მინი-ფეხბურთში აფხაზეთის ღია პირველობა ზუგდიდში ჩატარდა

14-16 მაისს ზუგდიდში,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით აფხაზეთის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში გაიმართა.

ტურნირი მიეძღვნა აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის არზაყან ემუხვარის დაბადების 135 წლისთავს.

ტურნირში მონაწილეობას მიიღეს ზუგდიდში, სენაკში, ჩხოროწყუსა და ფოთში განთავსებული აფხაზეთის საჯარო და გალის ტერიტორიის საშუალო სკოლების მოსწავლეებმა. ჩემპიონატში სულ 120-ზე მეტი ნორჩი ფეხბურთელით დაკომპლექტებული გუნდი იყო ჩართული.

პირველ ადგილის მფოლობელი აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლა გახდა, მე-2 ადგილი მოიპოვა აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილზე აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლა გავიდა.

გამარჯვებულებს ორგანიზატორებმა თასები, მედლები, სიგელები და ბურთები გადასცეს. ტურნირს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის, აფხაზეთის საჯარო სკოლის დირექტორები და ფიზიკური აღზრდის პედაგოგები ესწრებოდნენ.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მხატვარ ავთანდილ შენგელიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას არტ–გალერეაში აფხაზეთიდან დევნილ მხატვრის ავთანდილ შენგელიას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები და მწერლები.

ავთანდილ შენგელია 1955 წელს ქ. სოხუმში დაიბადა. 1971-1977 წლებში სწავლობდა სოხუმის ა. შარვაშიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტზე. შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის გერცენის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი და ლენინგრადის ი. რეპინის სახ. სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა, ფერწერის განხრით. 1993-2003 წლებში ჰქონდა პერსონალური გამოფენები საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ნამუშევრები დაცულია სოხუმის სამხატვრო გალერეასა და კერძო კოლექციებში, ასევე საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, აშშ-ის, შვედეთის, თურქეთის, შვეიცარიის, რუსეთის, იტალიისა და ინგლისის კერძო კოლექციებში.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის V საანგარიშო - საარჩევნო კონფერენცია გაიმართა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის V საანგარიშო - საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას საქართევლოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ცნობილი ფეხბურთელები: ვლადიმერ ბარქაია, ალექსანდრე ჩივაძე, სერგო ფიფია, ოთარ გაბელია, გრიგოლ ცაავა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კონფერენციას უძღვებოდა მერაბ დგებუაძე.

მურად ანჯაფარიძემ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და ამ წლებში ფედერაციის აღმასკომისა და აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.

კონფერენციაზე მიწვეულმა დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მეორე ვადით აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მურად ანჯაფარიძის არჩევას. ახალი აღმასკომის შემადგენლობაში არიან  ვლადიმერ ბარქაია, გია გვაზავა, მერაბ დგებუაძე, კონსტანტინე კუჭუხიძე, ენვერ თოლორდავა, დიმიტრი ჯაიანი, მურმან ფარფალია, ბესო ჩიხრაძე, გიგლა ძანძავა და ალექსანდრე წულაია.

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ფედერაციებში არსებული პრობლემების განხილვა, ფინანსური სახსრების ალტერნატიული წყაროების მოძიება, ფედერაციებსა და აფხაზეთის ავტონომიურ ხელისუფლებას შორის სამომავლო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, ფედერაციების მიერ სამომავლო ინიციატივების განსაზღვრა და წინადადებების წარმოდგენა.

გამოჩენილ ქართველ მეცნიერს ნაპოლეონ ქარქაშაძეს დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ვულოცავთ

გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, საქართველოსა და რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრს ნაპოლეონ ქარქაშაძეს ვულოცვათ დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

მრავალმხრივი და მრავლისმოცველია მეცნიერის ღვაწლი სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. ნაპოლეონ ქარქაშაძე იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, კათედრის გამგე, 1975-1990 წლებში კი სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი.

მეცნიერის ხელმძღვანელობით აფხაზეთში შეიქმნა ქართველთა ეროვნული ერთიანობის საბჭო, ამავდროულად ხელმძღვანელობდა „რუსთაველის საზოგადოებას".

ნაპოლეონ ქარქაშაძე არის სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აკადემიისა და უმაღლესი სკოლების საერთაშორისო აკადემიის წევრი, სხვადასხვა დროს დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, საპატიო ნიშნის ორდეინითა და საქართველოს სახელმწიოფო პრემიით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს მეცნიერს 80 წლის იუბილეს, ჯანრთელობას, სულიერ სიმხნევესა და წარმატებებს უსურვებს.

