ქუთაისში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლებს სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში, ნიკეას №12 მისამართზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა, ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებს და ობიექტზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ობიექტის სახურავი, სამინისტროსა და ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით რეაბილიტირდა.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლებს სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები გადასცა.

"ჩვენ სისტემატურად ვხდებით აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, ადგილზე ვეცნობით მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს და მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საჭიროებების შესაბამის ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტებს ვახორციელებთ, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი დევნილი მოქალაქეების სოციალური და ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესებას." - დავით ფაცაცია.

 

პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსის ნომინანტებს სპეციალური პრიზები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და პროექტის ავტორებმა გადასცეს.

პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ მეოთხე წელია იმართება და მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული აფხაზეთელების საზოგადოებისთვის გაცნობას.

კონკურსის შედეგად შერჩეულ საუკეთესო და საინტერესო ისტორიის მქონე გმირებზე მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდეგ ჟურნალ „სითიში“ გამოქვეყნდება. მასალა განთავსდება ასევე გამომცემლობის ონლაინ პლატფორმასა და  სააგენტოს ვებგვერდზე.

დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს - 2023 -წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ქუთაისში გამართულ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე, მინისტრმა დავით ფაცაციამ დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურის, სოციალური კეთილდღეობის, სამოქალაქო სერვისებისა და დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

„აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე მდგარი ყველა გამოწვევის მოგვარება მცირე დროში ძალიან რთულია, თუმცა ჩვენი პირველი ამოცანა და მიზანი არის, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, შევძლოთ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული ძირითადი კრიტიკული საკითხების მოგვარება.

მოქალაქეებთან სისტემატური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობა და გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის. სწორედ ამ მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვხვდებით სხვადასხვა რეგიონების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს.

შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ და მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენმა აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქემ იცოდეს შედეგები, რაც მათთან კომუნიკაციას მოჰყვა.

სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, რეგიონებში, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის წარგვედგინა ის პროექტები, რომლებიც სამინისტრომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის მიზნით განახორციელა.

სწორი და პირდაპირი კომუნიკაციის წყალობით ჩვენ შევძელით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და იმერეთის რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების 38 ობიექტზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არაერთი აფხაზეთიდან დევნილი უზრუნველყოფილ იქნა ერთჯერადი ფულადი დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით, სხვადასხვა სამოქალაქო სერვისით.

აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს, პირველ რიგში, იმისთვის, რომ უშუალო კომუნიკაციით მივიღოთ ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ და გავაცნოთ ის შედეგები, რაც მათთან კომუნიკაციას მოჰყვა.

პრეზენტაციის დასასრულს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლების შეკითხვებს ვუპასუხე. ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოს მშენებლობას, ამაში კი თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და როლი მნიშვნელოვანია.“ - დავით ფაცაცია

 

დავით ფაცაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან - კარამაის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ სუ ვეისთან, დუშანზის რაიონის მერ ლიუ ჰენგისთან, მუნიციპალური ეკონომიკური თანამშრომლობის მომსახურების ცენტრის დირექტორ ბაი ლუსთან, საქართველოში ჩინეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ სტივ იუსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველ, ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორ, პროფესორ ჯემალ ფუტკარაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მხარდაჭერასა და ჰუმანიტარული დახმარებების განხორციელებაზე ისაუბრეს.

„ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მხარდაჭერა ყველა შესაძლო მეთოდით, რაშიც ჩვენი მეგობრების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

რუსლან აბაშიძე კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავისუფლების მოედანზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცეს და ქვეყნისთვის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო! პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას! ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. მე გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ისტორიულ გადაწყვეტილებას და ისტორიულ გამარჯვებას, ჩემო მეგობრებო! ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს! დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა.

