გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას საცხოვრებელი სახლის (მეტეხის ქ. 16) ფასადზე, ქ. თბილისის საკრებულოს ინიციატივითა და ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალზე გენო კალანდიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, მსახიობმა გივი სიხარულიძემ და სხვა გამომსვლელებმა.
შემდეგ დ. ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართა გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო. გენო კალანდია, როგორც გამორჩეული ხმის პოეტი და ქარიზმატული პიროვნება გაიხსენეს: საღამოს წამყვანმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, პუბლიცისტმა იოსებ ჭუმბურიძემ, პარლამენტარმა ვლადიმერ კახაძემ, გენო კალანდიას მეგობრებმა - ბაკურ გულუამ და ოთარ ჭითანავამ.
საღამოს მსვლელობისას პოეტ გენო კალანდიას ლექსები წაიკითხეს სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღას“ მსახიობებმა: მაკო კობახიძემ და კახაბერ ჭოლაძემ, მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.
ეკრანზე ნაჩვენები იყო გენო კალანდიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეოკოლაჟი.
მემორიალური დაფის გახსნას და შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, გენო კალანდიას ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი პოეზიის თაყვანისმცემლები.