აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

თბილისში, პეკინის #41-ში, დევნილთა ჩასახლების ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ.

აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ , მოადგილესთან მურად აბლოთიასთან და კომპანია ,,კარფური"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან, ნინო რამიშვილთან ერთად, დევნილი ოჯახები მოინახულა და პირველად მოხმარების საკვები პროდუქტები მიუტანა.
,,დევნილთა სოციალური მხარდაჭერა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, კომპანია ,,კარფური"- ს მხარდაჭერით გადავეცით პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები. გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით დაზარალებულ ოჯახებს გაეწიათ ფინანსური დახმარება, ხოლო ნაწილი ოჯახებისა ჩაერთო ქირით უზრუნველყოფის პროგამაში.
დევნილთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დევნილი ოჯახების მხარდაჭერას"-განაცხადა ლევან თევზაიამ.

 

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმს ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“-ის მოსწავლეები სტუმრობდნენ

ამას წინათ თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“-ის მოსწავლეები სტუმრობდნენ.

მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები პოეტსა და გალაკტიონ ტაბიძის ბიბლიოგრაფს ვახტანგ ჯავახაძეს შეხვდნენ. პოეტი მოზარდებს  გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნინი სანადირაძე ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე წიგნის „დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021“ პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე წიგნის „დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021“ პრეზენტაციას დაესწრო.

წიგნი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხარდაჭერით გამოიცა.

პრეზენტაცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ღია სივრცეში გაიმართა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს შეხვედრა თურქეთის თანამშრომლობისა და საკორდინაციო სააგენტო ( TIKA)- სთან

22 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა - ივანე დოლიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის თანამშრომლობისა და საკორდინაციო სააგენტოს (TIKA), თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორთან - ნეჯლა დემირდაღთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკითხები, დევნილი მოსახლეობისათვის დაფნის პლანტაციისა და დაფნის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის შესახებ. ასევე, განიხილეს TIKA-ს მიერ მეფუტკრეობით დაკავებული დევნილი მოსახლეობისათვის საჭირო ინვენტარის გადაცემა. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: (TIKA)-ს სათაო ოფისის აგრარული მიმართულების სპეციალისტი- სამი დური და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები

 

რუსლან აბაშიძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რეზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუმინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.

რუსლან აბაშიძემ რუმინელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამები

ამბულატორიული დახმარების პროგრამა მოიცავს:

  1. ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კომპონენტს:
  • ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანესთეზიით;
  1. კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევების კომპონენტს:
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით (კონტრასტით);
  1. ინსტრუმენტული გამოკვლევების კომპონენტს:                                       
  • თავის ტვინის სისხლძარღვთა (ექსტრა და ინტრაკრანიალური) დოპლეროგრაფია;
  • ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია;
  1. სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტი
  • შშმპ სტატუსის მქონე, ტრავმის შემდგომი ან ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო რეაბილიტაცია:
  • ზოგადი მასაჟი;
  • სამკურნალო ვარჯიში;
  • ჰიდროკინეზოთერაპია;
  • აპარატურული ფიზიოთერაპია;
  • 18 წლის ზევით ასაკის მძიმე ნევროლოგიურ და ტრავმის შემდგომ პაციენტთა რეაბილიტაცია:
  • ზოგადი მასაჟი;
  • სამკურნალო ვარჯიში;
  • ჰიდროკინეზოთერაპია;
  • აპარატურული ფიზიოთერაპია;

ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა მოიცავს:

  1. გეგმიურ კორონარულ ანგიოგრაფიას

სოციალური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს:

  1. ჰოსპიტალური მომსახურების, ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობისა და სტაციონარულ პირობებში დიაგნოსტიკის თანადაფინანსების ხელშეწყობის კომპონენტს.
  1. ონკოპაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობის კომპონენტს:
  • სხივური თერაპიის თანადაფინანსება.
  • ჰორმონო და ქიმიოთერაპიის (მანიპულაცია+მედიკამენტი) თანადაფინანსება.
  • სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსება.

