აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით

13 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პაველ ვიზდალს შეხვდნენ და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლასა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში დაფინანსდა სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის პროექტი - „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“. ამ პროექტმა ახლახან საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერასა და მოქნილი, ოპერატიული და ეფექტური მცირე პროექტების დაფინანსებას.

პროექტის თანახმად აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი სპორტული დარბაზი მოეწყობა და სკოლის 235 მოსწავლისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო შეიქმნება.

კონკურსში გამარჯვება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლების ძალისხმევით მოხერხდა, რისთვისაც მათ მინისტრის მადლობა დაიმსახურეს.

პროექტის „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი მოეწყობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პაველ ვიზდალს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებში აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის პროექტი „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“ დაფინანსდა. ხელშეკრულებას თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის დირექტორმა მოაწერა ხელი.

პროექტის თანახმად აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი მოეწყობა, რომელიც სკოლის 235 მოსწავლისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემო შექმნას შეუწყობს ხელს.

პროექტმა „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი განვითარებადი ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერასა და მცირე პროექტების დაფინანსებას ისახავდა მიზნად.

რუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რიინა კალიურანდს შეხვდა.

ესტონეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ესტონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა უახლოეს მომავალში დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას გაზრდის.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდების შეკითხვებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა. შეხვედრები პერმანეტულად იმართება და მასში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებიც მონაწილეობენ.

აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო რიგ პროგრამებს ახორციელებს, რომელთა შორისაა:

  • "ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა“ - პროგრამის მიზანია: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამედიცინო მომსახურების (ექიმის კონსულტაცია და ამბულატორიული კვლევები) დაფინანსების უზრუნველყოფა შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში.                                                                                                                                  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის მეტად მნიშვნელოვანია იმ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას არ ექვემდებარება, რადგან რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ჰოსპიტალური (სტაციონარული) მომსახურების დაფინანსებას, ხოლო ამბულატორიული კომპონენტით ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ ონკოპაციენტებზე ვრცელდება.
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების (მათ შორის კოვიდ- სტაციონარების) მედიკამენტების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების (მათ შორის კოვიდ-სტაციონარების) დახმარება საჭირო მედიკამენტებით, მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქრონიკული დაავადებების გართულებების პრევენციის მიზნით.
  • სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა. პროგრამის მიზანია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაცვლილ (მათ შორის კოვიდ-19 ვირუსის შედეგად) ოკუპირებული აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა სარიტუალო მომსახურება და ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე.

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო 2021 წლის 1 მარტს დააფუძნა.

აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს საქმიანობის მიზანს წარმოადგენს: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, საქმიანობის ეფექტიანობის განსაზღვრა და კონტროლი; მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციებისა და მოთხოვნების საფუძველზე შესაბამისი პროგრამების განხორციელება; დასაქმებულ პირთა ელექტრონული ბაზის წარმოება; პერსონალის პროფესიული გადამზადების, ცოდნის უნარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობა; მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა და არსებული კადრების გადამზადება; სამედიცინო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესწავლა; საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით არასაბიუჯეტო სახსრების გრანტების მოზიდვა, პროექტების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით შემდგომი განხორციელება; ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე მუდმივი ზედამხედველობა და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და შექმნილი პრობლემების დროს დაუყოვნებლივი რეაგირება; ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოყვანის პროცედურებში ჩართულობა; საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, შუამდგომლობების მომზადება შესაბამის უწყებებში, რაც დროული დაფინანსებისთვის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.

უფასო საკვირაო სკოლა იწყებს განაცხადების მიღებას
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის სულიერების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 17 ივლისიდან 27 დეკემბრამდე ფუნქციონირებას იწყებს უფასო საკვირაო სკოლა.
 
პროექტის ფარგლებში 6-დან 16 წლამდე ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ საკვირაო სკოლის ფორმატით შექმნილ, შემდეგ საგანმანათლებლო და სპორტულ ჯგუფებში 
 
  1. ქართული კალიგრაფია
  2. ბიბლიის განმარტება
  3. ინგლისური ენა
  4. ბერძნული ენა
  5. ჭადრაკი
  6. კულინარია
  7. ფეხბურთი
  8. მაგიდის ჩოგბურთი
ასევე, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის მოწყობა ექსკურსიები და გაიმართება შემეცნებითი ტურები.
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 15 ივლისი.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: - რეგისტრაცია
 
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამები

ამბულატორიული დახმარების პროგრამა მოიცავს:

