟიული შარტავას სახელის მინიჭებას ითვალისწინებს.

შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისათვის, ჟიული შარტავას სახელის უკვდავსაყოფად, მისი სახელის მინიჭების  დიდი  მნიშვნელობა.

ჟიული შარტავას მოღვაწეობაზე  ისაუბრეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა,   საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის უფროსმა მალხაზ გოლეთიანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა შალვა ნაჭყებიამ და სოხუმის უნივერსიტეტის  რექტორის მოადგილემ პროფესორმა ვახტანგ ანთიამ.

ეროვნული ალპინიადა 21 სექტემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: ეროვნული    საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

 

შეხვედრა სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა COBERM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა COBERM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “ნდობის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობით” ფარგლებში გამართულ დასკვნითი ღონისძიებაში - მრგვალი მაგიდა თემაზე: „პროექტის „ნდობის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობით „შედეგები და მის ფარგლებში შექმნილი ეკოცენტრის შემდგომი საქმიანობების პერსპექტივები“ მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სპეციალისტებმა. მრგვალი მაგიდის მიზანი იყო მიღწეული შედეგების შეჯამება და პროექტის ფარგლებში შექმნილი ეკოცენტრის შემდგომი საქმიანობის პერსპექტივები, ნდობის აღდგენის ღონისძიებებში გარემოსდაცვითი და ახალგაზრდული მიმართულების მნიშვნელობაზე მსჯელობა და სამოქალაქო სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების როლი ამ პროცესში.მრგვალი მაგიდის ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსია ეკოცენტრის ახალგაზრდა აქტივისტების, სამოქალაქო სექტორის და სხვა მოწვეული სტუმრების ჩართულობით.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში უსახელო მწვერვალისათვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე პირველ ასვლასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ეროვნული ალპინიადა 21 სექტემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიღებენ და დალაშქვრის შედეგად კავკასიონის ქედზე, ქსნის ხეობაში მდებარე უსახელო მწვერვალს (სიმაღლე 3800 მეტრი ზღვის დონიდან), საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება.

ჟიული შარტავას ღვაწლზე და ალპინიადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, საქართველოს მთასვლელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფესორი ზურაბ გასიტაშვილმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის უფროსმა მალხაზ გოლეთიანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა შალვა ნაჭყებიამ და სოხუმის უნივერსიტეტის  რექტორის მოადგილე პროფესორმა ვახტანგ ანთიამ.

ღონისძიებას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  სტუდენტები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

„კონფლიქტის დასრულებიდან 25 წელი გავიდა და ძალიან სიმბოლურია, რომ ამ უსახელო მწვერვალს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი ენიჭება. მე მჯერა, რომ ეს მწვერვალი ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისა და შერიგების სიმბოლო გახდება," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიება სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა

   ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. 17 სექტემბერს,საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განთავსებულმა აფხაზეთის საჯარო სკოლებმა სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე განაახლეს.  ტრადიციულად,აფხაზეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად სკოლაში ნეტბუქი დახვდა და ყველა მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოები გადაეცა.

2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია ესტუმრა ქ.თბილისში განთავსებულ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას,აგრეთვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.მინისტრმა მშობლებს,მოსწავლეებს,სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 

შეხვედრა წალეჯიხის მუნიციპალიტეტში

2018 წლის 18 სექტემბერს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა წალენჯიხაში, სადაც შეხვდა მუნიციპალიტეტის მერს ბესიკ ფარცვანიას. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან განიხილეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებული საკითხები - სოციალური ფონი , ჯანდაცვის პროგრამები, საცხოვრებელი პირობები და არსებული პრობლემები. - : ჩვენ მუდმივ რეჟიმში გავდივართ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპა-ლიტეტში და შესაბამისად, კოორდინირებულად ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან,  დევნილთა პრობლემების განხილვა და მხარდაჭერა ხდება ერთობლივად გატარებული ღონისძიებებით - განაცხადა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
ალექსანდრე ჩიკვაიძე წალენჯიხის მუნიციპალი-ტეტის მერიის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა კოლექტიურ ცენტრებში, კერძოდ წმინდა ნინოს ქუჩაზე ყოფილ ,,დოსააფის“ შენობაში და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დევნილებს დაპირდა არსებული პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას.
მათ ასევე მოინახულეს წალენჯიხაში მცხოვრები ოჩამჩირიის რაიონიდან დევნილი უხუცესი ქალბატონი 108 წლის ბაბუცა გოგუა

ვახტანგ ყოლბაია „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო.