9 -10 მაისს საქართველოში „ევროპის კვირეული“ აღინიშნა

კვირეულის „Let's Meet Europe"/„ერთად შევეგებოთ ევროპას" ფარგლებში 9 მაისს ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „OXSFAM"-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო''-ს ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელზეც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა მიიღო მონაწილეობა და წარადგინა აფხაზეთიდან დევნილების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების მიერ წარმოებული აგრარული პროდუქცია.

კვირეულის მეორე დღეს, 10 მაისს თბილისში, ალექსანდროვის ბაღში გაიმართა ღონისძიება, სადაც დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოწყობილ სტენდს უამრავი ადამიანი ესტუმრა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრები, სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და არსამთავრობო ორგანიზაციები რეგიონებიდან.

ვახტან ყოლბაია სამძიმარს უცხადებს ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქობულეთში ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს.

,,ამ ტრაგედიამ შესძრა სრულიად საქართველო და ყველა ჩვენთაგანი. უბედურ შემთხვევას სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთ-ერთი აფხაზეთიდან დევნილი  იყო. თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე განსაცდელის ჟამს''.

ქობულეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, მათ შორის 31 მოზარდის. ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს თვენახევრიან ანაზღაურებად სტაჟირებაში ჩაერთო

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თვენახევრიან ანაზღაურებად სტაჟირებაში ჩაერთო.

ყოფილმა პატიმარმა, ქალბატონმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების,ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოში  სტაჟირება დღეიდან დაიწყო. ანაზღაურებადი სტაჟირება „ყოფილ მსჯავრდებულთა სტაჟირების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ეგიდით ფინანსდება.

ბენეფიციარი დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამაში 2014 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. მან პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისით ისარგებლა, ასევე წარმატებით დაასრულა დასაქმების ხელშეწყობისთვის აუცილებელი ტრენინგები.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ეფექტურად განხორციელებისთვის აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო და კომერციულ ორგანიზაციებთან.

ENPARD-ის ინიციატივით ევროპის დღეები გაიმართა

2015 წლის 10 მაისს, ENPARD-ის (სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამა) მიწვევით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, მისი მოადგილე ბორის იაროშევიჩი და ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა საპატიო სტუმრებს საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის ხელისუფლებამ უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

 

აფხაზეთის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბენეფიციარი ფერმერული კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა

2015 წლის 9 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“-ს სათაო ოფისში ჩატარებულ ღონისძიებაში.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბენეფიციარი ფერმერული კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა აფხაზათის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიერ წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართბელოს პარლამენტის წევრები, აფხეზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნ ვახტანგ ყოლბაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვახტანგ ყოლბაიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ირაკლი ყანდარელს გამარჯვების დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და  აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ირაკლი ყანდარელს გორში ესტუმრნენ და ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცეს, მადლობის სიგელი და საჩუქრები გადასცეს.

120 საბრძოლო მედლის მფლობელი, ღირსების ორი ორდენის კავალერი, საქართველოს, ჩეხეთის, უკრაინისა და სლოვაკეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრია. ირაკლი ყანდარელი მეორე მსოფლიო ომის დროს აფხაზეთის სასაზღვრო სოფლებში იბრძოდა, მონაწილეობდა სოფელ ფსხუს გათავისუფლებაში, ირიცხებოდა თბილისის პირველი სამხედრო-ქვეითი სასწავლებლის პირად შემადგენლობაში, რომლებმაც წარმატებით მოიგერიეს მტრის რაზმი და მთლიანად განდევნეს აფხაზეთიდან. ვეტერანმა გორში, საკუთარ ბინაში საბრძოლო დიდებისა და ხალხთა მეგობრობის მუზეუმი დაარსა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის სპეციალური მიღება გამართა. ვეტერანებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია(ელგუჯა) გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები შეხვდნენ, მათ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცეს, საჩუქრები, მადლობის სიგელები და ყვავილები გადასცეს.

