აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

მარტვილში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ.
 
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა სხვადასხვა მომსახურებით ისარგებლეს:
 
1. ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი:
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
2. მხედველობის სკრინინგი:
• ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
• სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).
3. პედიატრის კონსულტაცია;
4. სისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგი
• კარდიოლოგის კონსულტაცია;
• ეკგ.
5. ნევროლოგის კონსულტაცია;
6. ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
7. რადიოლოგიური კვლევა;
 
გამოკვლევებში საქართველოს წამყვანი კლინიკების დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის, ოფთამოლოგიური კლინიკა ახალი მზერის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის და დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის ბიჭვინთის ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
 
სამედიცინო მომსახურეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
 
პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილებთან კოორდინაციის სამსახურის თანამშრომელი აბესალომ ერქვანია და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
სამედიცინო გასინჯვები სოციალური მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
დევნილი ახალგაზრდების პროფესიული გადამზადების კუთხით კოლეჯ ,, მოდუსში" სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დევნილი ახალგაზრდების პროფესიული გადამზადების კუთხით კოლეჯ ,, მოდუსში" სამუშაო შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” დირექტორთან ვახტანგ ფოჩხუასთან ერთად, კოლეჯ „მოდუსს“ ესტუმრა და კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დევნილების პროფესიული გადამზადების კუთხით, ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კერძოდ იგეგმება, ერთობლივად, დევნილი ბენეფიციარების გადამზადება სხვადასხვა პროფესიული მიმართულებებით და მათთვის დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. პირველ ეტაპზე, “საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” მხარდაჭერით, კოლეჯ „მოდუსში“ შედუღების მიმართულებით 4 დევნილი ბენეფიციარს მიიღებს. მინისტრის მოადგილე კოლეჯის სპეციფიკას გაეცნო და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს ტერიტორიული რეზერვის პროექტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოს ორგანიზებით მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ოფიცრებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ რუსთავში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ დევნილთათვის ტერიტორიული რეზერვის პროექტის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტერიტორიული რეზერვის პროგრამასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, იმსჯელეს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პროგრამაში ჩართულობის გააქტიურების ხელშეწყობაზე.
შეხვადრაში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაურები, სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები.

 

ლევან თევზაიამ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს სესიაზე სამინისტროს გასული წლის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ ინტერპელაციის წესის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს დეტალურად უპასუხა. მინისტრმა მიმოიხილა გასული წლის საქმიანობა, ისაუბრა დღეს არსებულ გამოწვევებსა და სამინისტროს სამომავლო სტრატეგიაზე. ასევე, სტრუქტურის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზე, მათ შედეგებსა და მიმდინარე პროგრამებზე. მან ბიუჯეტის ფორმირების საკითხზე მსჯელობისას ხაზი გაუსვა იმ ძირითად პრიორიტეტებს, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში აფხაზეთის მთავრობის მიერ არის განსაზღვრული ,,ხარისხიანი ჯანდაცვა, დევნილთა სოციალური დაცვა, ეკონომიკური საქმიანობა, განათლება და კულტურა- სწორედ ამ მიმართულებების გათვალისწინებით ვხელმძღვანელობთ და დღესაც, აქტიურად ვმუშაობთ ბიუჯეტის ფორმირებაზე“-განაცხადა მინისტრმა. როგორც ლევან თევზაიამ თავის გამოსვლისას აღნიშნა, სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი მიმართული იქნება დევნილთა სოციალური პირობების ხელშეწყობისა და დევნილი მეწარმეების მხარდაჭერაზე. ,,სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს დევნილთათვის სხვადასხვა პროექტის შემუშავების პროცესში მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხითაც. ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი საფინანსო რესურსის გათვალისწინება ხდებოდა ბიზნეს-პროექტებზე და მომავალ წელსაც, პროგრამები ფოკუსირებული იქნება მეწარმეობის განვითარებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობაზე, აგრეთვე, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში პროგრამების განხორციელებაზე. ჩვენი ამოცანაა დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური პირობების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მათთვის საწყისი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა“- განაცხადა ლევან თევზაიამ. მინისტრმა დეპუტატებს მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ - გუნდთან ერთად მაქსიმალური გაკეთდება უწყების ეფექტიანი მუშაობისთვ

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

განხილვის მთავარ საკითხებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა.