  1. ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კომპონენტს:
  • ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  1. კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევების კომპონენტს:
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით (კონტრასტით);
  1. ინსტრუმენტული გამოკვლევების კომპონენტს:                                       
  • თავის ტვინის სისხლძარღვთა (ექსტრა და ინტრაკრანიალური) დოპლეროგრაფია;
  • ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია;
  1. სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტი
  • შშმპ სტატუსის მქონე, ტრავმის შემდგომი ან ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო რეაბილიტაცია:
  • ზოგადი მასაჟი;
  • სამკურნალო ვარჯიში;
  • ჰიდროკინეზოთერაპია;
  • აპარატურული ფიზიოთერაპია;
  • 18 წლის ზევით ასაკის მძიმე ნევროლოგიურ და ტრავმის შემდგომ პაციენტთა რეაბილიტაცია:
  • ზოგადი მასაჟი;
  • სამკურნალო ვარჯიში;
  • ჰიდროკინეზოთერაპია;
  • აპარატურული ფიზიოთერაპია;

ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა მოიცავს:

  1. გეგმიურ კორონარულ ანგიოგრაფიას

სოციალური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს:

  1. ჰოსპიტალური მომსახურების, ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობისა და სტაციონარულ პირობებში დიაგნოსტიკის თანადაფინანსების ხელშეწყობის კომპონენტს.
  1. ონკოპაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობის კომპონენტს:
  • სხივური თერაპიის თანადაფინანსება.
  • ჰორმონო და ქიმიოთერაპიის (მანიპულაცია+მედიკამენტი) თანადაფინანსება.
  • სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსება.

 

ტამიშის ბრძოლის დღე.

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 28 წელი გავიდა.

1993 წლის 2 ივლისს 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

„2 ივლისი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან გამართულ ბრძოლაში ასეულობით ქართველმა მებრძოლმა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას და ამით ეს თარიღი აქციეს ქართველი ჯარისკაცების ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითად.

თითოეული ჩვენგანის ვალია პატივი მივაგოთ საქართველოს ერთგულ შვილებს და  დავაფასოთ მათი თავგანწირვა.

პატივი და დიდება საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებულ გმირებს!“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ

საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში.

ქალაქ ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში უკრაინელმა ექიმ-ოფთალმოლოგებმა უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარეს ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას და საჩუქრად სათვალეები გადასცეს.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე.

აქციას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლებას შესაძლებლობას მისცემს გაიარონ ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია და სრული კვლევა.

გერმანული ენის უფასო კურსი

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს მიღებას გერმანული ენის უფასო კურსზე.

გერმანული ენის უფასო კურსი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გლობალური პროგრამის „მიგრაცია და დიასპორის“ მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტი კურსში მონაწილე საზოგადოებას ცოდნის გაზიარებისა და გაღრმავების მიზნით შეასწავლის გერმანულ ენას, გააცნობს გერმანულ კულტურას და მიაწვდის ინფორმაციას გერმანიაში არსებული სასწავლო პროგრამების, სტიპენდიებისა და პირობების შესახებ.

კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
კურსის მონაწილეები უზრუნველყოფილ იქნებიან სასწავლო მასალით.

კურსზე სწავლება დაიწყება 10 აგვისტოს.
ხანგრძლივობა - 1 თვე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 24 ივლისი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  გაიარე რეგისტრაცია

აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე „USAID Zrda“-სპროექტის ხელმძღვანელ ქეთი ჭუმბურიძეს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე „USAID Zrda“-ს პროექტის ხელმძღვანელ ქეთი ჭუმბურიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე სამინისტროსა და „USAID Zrda“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ივანე დოლიძემ და „USAID Zrda“-ს პროექტის ხელმძღვანელმა ქეთი ჭუმბურიძემ მოწერეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმები და პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, „USAID/Zrda“-ს მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, ფახულანსა და ფოცხოეწერში მცხოვრები 5 დევნილი ფერმერისთვის სასათბურე მეურნეობა მოეწყობა. 

შეხვედრაზე „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს აფხაზურ ენაზე ლურჯი მოცვის სახელმძღვანელოები გადასცა.

 

ანზორ მარგიანმა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ტატუნაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე და აფხაზეთის ომის მონაწილეები.

1993 წლის 2 ივლისს 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი რატიანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“ დამფუძნებლის გიორგი რატიანის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე უძღვებოდა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ იუბილარს სამინისტროს სიგელი გადასცა ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა გიორგი რატიანს საგანგებოდ მისთვის დაწესებული რეჟისორ ანტონ თავზარაშვილის სახელობის პრემია მიანიჭეს; იუბილარს ხონის ამაგდარის წოდება და ფულადი ჯილდო გადასცეს ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.
 
მსახიობს იუბილე მიულოცეს და მის შემოქმედებასა და საქმიანობაზე ისაუბრეს მსახიობებმა: ნუგზარ ყურაშვილმა, გიორგი გასვიანმა, თეა დარჩიამ,; ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ და სხვ.
გიორგი რატიანმა მისივე თეატრის აღზრდილ, მსახიობ გიორგი გასვიანთან ერთად წარმოადგინა ფარსმან სპარსის როლის ფრაგმენტი კომსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ ინსცენირებიდან, ასევე წაიკითხა ლექსები.
 