ვახტანგ ყოლბაია ასევე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდა, ომის ვეტერანებს მან გამარჯვების დღე მიულოცავ, ქვეყნის ისტორიაში მათი განსაკუთრებული წვლილის შეტანისა და ღვაწლისთვის, მათი გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის, აღმოსავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონების წარმომადგენლობების ხელმღვანელებმა და თანამშრომლებმა. მათ ვეტერანებს საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცეს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო. საერთო ჯამში, აფხაზეთის მთავრობისგან საჩუქარი 59 დევნილმა ვეტერანმა მიიღო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ქართული მხარის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, სახალხო დამცველის განცხადებების შემდეგ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გალელი მოზარდის ირაკლი ცაავას გარდაცვალებას, მისი  ფიზიკური ანომალიით ხსნის. ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ განცხადებაში ერთი სიტყვითაც არ არის მინიშნებული კერძოდ რა გაუგონარმა, ყოველგვარ ჰუმანურობას მოკლებულმა ფაქტმა იმსხვერპლა მოზარდის სიცოცხლე. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი და მისი მშობლები საშვის უქონლობის გამო რუსმა სამხედროებმა ზუგდიდის საავადმყოფოსკენ არ გამოატარეს. ასეთი ულმობელი მოპყრობა მოზარდის სიცოცხლისადმი გაუმართლებელი და შეუწყნარებელია. სიცოცხლის უფლება არავითარ ბარიერებს და საზღვრებს არ ცნობს. ყველა გზა ხსნილია სიცოცხლის გადასარჩენად.

აფხაზური მხარე უყურადღებოდ ექცევა იმ ფაქტს, რომ  მშობლების მზრუნველობამ და თავდადებამ მოზარდი 12 წლამდე მოიყვანა. რომ არა გალელი ბავშვის სიცოცხლის უფლების უკანონო შელახვა,  შეიძლებოდა მისი სიცოცხლე კვლავაც გაგრძელებულიყო. განცხადებაში აფხაზური მხრიდან ბავშვის ანამნეზზე  საზოგადოების ყურადღების გადატანა, რომელიც აშკარად მიგვანიშნებს, რომ თითქოს ბავშვი მაინც განწირული იყო, სხვა არაფერია თუ არა, რუსი სამხედროების აშკარა დანაშაულის გადაფარვის მცდელობა.

ნაცვლად იმისა, რომ ენგურის ხიდზე გამავალ დერეფანს, რომელსაც კონფლიქტის შემდეგ, დროთა მანძილზე, ჩვენთვის, ორივე მხარისთვის მშვიდობა, სტაბილურობა, ნდობის აღდგენა და თანამშრომლობა მოეტანა, ყველაფერი პირუკუ მოხდა.  სინამდვილეში,  ჩვენ ვაწყდებით ჩინურ, ყრუ კედელს, რომელსაც შეუძლია უმწეო ბავშვის სიცოცხლეც კი შეიწიროს. რა არის ამის მიზეზი?  შიში? სიმხდალე? სიამაყე? თუ სამოკავშირეო ხელშეკრულებისადმი ერთგულება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირღვევა გალის მოსახლეობის ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული  ელემენტარული ნორმებიც კი. შედეგად ვიმკით ლეტალურ შედეგებს, რომელსაც ბოლო არ უჩანს. რატომ არის აფხაზური მხარისთვის ასე რთული ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატი ჯანმრთელობის საკითხებში მაინც. ჰუმანიზმი, თანამშრომლობა, თანაგრძნობა  არასოდეს ყოფილა სამარცხვინო და არც მომავალში შეიცვლება რაიმე ამ მხრივ.

ჟენევის შეხვედრებზე ეს საკითხები მრავალჯერ იყო განხილვის თემა, მაგრამ როგორც იტყვიან, ყურსა ბამბისასა. ასე გაგრძელება შეუძლებელია. ვფიქრობ, ჟენევის მომავალ შეხვედრაზე გალელი ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტი მკაცრი და შეუვალი კამათის თემა გახდება. უნდა გადაიდგას ნაბიჯები ასეთი  ფაქტების აღმოსაფხვრელად.

მოვუწოდებ აფხაზურ მხარეს თანამშრმლობისკენ უწინარესად იმ საკითხებში, რომელიც გალში ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლის უფლებას გაუფრთხილდება და პატივისცემით მოეკიდება. ყველას კარგად მოეხსენება რა მდომარეობაშია გალის საავადმყოფო. ის აღარ არის სამკურნალო დაწესებულება, სადაც ადამიანს ელემენტარულ დახმარებას აღმოუჩენენ, არამც თუ  რეანიმაციულ ქმედებებს, რომელსაც ადამიანის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია.

ჩვენ ვთავაზობთ აფხაზურ მხარეს გალის საავადმყოფოს თანამედროვე, ახალი სამედიცინო ტექნლოგიებით აღჭურვას, მის მთლიან გადაიარაღებას, კვალიფიციური ექიმებით მომსახურებას და მოსახლეობის წამლებით აღჭურვას. ასეთი მრავალფუნქციური ჯანმრთელობის ცენტრი დაიცავს ჩვენ გალელ მოსახლეობას (და არამარტო გალელს) ტრაგიკული, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და მათი ჯანმრთელობაც მეტ-ნაკლებად დაცული იქნება.

