მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ეკა ხოფერია თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაციას  დაესწრო

„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას „თბილისობა“ მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გივიაშვილმა.

„აფხაზურ ეზოში“ წარმოდგენილი იყო პერფორმანსი - აფხაზური ყოფა-ცხოვრების, ოჯახური რიტუალებისა და სუფრის ტრადიციების ელემენტებით; გამოფენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსი, აფხაზეთის მეწარმეთა პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და ქსოვილები. მოეწყო მასტერკლასები კალიგრაფიაში.

პრეზენტაციის მსვლელობისას სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ და გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულეს.

ბოლოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ეთნოგრაფიული მუზეუმის სცენაზე პირველად წარსდგა მაყურებელთა წინაშე. აქვე მათ აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის, „სუხიშვილების“ ანსამბლის სოლისტის კანდიდ თარბას სახელი მიენიჭა.