 

 

 

ლტოლვილთა საერთაშორისო დღე
,,20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა,
 
ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და გვყავს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ასეულობით ათასი ადამიანი, ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
 
რუსეთის ფედერაციის მიერ პროვოცირებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად განახორციელდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების წმენდა, რომელსაც შეეწირა შვიდი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ათასზე მეტი, დაიჭრა და დასახიჩრდა ათი ათასამდე ადამიანი, ხოლო ასეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი.
 
27 წლის შემდგომაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება სულ უფრო მძიმდება. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორის, ხდება თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, სახელმწიფო ქონების, კერძო საკუთრების მოსპობა-გასხვისება, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის ხელყოფა, შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. მასობრივად ნადგურდება ქართული კულტურის ძეგლები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები და ხორციელდება სხვა მსგავსი ქმედებები.
 
საქართველოს ხელისუფლება, ყველა ლეგიტიმური საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ყველაფერს აკეთებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის სახალხო დიპლომატიის, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
 
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, რასაც 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილებით საქართველოს მიერ მიღწეული ისტორიული სამართლებრივი გამარჯვებაც ადასტურებს.
 
მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ისტორიული ერთობის აღდგენას."- დავით ფაცაცია.
რუსლან აბაშიძემ და ბესიკ სილაგაძემ ბავშვთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა, ბავშვებს საჩუქრები და სასურსათო კალათები გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარემ თავშესაფარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც აფხაზეთის სულიერების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ბავშვებისთვის საგანმანათლებლო სივრცე მოეწყობა.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ლევან ჩაკვეტაძე უხელმძღვანელებს
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლევან ჩაკვეტაძე უხელმძღვანელებს.
 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ წარუდგინა.
 
ლევან ჩაკვეტაძე დღემდე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებს და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე წარუდგინა.

ლევან ჩაკვეტაძე დღემდე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელსაც დიპლომატიური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიღებაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი დევნილი მეწარმეების პროდუქცია.

შეხვედრა გაიმართა ეგვიპტეში მცხოვრებ აბაზთა (ეგვიპტეში მცხოვრები აფხაზთა დიასპორა) საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნესმენებთან. შეხვედრაზე ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ორმხრივი პროექტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საჩუქრად აფხაზეთის თემაზე გამოცემული წიგნები გადაეცა, რომლებიც ბიბლიოთეკის საცავში განთავსდა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მკითხველისთვის.

შეხვედრები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ჩართულობითა და საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიოს შეხვდა.

შეხვედრაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე ჭუაძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გვაზავა, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და მათი განხორციელების გზებზე ისაუბრეს.

რუსლან აბაშიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკისკას შეხვდა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.

მთავრობის თავმჯდომარემ ჩეხ დიპლომატთან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

რუსლან აბაშიძე „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გამოფენას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გამოფენას დაესწრო. გამოფენა პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ ღია სივრცეში გაიმართა, სადაც მომავალ სტუდენტებსა და დამსაქმებლებს სამშენებლო ინჟინერიის ის პროფესიები გააცნეს, რომელთა შესწავლა კოლეჯში იქნება შესაძლებელი.

ღონისძიება გახსნეს და სიტყვით გამოვიდნენ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი როინ (მათე) ტაკიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო კერძო სექტორის საინფორმაციო სტენდებიც. სკოლის მოსწავლეთათვის გაიმართა სპეციალური აქტივობა - აღმოაჩინე ახალი პროფესია, დამთვალიერებელს ინტერაქტიულ პროცესში 10-ზე მეტი პროფესიის გაცნობის შესაძლებლობა მიეცა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა საპანელო მოხსენება თემაზე „საჯარო და კერძო თანამშრომლობა სამშენებლო სფეროს მაგალითზე“.

გამოფენას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.

გრძელდება იმერეთის რეგიონში კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების გაცნობა.

ამჯერად ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში მცხოვრებ დევნილებს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი, თანამშრომლებთან ერთად შეხვდა.
აფხაზეთიდან დევნილებმა სამინისტროს მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემებიც მოისმინეს და მათი გადაჭრის შესაძლებლობები განიხილეს.
სამინისტრო ტერიტორიული ორგანოებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთანაც გამართავს.