კანონპროექტის საჯარო განხილვები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა და მისი მიზანი კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღება იყო.

„სპორტის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არის მიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა.

„ახალი კანონი არის თანამედროვე და სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენი ახალგაზრდების წინაშე დგას, განსაკუთრებით აფხაზეთში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი კანონით გათვალისწინებული სიკეთეებით სრულად ისარგებლონ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმაც.

ქართველ და აფხაზ სპორტსმენებს შორის ყოველთვის სამაგალითო ურთიერთობა და მეგობრობა იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ სპორტსმენებს კვლავ მიეცემათ საშუალება რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ შერიგების პროცესში და ერთმანეთის წარმატებებით მომავალშიც ვიამაყებთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვიზიტი USAID პროექტ „ზრდა“-ს თანადაფინანსებით მოწყობილ ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობში

ამერიკის განვითარების სააგენტოს -USAID პროექტ „ზრდა“-ს თანადაფინანსებით და აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარატამენტის აქტიური მხარდაჭერით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.რუხში მოწყობილ ლურჯი მოცვის სანერგეში მიმდინარეობს 5 სახეობის ნერგების გამოყვანის მოსამზადებელი სამუშაოები. ამ პროცესის თანამედროვე მიდგომების შესაბამისად წარმართვის მიზნით, სანერგეს სტუმრობდა USAID პროექტ „ზრდა“-ს მიერ მოწვეული ექსპერტი - კარლოს გარსია სალაზარი, ასევე დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ექსპერტმა ვიზიტის ფარგლებში დაათვალიარა სადედე ბლოკი და ნერგების გამოყვანისათვის მოწყობილი 500 კვ.მ სათბური, რომლის შედეგად გაიცა რეკომენდაციები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება პროცესის სწორად წარმართვას. დღის მეორე ნახევარში პროექტში ჩართულ სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომლის ძირითადი თემები იყო ლურჯი მოცვის მოვლა-პატრონობის თავისებურებანი, ჯიშების დახასიათება და ნერგების გამოყვანის ძირითადი მოთხოვნები.
 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვ. ბასარიამ და დეპარტამენტის სპეციალისტებმა.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ცნობილი პოეტის ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე მოეწყო პოეტის ლექსების ახალი კრებულის „რჩეულის" პრეზენტაცია.

შემოქმედებითი კუთხით წლების მანძილზე გაწეული საქმიანობისა და ღვაწლისთვის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა ამრიდონ ჩეგიანს აკაკი წერეთლის სახელობის პრემია მიანიჭა. ასევე აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახების შერიგებისა და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურების კავშირმა „დიოსკურია 2005"-მა ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ამრიდონ ჩეგიანი კავშირ „დიოსკურია 2005"-ის საპატიო პრეზიდენტად აირჩია და „მშვიდობის ოქროს ვარსკვლავისა და დროშის" სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა.

საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ქართულ-აფხაზური სიმღერები შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

ამრიდონ ჩეგიანი 1938 წლის 10 სექტემბერს მესტიის რაიონის სოფელ ხალდეში დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარის საშუალო სკოლა. სწავლობდა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1978 წელს პოეტის პირველი წიგნი - „სიმართლე" გამოიცა. მომდევნო წლებში გამოიცა მისი სხვა კრებულებიც. 2015 წელს ამრიდონ ჩეგიანმა კრებული სახელწოდებით „რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში" გამოსცა.

ბათუმის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო „ჩემი სოხუმი“ გაიმართა

ბათუმის მუსიკალური ფესტივალის „Batumi Music Fest"-ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო „ჩემი სოხუმი" გაიმართა. მწერალმა გაიხსენა ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობები.

საღამოზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს გურამ ოდიშარიას მიერ ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღსადგენად გადადგმულ ნაბიჯებზე, მის დიდ ღვაწლზე სახალხო დიპლომატიის ეგიდით წარმართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში მონაწილეობით.

საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,აფხაზეთმა" ქართული და აფხაზური ფოლკლორული ნომრები შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, ბათუმის მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე, აჭარაში მცხოვრები აფხაზები, პოეტის მეგობრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

აფხაზეთი აგრძელებს თვითიზოლაციას

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი მისი ე.წ. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცდილობს ისედაც მძიმე  ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა უფრო მეტ სიდუხჭირეში ჩააგდოს და საქართველოს მთავრობის სავაჭრო ინიციატივის საპასუხოდ, ენგურის ხიდზე ე.წ.საბაჟო პუნქტის გახსნას აანონსებს. ამ ქმედებით ის აძლიერებეს ოკუპირებული აფხაზეთის თვითიზოლაციას და ადგილობრივი მოსახლეობის გაღატაკებას უწყობს ხელს. მისი ე.წ. მმართველობის პერიოდში გადადგმული ყველა ნაბიჯი არაკონსტრუქციულია და მიზნად ისახავს მდგომარეობის ესკალაციას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს სამშვიდობო პროცესზე.

ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა, მნიშვნელოვნად გააძვირებს პროდუქტებს როგორც გალის ბაზარში, ასევე მთელ ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც ეწინააღმდეგება მოსახლეობის ინტერესს.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გიყვარდეს მოსახლეობა და როგორ უნდა ანაცვალო პირადი ამბიციები ხალხის კეთილდღეობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

სამუშაო შეხვედრა უკრაინის სამთავრობო ჯგუფთან

2018 წლის 5 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა უკრაინის სამთავრობო ჯგუფთან, რომელსაც წარმოადგენდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომი შერიგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ქალბატონი ალინა მასლო და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ორგანიზაციული საკითხების სამმართველოს ხელმძღვანელი ქალბატონი ოლგა ოსტაპჩუკი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო ჯგუფს წარმოადგენდნენ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი პეტრე კანკავა.

შეხვედრაზე უკრაინის მთავრობის დელეგატებს აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისა და კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობის შესახებ. ასევე, გაუზიარეს გამოცდილება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებელი მოსახლეობის დახმარების მიმართულებით განხორციელებული პროგრამების თაობაზე.

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადები“-ს ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადები"-ს ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდგა კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები" ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით.

საერთაშორისო ფესტივალ ბიჭვინთის ღამის სერენადების დაარსებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე მადლობის სიგელითა და სამახსოვრო სუვენირით - ბიჭვინთის სიმბოლოდ ქცეული  ქანდაკების „მყვინთავები"-ს ასლით  დააჯილდოვა.

„ვამაყობ, რომ ეს ფესტივალი აფხაზეთში დაიწყო, შემდეგ ესტაფეტა ბათუმმა გადაიბარა  დღეს კი თბილისი აგრძელებს ამ ტრადიციას. დასანანია, რომ ფესტივალი აფხაზეთში დროებით შეწყდა და აფხაზეთის მოსახლეობას საშუალება არ აქვს დატკბეს ამ ჭეშმარიტი ხელოვნებით.

ჩემი სურვილია, რომ მომავალ წელს ფესტივალის ერთი საღამო გაიმართება რუხის ციხესიმაგრეში, აფხაზეთის სიახლოვეს. იმედს ვიტოვებ უახლოეს მომავალში დროებით შეწყვეტილი ფესტივალი „ღამის სერენადები" ბიჭვინთაში კვლავ ჩატარდება და ამ შესანიშნავ ორკესტრს ისევ ქალბატონი ლიანა უხელმძღვანელებს, მას ძველ დიდებას დაუბრუნებს და ახალ სუნთქვას შესძენს.", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება დაესწრო.

ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი. „ღამის სერენადების" უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლიანა ისაკაძეა. წელს ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მისი ძმისშვილი, მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გაუწევს. წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოება, რიც გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები და იურიდიული კონსულტაციები ჩაუტარდა

ქობულეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ გეგმიური პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

გამოკვლევების ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ სხვადასხვა პროფილის ექიმის მომსახურება მიიღო. ასევე ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები: ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა და C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა მედიკამენტები.

სამედიცინო გამოკვლევებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია ესწრებოდნენ.

ქალაქ ბათუმში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები და იურიდიული კონსულტაციები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

გეგმიური ღონისძიების ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ მიიღო: ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, დერმატოლოგის, ანგიოლოგის, ონკოლოგისა და უროლოგის მომსახურება. 

ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები: ექოსკოპია (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის) ელექტროკარდიოგრაფია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. ასევე, C ჰეპატიტის სკრინინგი.

ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა მედიკამენტები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია ესწრებოდნენ.