აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაია ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში გაეგმზავრა, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 29-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრების ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კვლავ ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნება იქნება.

ქართული მხარე ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების საკითხსაც დააყენებს.

მოლაპარაკებები ჟენევაში 7-8  ოქტომბერს გაიმართება.

ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქუთაისიდან ზუგდიდში გადააბრძანეს

27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა, თბილისიდან  ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

ერთი კვირის შემდეგ, 5 ოქტომბერს ხატი ქუთაისიდან ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა მალხაზმა (ჭანტურია) გადაიხადა.

ხატის გადაბრძანება იმერეთისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ორგანიზებით მოეწყო.

ვახტანგ ყოლბაია დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გაეროში - ლაშა შაყულაშვილს და კავკასიის ახალგაზრდული ალიანსის, აფხაზეთის ახალგაზრდული მთავრობისა და აფხაზეთის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.

ახალგაზრდობის დესპანი ოქტომბერში მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეასა და გაეროს კომიტეტების სხდომებში, სადაც იგი სიტყვით გამოვა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე წამოჭრილ გამოწვევებზე ისაუბრებს.

ვახტანგ ყოლბაია აკადემიკოს ანდრია აფაქიძის 100 წლის იუბილეს დაესწრო

3 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართა, რომელიც გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის, მეცნიერის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადენიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ანდრია აფაქიძე საქართველოს ძველი კულტურისა და კავკასიის ცივილიზაციის საკითხებზე მუშაობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით და თანაავტორობით შეიქმნა „საქართველოს არქეოლოგიის" პირველი საუნივერსიტეტო (1959 წ.) სახელმძღვანელო. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე თბილისის საპატიო მოქალაქე, რამდენიმე ორდენის კავალერი და მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი იყო.

საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მეცნიერები და სხვა საპატიო სტუმრები.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა უნარშეზღუდული ბავშვები მოინახულეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერაში" იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილი უნარშეზღუდილი ბავშვები მოინახულეს. ისინი კავშირ „ჰერაში" არსებულ საყოფაცხოვრებო პირობებსა და უნარშეზღუდული ბავშვების პრობლემებს გაეცნენ. შეხვედრის ბოლოს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირ „სამშობლოს“ მიერ 27 სექტემბრისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირ „სამშობლოს" მიერ აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

საღამო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა. ვეტერანებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მესხმა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში ვასილ ციბენკომ,  მწერალმა რევაზ მიშველაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიებას მხატვრულად აფორმებდნენ თბილისის ილია მართლის სახელობის საპატრიარქოს სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხორციელი ძმა, ბერი გიორგი გარდაიცვალა

30 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნატარესის ილია II ხორციელი ძმა, ბერი გიორგი (შიოლაშვილი) გარდაიცვალა.

ერისკაცობაში ვიქტორ შიოლაშვილი 1929 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. იგი გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის მრავალშვილიანი ოჯახში მეექვსე შვილი იყო და, როგორც მის დიდ ოჯახს შეეფერებოდა, იწრთობოდა სულიერად, გამოირჩეოდა უდიდესი თავმდაბლობით და სიცოცხლის ბოლომდე მუდივად იჩენდა მზაობას სიკეთის საკეთებლად.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად აღიკვეცა, განამწესეს მცხეთის წმ.გიორგის სახელობის მონასტერში და მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები მცხეთაში გაატარა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნატარესს ილია II ხორციელი ძმის, ბერი გიორგის გარდაცვალების გამო.

განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის #27 დადგენილების საფუძველზე, სსიპ ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის" საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის მიზნით ცხადდება განაცხადების მიღება შემდეგი პირობებით:

1. საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭო (შემდეგში - სამეთვალყურეო საბჭო) შედგება 21 წევრისაგან, რომელთაგან 16 წევრი არის სამოქალაქო სექტორის, მათ შორის საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირი, 3 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი პირი და 2 მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი პირი.

2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა ან/და დევნილთა უფლებების დაცვა ან/და ჟურნალისტიკური საქმიანობა. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია მთავრობის აპარატს წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არაუმეტეს 2 კანდიდატურისა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენა სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის თაობაზე ინფორმაციის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის ვადაში. კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები, კანდიდატის წერილობითი თანხმობა. მთავრობა უფლებამოსილია კანდიდატს მოსთხოვოს მთავრობისათვის ცენტრის განვითარების კონცეფციის წარდგენა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა არ წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 4 წლისა.

საბუთების მიღება წარმოებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში
მისამართი: ალ. ყაზბეგის 42. ;
ტელ: 2372265

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი სეგმენტის შემდგომი გაძლიერება და სრულყოფა კონფლიქტის დარეგულირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარების საკითხში. მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის დამყარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობას.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ ჟორდანიამ მოაწერეს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქ.თბილისში გოძიაშვილის სახელობის პარკის სპორტკომლექსში, ჩატარდა ტურნირი მინი-ფეხბურთში.

ქ.თბილისში გოძიაშვილის სახელობის პარკის სპორტკომლექსში, ყაზბეგის მიმდებარე ტერიტორიაზე 2014 წლის 26,27 და 28 სექტემბერს ჩატარდა გენო ზარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში. სადაც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილი 20 წელზე ზემოთ ახალგაზრდებმა.
აღნიშნული ტურნირი გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის დახმარებითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.
მონაწილე გუნდები იყვნენ:
1. დაბა კოჯორი
2. გლდანის 104 ბ/ბაღი
3. სასტუმრო ქართლი
4. თბილისის ზღვა
5. ვაშლიჯვარის ინდუსტრიული-პედაგოგიური კოლეჯის ს/ს გუნდი (გელოვანი)
6. სასტუმრო ბახტრიონი
7. ს.ტ.უ.
8. ვარკეთილის ს/ს 
აღნიშნულ ტურნირზე გამარჯვებულები გახდნენ:

პირველი ადგილი - სასტუმრო ქართლი
მეორე ადგილი - ვაშლიჯვარი გუნდი ,,გელოვანი,,
მესამე ადგილი - თბილისის ზღვა

ტურნირნირზე გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები, ბურთები და შესაბამისი ხარისხის მედლები.

მინი-ფეხბურთში გენო ზარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

26-28 სექტემბერს თბილისში, მინი-ფეხბურთში გენო ზარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა, რომელშიც კომპაქტური ჩასახლებების დევნილთა გუნდები მონაწილეობდნენ.

ტურნირის ფინალური შეხვედრა 28 სექტემბერს გაიმართა. I ადგილზე გავიდა გუნდი - თბილისის ზღვა „ქართლი", II ადგილზე გუნდი  - „ვაშლიჯვარი" ხოლო - III ადგილზე გავიდა გუნდი - თბილისის ზღვა „ოქროს საწმისი".

შეჯიბრებრში გამარჯვებული პრიზიორი გუნდები და სპორტსმენები დიპლომებით, მედლებით, თასებით და ბურთებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი მიზნად ისახავდა გენო ზარიას ხსოვნის უკვდავყოფას, აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის აქტიურ ჩაბმას ფიზიკურ კულტურასა და სპორტში, ფეხბურთის პოპულარიზაციასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას.

ტურნირი მინი-ფეხბურთში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა.

იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში 27 სექტემბრისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომდგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ. ასევე გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი ხონის სახედრო დასახლებაში. ცერემონიას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვამჯდომარე ჯემალ მებუკე და საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ესწრებოდნენ. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ღონისძიება გაიმართა წყალტუბოშიც, გმირთა მემორიალი გვიგვინით შეამკეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარემ კონსტანტინე მამისეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ.

იმავე დღეს, ქუთაისის ხარების ეკლესიაში  თბილისიდან „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ხატი" ჩამოაბრძანეს, ხატის ჩამობრძანების პროცესს აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამეგრელოს რეგიონში, სენაკის ცენტრალურ პარკში, ჟიული შარტავას ძეგლთან შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინით შეამკეს ადგილობრივი  მუნიციპალიტეტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, აფხაზეთის  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა სულების მოსახენებელი პანაშვიდი მამა მალხაზმა ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარსა და სოფელ რუხის ეკლესიაში გადაიხადა. პანაშვიდს სამეგრელო ზემო სვანეთის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია და წარმომადგენლობის თანამშრომლები დაესწრნენ.