აფხაზეთის მთავრობა გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ირაკლი ცაავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს, მშობლებს და ახლობლებს. ღმერთი იყოს თქვენი შემწე ამ უდიდესი მწუხარების ჟამს.

ვახტანგ ყოლბაიას გამოსვლა კონფერენციაზე - „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები. აფხაზეთი - სამხრეთ ოსეთი’’

დღეს აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და დევნილობაში მყოფ ჩვენს შემოქმედებით კოლექტივებს, ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე დევნილ ინტელიგენციას, სამწუხაროდ, არ აქვთ საშუალება სრულად გამოავლინონ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლობლობები, მაგრამ, მიუხედავად სირთულეებისა, აფხაზეთის ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რათა საქართველოს კულტურის ერთიანი სივრციდან არ გამქრალიყო აფხაზეთი - თავისი უნიკალური, საუკუნეებში ფესვებგადგმული კულტურული ფასეულობებით. ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ორი სახელმწიფო თეატრი: კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა". გვყავს შესანიშნავი მხატვრები, რომელთა რიცხვს შეემატა მანონ ბულისკერია - აფხაზეთის ცნობილი პოეტი, რომლის ნამუშევართა პრეზენტაცია ამ დღეებში მოეწყო და სპეციალისტთა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა; აღდგენილ იქნა სახელმწიფო კაპელა, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარმატებით წარსდგა თბილისის მე-5 საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე;  ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, ფოლკლორული გუნდი... შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერა იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მათში ძალიან დიდია შემოქმედებითი განვითარების პოტენციალი, რისი არგამოყენების ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს. მათ შორისაა დ. არაყიშვილის სამუსიკო და გ. შერვაშიძის სამხატვრო სასწავლებლები, რომლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საჭიროებს სერიოზულ განახლებას.

მიუხედავად ბიუჯეტის სიმწირისა, 2013 წლიდან დღემდე კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზარდა 496 947 ლარით, ანუ 37,7%-ით. ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში კულტურის განვითარებაზე გამოყოფილია 1 772 921 ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,8%-ია. ასეთი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად შესაძლებელი გახდა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების არა მარტო ხარისხობრივი ზრდა, არამედ მათი წარმოჩენა მაღალი დონის სხვადასხვაკონკურსებსა და ფესტივალებზე. ასე მაგალითად:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა და ახალგაზრდულმა კაპელამ საბერძნეთის ქალაქ ათენში კულტურის მესამე საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა;

2014 წლის 24 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ჩეხეთში სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, რომელიც წარმატებული იყო აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასათვის. ჩატარდა ქართულ-აფხაზური საღამო-„გიყვარდეს და გადარჩები".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზი გაიხსნა;

ჰოლანდიაში, ქ. ლეიდენის პრესტიჟულ გალერეაში „ფრედერიკ ვან დერ ვლისტი" აფხაზეთიდან დევნილი 4 მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო;

ესპანეთში გაიმართა აფხაზეთის მხატვართა გამოფენა-გაყიდვა და ფოლკლორული ანსამბლ „დიოსკურიას"კონცერტი.

გამოიცა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების კატალოგი;

2014 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ქ. თბილისს და სრულიად საქართველოს შეემატა სკულპტურული მემორიალი „ერთიანი საქართველოსთვის", რომლის ავტორი გახლავთ სოხუმელი მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ კოკაია.

და ბოლოს, დაიხვეწა საგამომცემლო საქმანობა. ახალი ფორმატით გამოიცა ვიზუალურად შესანიშნავად გაფორმებული და შინარსობრივად მდიდარი ორი ჟურნალი ,,რიწა" და ,,იალქანი".

მივესალმები კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩვენს ჩართულობას და იმედს ვიტოვებ, რომ სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოხდება აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანების ხელშეწყობა, კულტურული რესურსების შესწავლა და კვლევების ჩატარება, რომლებიც მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების, კულტურის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვის თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და მხატვრების ჩართულობა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ღონისძიებებში და მათი დაფინანსება.

ამ კონტექსტში შემიძლია გითხრათ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ქართულ-აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. კერძოდ:

 ცოტა ხნის წინ ქალაქ ფლორენციაში დელ ბიანკოს ფონდის მემორანდუმის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, 2015 წლის ოქტომბერში პალაცო კოპინის საგამოფენო სივრცეში ჩატარდება ქართულ-აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა.

2015 წლის ოქტომბერში აფხაზეთის მთავრობა უხელმძღვანელებს დელ-ბიანკოს ფონდის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ღირებულებები", რომელშიც ჩართულნი არიან ქართველები, აფხაზები, აზარბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები და სხვა.

აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარეობს მზადება საერთაშორისო ფორუმისათვის  თემაზე „ინტერკულტურული დიალოგი. კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია მშვიდობიანი თანაარსებობისათვის", რომელშიც დაახლოებით 500 სხვადასხვა ქვეყნის პროფესორები და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას და სხვა.

დამეთანხმებით, ეს არა მარტო ფინანსურად შეუწყობს ხელს დევნილ შემოქმედ ადამიანებს, არამედ, გააძლიერებს მათ ფსიქოლოგიურად და გაზრდის მათ პოტენციურ შემოქმედებით შესაძლებლობებსაც. ასევე, იმედს ვიტოვებ, რომ სამომავლოდ განხორციელდება საპილოტე სახელოვნებო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უკვე არსებული კულტურული რესურსების რეალიზებას, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას და დევნილი მოსახლეობის უზრუნველყოფას კულტურულ-სახელოვნებო აქტივობებით.

აქვე მინდა თქვენი ყურადღება გავამხვილო იმ პრობლემეზე და საჭირობებზე, რომელთა მოგვარება მნიშვნელოვანწილად შეუწყობდა ხელს აფხაზეთის კულტურის სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციას.

ასე მაგალითად: მხარდაჭერას საჭიროებს აფხაზეთის სახელოვნებო განათლება, რაც ითვალისწინებს სკოლისგარეშე სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და მოსწავლეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, მუსიკალურ სკოლებში საორკესტრო მიმართულების განვითარების ხელშეწყობას. ასევე,  სკოლისგარეშე სახელოვნებო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების კონკურსებში, ტრენინგებში,  მასტერ-კლასებში და სხვა სახელოვნებო განათლების ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას. სახელოვნებო ლიტერატურის ბეჭდვითი მასალების მომზადება-გამოცემასა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.

ასევე, საჭიროდ მივიჩნევ განხორციელდეს:

აფხაზეთზე და აფხაზეთის თემატიკაზე ქ. თბილისის მუზეუმებსა და საცავებში დაცული საარქივო მასალებისა და საგანძურის ფოტოებისა და ასლების დამზადება და გადაცემა აფხაზური მხარისათვის;

სახელმწიფო მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციონერებთან არსებული აფხაზურ თემატიკაზე შექმნილი საერო თუ სასულიერო შინაარსის შემცველი წიგნების, სურათების, ფოტო ან სხვა სახის ლიტერატურული და დოკუმენტური მასალების მოძიება, აფხაზურ ენაზე მათი თარგმნა, ასლების დამზადება და აფხაზური მხარისათვის მათი გადაცემა;

აფხაზეთიდან დევნილი მწერლების, პოეტების, რეჟისორების შემოქმედების აფხაზურ ენაზე თარგმნა და აფხაზურ საზოგადოებაში გავრცელების ხელშეწყობა;

კულტურის ხელმისაწვდომობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის და მათთვის უმაღლესი სახელოვნებო განათლების უზრუნველყოფა (თეატრალური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია)  და სასწავლო და საცხოვრებელი პირობების შექმნა.

აფხაზეთიდან დევნილი  სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჯგუფების კულტურაში ჩართვა და თანაბარი წვდომა;

აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესწავლის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა.

აქვე მინდა განვაახლო წინადადება, ქ. თბილისში ,,აფხაზური სახლის" დაფუძნების შესახებ.

ასევე, მინდა გავრცელო ინფორმაცია დაინტერესებულ პირთათვის, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროში ამოქმედდა ევროკავშირის ახალი პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა" ევროპული კინოს, კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. 2014-2020 წლებზე გათვლილი 1,46 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, პროგრამა მხარს დაუჭერს ათასობით ხელოვანს, კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს. დაფინანსების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს შეეძლებათ, იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და განავითარონ ციფრულ ერაში საჭირო უნარები. ევროპული კულტურის ნიმუშებისათვის სხვა ქვეყნების მაყურებლის/მსმენელის წინაშე წარდგენის მხარდაჭერით პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

და ბოლოს,  მოვუწოდებ აფხაზეთის (როგორც ენგურს გამოღმა, ასევე ენგურს გაღმა) კულტურის სფეროში მოღვაწე პირებს, კოლექტივებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პროექტით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მათ გვერდით იქნება და გაუწევს თანადგომას.

 

გმადლობთ ყურადღებისთვის.                          ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობამ რადიონ ჭაავას ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცა

5 მაისს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დემურ კეკელიამ დაბადების 90-ე და ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანს რადიონ ჭაავას მიულოცა.

დემურ კეკელიამ ომის ვეტერანს ფასიანი საჩუქრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის ელგუჯა გვაზავას მისალოცი გადასცა.