ბოლოს თეატრის „თეთრი ტალღის“ ძველი და ახალი თაობის აღზრდილებმა და აღსაზრდელებმა იუბილარს ყვავილები მიართვეს და გაწეული წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს.
ანზორ მარგიანმა და ლევან თევზაიამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს სასურსათო დახმარება გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფის) აფხაზეთის ომის ვეტერანებს სასურსათო პროდუქტები გადასცა.

ღონისძიებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე მონაწილეობდნენ.

სასურსათო დახმარება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ 27 მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფის) ომის ვეტერანს გადაეცემა.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა ზაზა გახელიძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და სოფელ აიბღას ნაწილის უკანონოდ მიერთება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა.

მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე. საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა მოსკოვის პროვოკაციული ნაბიჯები საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების სეგმენტის ცალმხრივად დადგენის მიმართულებით და  გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარისათვის მიერთება, რაც ანექსიის უკანონო პროცესად შეფასდა. ქართველმა მონაწილეებმა ამ კონტექსტში დააყენეს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ გაფორმებული „პროგრამის“ ფარგლებში აფხაზეთის რეგიონის რუსეთში ინტეგრაციის მიმართულებით გააქტიურებული მუშაობა, აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვა. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული მცდელობები ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მიმართულებით უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან იგი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია, როგორც სამართლებრივი ფაქტი, და რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ღიად საუბრობს რუსეთის პასუხისმგებლობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფის კუთხით და  ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას.  

ქართველმა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების გახშირებულ პროვოკაციებზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევებზე. მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ზაზა გახელაძისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლების თემას. ხაზი გაესვა საკითხის ჰუმანტიარულ ჭრილში უპირობო და დროული გადაწყვეტის აუცილებლობას.

აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის რეგულარულ დარღვევებზე. აღინიშნა, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის  ფართო ესკალაციის მიმართულებით. 

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ რთულ ვითარებას. აღინიშნა საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შედეგად გამოწვეული ფატალური შემთხვევები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში მდინარე ენგურში ოთხი მოქალაქის დახრჩობისა და კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის ხევში გადაჩეხვის ჰუმანიტარულ ტრაგედიაზე და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები უკანონო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით შემოვლითი გზებით ცდილობდნენ საოკუპაციო ხაზზე გადმოსვლას. 

საქართველოს დელეგაციამ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხი და ყურადღება გაამახვილა ახალგორისა და გალის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების რთულ მდგომარეობაზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უზრუნველყოფისა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობაზე. აღინიშნა ასევე სამედიცინო ევაკუაციის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც ისაუბრეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის - თამარ მეარაყიშვილის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რომელსაც წლების განმავლობაში არ ეძლევა საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების შესაძლებლობა.

საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი და აღინიშნა, რომ დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას.

ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილეს მათი მიზანმიმართული დაზიანებისა და განადგურების შემთხვევებზე, რაც რუსიფიკაციის პროცესის ნაწილად და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართული კვალის წაშლის მცდელობად შეფასდა.  

მოლაპარაკებების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის ისევე, როგორც ადგილზე საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომის საჭიროებაზე. 

აღინიშნა, რომ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანების მიმართულებით ზრდის კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების საჭიროებაზე და ხაზი გაესვა 2018 წელს შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობას.

ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა საუბარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გააქტიურებისა და  გენდერული პერსპექტივის მეტად გათვალისწინების აუცილებლობაზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარადგინა ერგნეთის IPRM-ის 2016-2020 წლების გენდერული ანალიზი. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღინიშნეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალი მონაწილეების ქმედითი ჩართულობის გაზრდის ისევე, როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და დევნილ ქალთა საჭიროებებზე სათანადო რეაგირების მნიშვნელობა.

მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა დღის წესრიგის მთავარი საკითხები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციით მოსკოვი განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება. ქართველი მონაწილეების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ ფონზე, საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებით.

მოლაპარაკებების ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მიუხედავად საქართველოს დელეგაციის მცდელობისა, რომ აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხი კონსტრუქციულად განხილულიყო, რუსეთის ფედერაციამ და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ისევ სცადეს საკითხის პოლიტიზირება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავ დატოვეს მოლაპარაკებები. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინა დღეს, თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან გამართული ორმხრივი კონსულტაციების პარალელურად, ჩატარდა საინფორმაციო სესია „უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი / ადამიანური განზომილების“ შესახებ, რომელიც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექსტრს და მათ ურთიერთმიმართებას დაეთმო.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 12-13 ოქტომბერს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.