აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლაში გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ქეცბა , აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგები,  აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და  აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გურამ დოჩანაშვილის ღვაწლზე ისაუბრა.

მე-2 საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი მოთხრობიდან „მთის გადაღმა"  წარმოადგინეს. ასევე, წაიკითხეს გურამ დოჩანაშვილის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები და  ამონარიდები მისი შემოქმედებიდან.

 

„ნიკო კეცხოველის პრემია-2018-ის“ მოსაპოვებლად აფხაზეთის სამი სკოლა იბრძოლებს

2018 წლის 18 თებერვალს ზუგდიდში სასკოლო კუნკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია-2018“ ნახევარფინალური ტური ჩატარდა. კონკურსში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლებთან ერთად აფხაზეთის საჯარო სკოლებიც მონაწილეობდნენ. სკოლებმა მათ მიერ კონკურსის ფარგლებში განხორციელებული „მწვანე აქტივობები“ წარმოადგინეს. ისინი, პრემიის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში ასუფთავებდნენ საკუთარ სოფლებსა თუ ქალაქებს, ატარებდნენ გამწვანების აქციებს, იკვლევდნენ ადგილობრივ გარემოსდაცვით პრობლემებს, თანამშრომლობდნენ თვითმმართველობასთან, იპყრობდნენ მედიის ყურადღებას. 


სასკოლო კონკურსის ჟიურიმ 9 გამარჯვებული სკოლა გამოავლინა, რომელთა შორის არიან სოფელ ოტობაიას N1 სკოლა (გალი), სოფელ თაგილონის სკოლა (გალი) და აფხაზეთის N14 სკოლა (ზუგდიდი). ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები დასკვნით ეროვნულ ტურში ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.


რეგიონული ტურის მონაწილეებს და გამარჯვებულებს კონკურსის ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპეციალური პრიზები გადასცეს. რეგიონალური ტურის მონაწილეებს სამინისტროს სახელით მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე რამინ საჯაია.


კონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი. სასკოლო კონკურსი „ნიკო კეცხოველის პრემია-2018“ ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.


ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის მთავარი აკორდი 21 მარტს (ტყის საერთაშორისო დღე) თბილისში გაიმართება და აქ ჩვენი ქვეყნის ყველაზე „მწვანე“ სკოლებიდან ნიკო კეცხოველის პრემიის სამი მფლობელი შეირჩევა.

მწერალი გურამ დოჩანაშვილი აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლას ეწვია

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა.


მწერლის ბიოგრაფიული ცნობები და მისი შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს სკოლის უფროსკლასელებმა, დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ხატია ხარებავამ. მოსწავლეებმა, ასევე წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი მოთხრობიდან „მთის გადაღმა“.


გურამ დოჩანაშვილმა მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და გაიხსენა ბავშვობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობის ხუთი წელი, ისაუბრა წიგნისა და მკითხველის ურთიერთობაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე.


შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, სულიერებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები, სკოლის პადაგოგები.


მწერალს სტუმრობისა დაა საინტერესო საუბრისათვის მადლობა გადაუხადეს ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარემ ირინა ქეცბამ, აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ. ირინა ქეცბამ ცენტრის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა გურამ დოჩანაშვილს, ხოლო სკოლას - მწერლის ოთხტომეული ავტოგრაფით. საღამო მუსიკალური ნომრით დაასრულა სკოლის პედაგოგმა ზურაბ კვერნაძემ.

15 თებერვალს აჭარაში, ქ. ბათუმში, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 29 წლისთავი აღინიშნა

15 თებერვალს აჭარაში, ქ. ბათუმში, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 29 წლისთავი აღინიშნა. ომის ვეტერანებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ბათუმის მერიისა და მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბათუმში, მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს. ვეტერანებმა თვითმართველობისგან დაპირება მიიღეს, რომ წლის ბოლომდე ჟიული შარტავას ხეივანში მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა განთავსდება. 1979-1989 წლეებში ავღანეთში 5000-მდე ქართველი მებრძოლი იბრძოდა და მათგან 149 ჯარისკაცი დაიღუპა.

ვახტანგ ყოლბაია ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალურ დირექტორ მარსელა მაქსფილდს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სამუშაო შეხვედრა გამართა ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" რეგიონალურ დირექტორ მარსელა მაქსფილდთან.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან და მდინარეების კალაპოტიდან დიდი რაოდენობით ინერტული მასალის გატანის შესახებ, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა გარემოს და რეგიონის ეკოლოგიური ვითარება დაამძიმა. აღინიშნა სასწრაფო ზომების მიღების საჭიროება რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს და თავიდან იქნას აცილებული ეკოლოგიური კატასტროფა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზიური ფაროსანას მიერ გალის რაიონის მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანზე.

„სამწუხაროა, რომ ისედაც ეკონომიკურად დასუსტებული და უკიდურესად რთულ ვითარებაში მყოფი ქართული მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მავნებელი მწერის მიერ მოსავლის თითქმის სრულად გაანადგურებით.

საჭიროა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და საერთაშორისო რესურსების მობილიზაცია. მნიშვნელოვანია მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ტრეინინგებისა და სემინარების გამართვა. ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მონაწილეობით გამოსავლის მოძებნა და მავნებლის დამარცხება", -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა ამერიკული თეთრი პეპლის დამარცხების კუთხით გატარებული ღონისძიებები, რამაც ხელშესახებად დადებითი შედეგი გამოიღო. ეს მაგალითი იმედს იძლევა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაც წარმატებით დასრულდება.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით მიღწეულ წარმატებებს. ასევე ბზის გადარჩენის ისტორიულ მნიშვნელობას ქართველებისა და აფხაზებისთვის. სპეციალისტების მიერ სათბურში გამოყვანილი ათასამდე ბზის ნერგი სკოლის მოსწავლეებს დაურიგდებათ, რომელიც შემდგომში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მიერ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გაშენდება.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

ეკლესიის მშენებლობაში გეგმიური მონაწილეობა გრძელდება

მიმდინარე წლის 15 თებერვალს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა   ქ. თბილისში,   ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში გეგმიური მონაწილეობა მიიღეს. ეს პროცესი პერიოდულად მშენებლობის დასრულებამდე გაგრძელდება.     ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.

2018 წლის 14 თებერვალს სამტრედიაში იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრა შედგა

2018 წლის 14 თებერვალს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში შედგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიასა და ადგილობრივი ტერიტორიული  ერთეულების ხელმძღვანელების შეხვედრა იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ  სხდომის მონაწილეებს წარუდგინა ანგარიში 2015-2017 წლებში აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეული  საქმიანობის შესახებ, ასევე, გააცნო 2018-2020  წლების სამოქმედო გეგმა.

იმერეთის, გურიის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ- ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ წარმოადგინა პრეზენტაცია დევნილთა პრობლემების და მათი მოგვარების გზების შესახებ. მან ისაუბრა იმერეთის რეგიონში  მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების შესახებ. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამასთან დაკავშირებით,ასევე, ისაუბრეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძემ.

წარმომადგენლობის თანამშრომლები ჭიათურასა და საჩხერეში განსახლებულ დევნილებს შეხვდნენ

2018 წლის 13 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლები ჭიათურასა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა, აფხაზეთის  ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმოადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და  დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ვახტანგ ყოლბაიამ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივ სხდომაზე იმერეთში განსახლებული დევნილების პრობლემები განიხილეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ადგილობრივი ტერიტორიული  ერთეულების ხელმძღვანელებმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად შეტანილი იმერეთის მხარეში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ  სხდომის მონაწილეებს 2015-2017 წლებში აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეული  საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა  და 2018-2020  წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.

დევნილთა პრობლემების და მათი მოგვარების გზების პრეზენტაცია გამართა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ. მან იმერეთის რეგიონში  მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების ანალიზი წარმოადგინა. ისაუბრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს იმერეთის სხვადასხვა ქალაქებში დევნილთა წინაშე არსებული ლოკალური პრობლემები, აღინიშნა დადებითი ტენდენციები დევნილთა  მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ასევე, განხილულ იქნა მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები.

არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძემ.

„მივესალმები და მინდა მადლობა გადავუხადო იმერეთის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძეს და დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვისა და თანადგომისთვის, რომელთა მიმართ ყურადღება იზრდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მიზნები თანხვედრაშია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად. - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვა იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ წარმოთქვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლები, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი, იმერეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ვიცე-გუბერნატორი, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

 

ვახტანგ ყოლბაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰაიკე ფაიჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰაიკე ფაიჩს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ გერმანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურებისა და მათი საქმიანობის შესახებ. ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციაზე, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, მდინარე ენგურზე არსებული გადასასვლელების დახურვასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე.

თავის მხრივ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

 

ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

სასტუმრო რადისონში საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება" გაიხსნა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს უკავშირდება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ამ მოვლენისადმი მიძღვნილი გამოფენა.

კონფერენციის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ

2018 წლის 11 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დაესწრნენ  სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლს  „დედა“,  რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მოზარდებში.

წარმომადგენლობის თანამშრომლები სამტრედიასა და ხონის მუნიციპალიტეტში განსახლებულ დევნილებს შეხვდნენ

2018 წლის 8 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლები სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა, აფხაზეთის  ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმოადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინესდევნილი მოსახლეობის პრობლემები და  დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.

ვახტანგ ყოლბაია საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პასკალ მენიეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პასკალ მენიეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელების დახურვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების საკითხზე. ასევე აზიური ფაროსანას მიერ გალის რაიონის მოსახლეობისათვის მიყენებულ ზიანზე. განიხილეს გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და იძულებითი პასპორტიზაციით გამოწვეულ პრობლემებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კვალიფიციური და ხარისხიანი განათლების მიღების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ერთობლივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვის მნიშვნელოვან როლს ქართველებისა და აფხაზების დაახლოების პროცესში.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთის მთავრობამ სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ზუგდიდში USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა სამშვიდობო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. აღინიშნა აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები და მათი მნიშვნელობა.

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.