მოლაპარაკებისას საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ ბოლო დროს გააქტიურებული ნაბიჯები, მათ შორის, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ იმპლემენტაცია, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების დადება, სოფელ აიბღას ნაწილის უკანონო მიერთებისა და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთის ცალმხრივი დელიმიტაცია-დემარკაციის მცდელობა. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და სახელმწიფო დუმის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა ნათლად მიუთითებს ანექსიის მიმდინარე პროცესზე.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა: ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევები, აგრეთვე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჯარისკაცების მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა. დისკუსიებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის პროცესს, რაც ადგილზე ვითარების ესკალაციის საშიშროებას ქმნის. 

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებით ისევე, როგორც ბოლო 13 წლის განმავლობაში მიმდინარე პროვოკაციებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით, მოსკოვი მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაბრკოლებას. ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ მოსკოვის დესტრუქციული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც საერთაშორისო სასამართლომაც დაადასტურა. მან ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლებრივად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი და მოსკოვის პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებში.  

საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება და კვლავაც დასვეს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.  

ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე,  რასაც კიდევ უფრო ართულებს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და სხვადასხვა დისკრიმინაციული ზომები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. თანათავმჯდომარეებმა, საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებისა და საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას.

მოლაპარაკებების ფარგლებში დაისვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლისა და მანდატის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერირების აუცილებლობა. 

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ბოლო 3 წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით, აღდგენის აუცილებლობას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვისა და ახალგორის მოსახლეობის იზოლაციის მძიმე შედეგებზე, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს საკუთარი სახლების დატოვებას აიძულებს და რაიონის დაცარიელებას იწვევს. თანათავმჯდომარეებმა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს ენგურის ხიდზე მიმოსვლის განახლება და ხაზი გაუსვეს ორივე ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობო გახსნის აუცილებლობას.

დეტალურად იქნა განხილული ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები, მათ შორის, უცხოელებად დარეგისტრირების იძულება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალის რაიონისა და კოდორის ხეობის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საჭიროებას.

მოლაპარაკებისას საუბარი შეეხო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევებს, საოკუპაციო ხაზზე სამედიცინო ევაკუაციის გამართულად ფუნქციონირებასა და ჯანდაცვის მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას.

ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და დასვეს მათი მიზანმიმართული დაზიანებისა და განადგურების საკითხი.  

საქართველოს დელაგაციამ აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გააქტიურების მნიშვნელობა, კერძოდ, ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის უზრუნველსაყოფად ქალთა ჩართულობის გაზრდისა და გენდერული პერსპექტივის მეტად გათვალისწინების საჭიროება.

ვრცლად იქნა განხილული მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები - ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და პირნათლად ასრულებს კიდეც ამ პირობას მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს ქართული მხარის წინააღდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას. ამ ფონზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობას. ლაშა დარსალიას თქმით, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გარანტიაა.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, ამასთან გაგრძელდა წინა რაუნდზე ჩატარებული საინფორმაციო სესიის თემის განხილვა „უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი / ადამიანური განზომილების“ მიმართულებით. საინფორმაციო სესიის ფარგლებში, წარიმართა დისკუსია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების, საჭიროებებისა და უფლებების საკითხებზე. 

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მდებარე ,,ბიზნეს-ინკუბატორს" ესტუმრა.

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, მინისტრის მრჩეველთან მერაბ დგებუაძესთან ერთად ქუთაისში მდებარე ,,ბიზნეს-ინკუბატორს" ესტუმრა. გიორგი ჯინჭარაძე ,,ბიზნეს ინკუბატორი"-ს ახლადდანიშნულ დირექტორს ზაზა ჩაჩავას ,ცენტრის თანამშრომლებთან ერთად შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებს გაეცნო. ორგანიზაციის მიზანია აფხაზეთიდან დევნილიების სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობა. სამინისტრო გეგმავს ,,ბიზნეს ინკუბატორი“-ს აქტიურად ჩართულობას ამ მიმართულებით, სართაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას.

რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდში მონაწილეობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდში მონაწილეობს. ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი 12-13 ოქტომბერს იმართება.

გიორგი ჯინჭარაძე პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს შეხვდა.