27 სექტემბერი - „დაცემიდან ჯვართამაღლებისკენ“

დღეს, 27 სექტემბერს 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 21 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით მრავალი ღონისძიება გაიმართა.

სამების საკათედრო ტაძარში, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდელმთავრებთან ერთად ლიტურგია აღავლინა, შემდეგ კი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოადგილეებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი. წირვას ასევე დაესწრო ქართული ჯარის ნაწილი.

ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ  დღეს ილოცეს ყველასთვის, ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ყველასთვის, ვინც აფხაზეთის ომში დაეცა. შემდეგ პატრიარქმა  აფხაზეთში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხდა. 

ტაძრიდან დაიწყო მსვლელობა გმირთა მოედნისკენ, სადაც „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის" ხატი მიაბრძანეს. ეს ხატი გასულ წელს აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა. აფახზეთში დაღუპულ გმირებს პანაშვიდი პატრიარქმა გმირთა მოედანზეც გადაიხადა, აფხაზეთის მთავრობას კი გადასცა იერუსალიმიდან ჩამნოტანილი სადაფის ჯვარი, რომელიც მისი თქმით, გახსნის გზას აფხაზთა გულებისაკენ. „ეს ჯვარი ჩამოიტანეს იერუსალიმიდან, მე მას გადავცემ აფხაზეთის მთავრობას და ის იქნება მთავრობაში მანამ, ვიდრე აფხაზეთში არ დავრბუნდებით", - თქვა პატრიარქმა.

გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს საქართველოსა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნების მუშაკებმა, სპორტსმენებმა, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

გმირთა მოედნიდან ხატს „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და  ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დააბრძანებენ.

დღესვე ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერში სკულპტურულ მემორიალთან - „საქართველოსთვის" მოეწყო ომამდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტოგამოფენა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევართა ექსპოზიცია თემაზე - „ჩემი ზღვა და ჩემი ქალაქი". ასევე დარიგდა სალომე კაპანაძისა და ქეთევან ჩემიას ავტორობით გამოცებული წიგნები. მონუმენტი ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს თავჯდმომარემ გია გვაზავამ, მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და დევნილმა საზოგადოებამ. სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა" ძალიან ამაღელვებელი, იმედიანი, ცრემლის მომგვრელი ფლეშმობი - „გამარჯობა სოხუმო" მოაწყო (ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით).

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე".

მოგვიანებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, გენერალ გენო ადამიასა და აფხაზეთის გამოჩენილი მოღვაწეების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

ვახტანგ ყოლბაიამ მშვიდობის კვირეულის ფარგლებში გაიმართულ საჯარო დებატებში მიიღო მონაწილეობა

დღეს, საქართველოს პალამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დებატები თემაზე - „ადამიანის უფლებები კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: ხელისუფლების როლი და პასუხისმგებლობა".

დებატებში მონაწილეობდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოჩა რატიანი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მშვიდობის კვირეული სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით განხორციელდა.

27 სექტემბერი - „დაცემიდან ჯვართამაღლებისკენ“

27 სექტემბერს 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 21 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ამ დღეს მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.

დილის 10.00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა და აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდება.

13:00 საათზე - წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყება მსვლელობა გმირთა მოედნისკენ, სადაც „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის" ხატს დააბრძანებენ. ეს ხატი გასულ წელს აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა. 

15:00 საათზე - გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების  მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება. გმირთა მემორიალს ყვავილებითა და გვირგვინით შეამკობენ საქართველოს მთავორბის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა საპატიო სტუმრები.

15:30 საათზე - ხატს „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანებენ.

16:00 საათზე - ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე (ნუცუბიძის II მ/რ.) მდებარე სკვერში სკულპტურულ მემორიალთან - „საქართველოსთვის" მოეწყობა ომამდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტოგამოფენა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევართა ექსპოზიცია თემაზე - „ჩემი ზღვა და ჩემი ქალაქი". აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დევნილი საზოგადოება მონუმენტს ყვავილებით შეამკობენ, რის შემდეგაც სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრი „თეთრი ტალღა" მოაწყობს ფელშმობს - „გამარჯობა სოხუმო" (ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით).

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება.

ასევე იხილეთ სხვა ღონისძიებათა ნუსხა.