ზუგდიდში დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე“ შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა პრეზენტაციები „დევნილთა სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე“ და ასევე, პროექტის: „ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გამოწვევების კვლევის“ შედეგების შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება მოქმედ სამართლებრივ სერვისებზე, სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება დევნილთა სამართლებრივი დახმარების კუთხით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში, წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ზესტაფონში, მაღლაკელიძის ქ. №5-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის რეაბილიტაცია, კერძოდ წყალსაწრეტი სისტემის მონტაჟი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს „ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის“ პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განხორციელდა.

წყალტუბოში, კოპიტნარის მე-7 კორპუსის სახურავის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქ. №19ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის დასაკიდი წყალშემკრები ღარების დამზადება და მონტაჟი, სამინისტროს „დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში იქნა უზრუნველყოფილი.

„სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში, ასევე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ფაქტობრივად არ დარჩა დევნილთა განსახლების ობიექტი, სადაც პრობლემური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია არ განხორციელდა.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და დარწმუნებული ვარ მომავალი წლისთვის ერთად მოვახერხებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიტიკული ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგებას.“ - დავით ფაცაცია.

 

წარმომადგენლობამ ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველი ოჯახების ორ წლამე ბავშვებს და პენსიონერ პედაგოგებს

2023 წლის განმავლობაში ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის #1 დადგენილების შესაბამისად, სოციალური პროგრამის ფარგლებში: ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განხორციელდა ვაუჩერის წესით პროდუქტების და ჰიგიენის საგნების მიწოდება; ბ) ზემო აფხაზეთიდან დევნილ, ამჟამად უმუშევარ ან პენსიონერ პედაგოგებს გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს ივენ კალს შეხვდა

შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და მათი სამოქმედო არეალის გაფართოებაზე ისაუბრეს, ასევე სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს.

შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, აშშ საელჩოს გრანტების მენეჯერი თამუნა ხერგიანი, გაცვლითი და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი თათა თოდრია და ინგლისური პროგრამების კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე ესწრებოდნენ.

დავით ფაცაციამ საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პუბლიკაციის „ქალების გაძლიერების ათწლეული“ პრეზენტაცია, რომელიც მკვლევარმა ლიკა ნადარაიამ წარადგინა. დოკუმენტი წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ანგარიშს ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართულებით ქვეყნის მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს ანნა ჩუბინიძის ღირსების ორდენი გადასცა. ასევე, მოეწყო მხატვარ ნინო გოგოლიძის ნამუშევრების გამოფენა.

„ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების თითოეული წევრისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვა და თანასწორუფლებიანი გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით უკვე ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ჩვენი სამინისტროს სახელით მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და მის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო წილოსანს, რომლის მხარდაჭერითაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით დევნილთა ცნობიერების ამაღლებისთვის არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ.’’- დავით ფაცაცია

 

 

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის კონკურსის ფინალისტების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ, სახვითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის კონკურსის გამარჯვებული ალექსანდრე ხუბუა დააჯილდოვა.

ალექსანდრე ხუბუას ფერწერული ნამუშევრისთის „ურბანიზაცია“ ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცა.

ასევე, კონკურსის ფინალისტებს, ფერმწერ ვერიკო იობაშვილს უსათაურო ნამუშევრისთვის და მოქანდაკე ნინო თალაკვაძეს ნამუშევრისთვის „სულის მეტამორფოზა“ ფასიანი საჩუქრები და თაიგულები გადაეცათ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილ ნამუშევრებს, დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტებისგან შემდგარი კომისია აფასებს და პრემია გაიცემა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.

ქართულმა დელეგაციამ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ჩადენილი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი პრობლემები.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა და დელეგაციის მიერ დაიგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას. რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება და დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე ─ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, დატოვეს მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2024 წლის აპრილში გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-ს და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო პირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 17 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (21 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში  გახდა შესაძლებელი.

აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ოფთალმოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის №3 საჯარო  სკოლის მოსწავლეებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ღონისძიების ფარგლებში მოზარდებს მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“-სგან საჩუქრებიც გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გოგია და სააგენტოს პროგრამის ხელმძღვანელი ავთანდილ ძაგანია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (21 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

იდენტიფიცირებული მებრძოლების ნეშტებს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.