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს შეხვდა. ონლაინ ფორმატის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. გიორგი ჯინჭარაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდა ელჩებს წარმატებები უსურვა. მან აფხაზეთის ჭრილში, სახალხო დიპლომატიის როლზე და ნდობის აღდგენის მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ახალგაზრდებს მოუწოდა ამ მიმართულებით საზღვარგარეთ იაქტიურონ. ონლაინ-ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. ღონისძიების ფარგლებში, 2021 წლის პროექტის საგრანტო კონკურსის შედეგად შერჩეულმა ჩვიდმეტმა „ახალგაზრდა ელჩმა“ წარმოადგინა საკუთარი ინიციატივები და მათ მიერ განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმა. პროგრამა ,,იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘’ENIGMMA 2’’-ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარება, ახალგაზრდობის სფეროში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ჩატარება.

 

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.

პედაგოგებს მიესალმნენ და მასწავლებლის დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები კუკური ციმინტია, ეთერ ვიბლიანი, გოგი ქალდანი, ელენე ოდიშარია, ნუნუ სოტკილავა და ლეილა ჯავახიშვილი, ასევე, აფხაზეთის საჯარო სკოლების 2021 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები თამარ შერვაშიძე (აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა), ნონა დგებუაძე (აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა) და ზურაბ მიქაია (ილია ვეკუას  სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა) სამინისტროს სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიატებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კოკა ბერაიას და ვახტანგ ნოღაიდელს დიპლომები გადაეცათ.

რუსლან აბაშიძემ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

დღესვე, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ დაღუპულთა სულების მოსახსებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ლევან თევზაიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად , გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. დღესვე, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ დაღუპულთა სულების მოსახსებელი პანაშვიდი გადაიხადა.

რუსლან აბაშიძე მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მასწავლებლებს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ!
 
განუზომელია თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. მჯერა, რომ ქვეყნის წარმატება და განვითარება განათლების სისტემის ხარისხზეა დამოკიდებული. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ განათლებული საზოგადოების ფორმირებაში.
 
მინდა გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პედაგოგების მიმართ, მათ დიდი ზეწოლისა და გამოწვევების ფონზე უწევთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულება. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ძალღონეს არ დაიშურებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საშუალება ქონდეთ.
 
კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თქვენი ღვაწლისათვის!
ეკა ხოფერიამ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ეწვია. მან პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და საბავშვო წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა საჩუქრად.

 

ეკა ხოფერიამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში მიმდინარე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მისი თქმით, 1 ნოემბრისთვის დასრულდება. აქვე დააანონსა, რომ მუშაობენ პროექტზე, რომელიც ამ და აფხაზეთის ზოგიერთ სხვა საჯარო სკოლაში ფრანგული ენის კლუბის გახსნას გულისხმობს.

 

ლევან თევზაია სოფელ რუხში ხანდაზმულთა ზრუნვის ცენტრის გახსნას დაესწრო

მინისტრი ლევან თევზაია სოფელ რუხში ხანდაზმულთა ზრუნვის ცენტრის გახსნას დაესწრო დღეს, სოფელ რუხში ხანდაზმულთა ზრუნვის ცენტრმა “ჩემი მორდუ” ფუნქციონირება დაიწყო. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში განხორციელდა და მისი სერვისებით სარგებლობას აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებიც შეძლებენ. მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიც არის დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარი. ამავე ცენტრში მოემსახურებიან ბავშვებს მოწყვლადი ოჯახებიდან. გახსნის ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, მხარის გუბერნატორის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ესწრებოდნენ. მულტიფუნქციური ცენტრი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ს (CHCA) ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, GIZ-სა და UNDP- ს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.

ნანა გაბელია კონფერენციას ,,საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანაფორმააციისთვის შიდა დიალოგის გაძლიერება“ დაესწრო
28- 30 სექტემბერს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლის , ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინტიტუტისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პროექტის
- ,,საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანიტრანსფორმაციისთვის შიდა დიალოგის გაძლიერება“ - ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩატარდა.
 
შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ესწრებოდა.
 
პროექტის ფარგლებში კონფლიქტების თემაზე მომუშავე პირებმა - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან , სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად შერიგების პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.
 
აღნიშნული პროექტი შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტისა და სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობას.